შემდეგ “კოკა-კოლა ბოთლერს ჟორჯია” ფეხბურთის ფედერაციის სპონსორიც გახდა, მაგრამ მერე კომპანიის პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ ფეხბურთზე ხელი ჩაიქნია, თუმცა ფეხბურთისკენ კვლავ გამოიხედა და ისევ ბავშვების ტურნირს, “სკოლბურთს” უსპონსორებს.
ცხადია,
- ეროვნული ნაკრების სპონსორობას არ აპირებთ?
- ჯერჯერობით თავს ვიკავებთ და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა გვიჯობს. ფეხბურთის მიმართ ინტერესი ისევ გაგვიჩნდა და ჩამოვყალიბდებით. “სკოლბურთთან” ჩვენი პარტნიორობა უვადო იქნება, ტურნირის ორგანიზებისთვის კი კომპანიის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოვყავით.
- ფეხბურთი ბიზნესისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში მომგებიანია, საქართველოში კი ჯერაც წამგებიანია. საინტერესოა ბიზნესმენის აზრი - რატომ არის ასე?
- ფეხბურთი მართლაც ბევრგან არის მომგებიანი, მაგრამ არა ყველგან. მაგალითად, როდესაც თურქეთში ფეხბურთის განვითარება დაიწყეს, მაშინ წამგებიანი იყო, ტრანსფერებში დღევანდელივით მილიონებს არ იხდიდნენ, არც სატელევიზიო კონტრაქტებისთვის იმეტებდნენ. მაგრამ საამისოდ საფუძველი ჩაყარეს, შემქნეს ინფრასტრუქტურა და შედეგად მიიღეს უძლიერესი ლიგა. ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ და მერე ბიზნესი ფეხბურთში სიამოვნებით მივა.
- თქვენი აზრით, ქართული ფეხბურთი კომერციალიზაციის გზას მაინც თუ ადგას?
- როგორ არა, მაგრამ ჯერ ფეხბურთის განვითარების საწყის ეტაპზე ვართ. ასეა ყველა სფეროში, სპორტშიც, წარმოებაშიც, მენტალიტეტშიც.
- პრესკონფერენციაზე თქვით, რომ ნაკრებს არ უსპონსორებთ. უცნაური პირდაპირობაა და იქნებ, მიზეზი გვითხარით?
- რატომ გვენატრება 1981 წლის 13 მაისის წარმატება, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნაკრების გასვლა? იმიტომ, რომ ქართველებს ფეხბურთში დიდი ამბიცია გვაქვს, გვახსოვს უდიდესი ვარსკვლავები, მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ჩივაძე, ყიფიანი, დარასელია, გუცაევი, შენგელია და კიდევ ბევრი სხვა. ეს ამბიცია მეც არ მინელდება და ისეთივე ოსტატების და ძლიერი გუნდის ხილვა მინდა. ამიტომ დავიწყებთ ბავშვთა ფეხბურთით და როდესაც მათ ნაკრებამდე მივიყვანთ, მერე ვნახოთ.
- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, “კოკა-კოლას” ეროვნული ჩემიონატის სპონსორობის სურვილიც არ ექნება.
- ეროვნული ჩემპიონატიც რთული თემაა, ლიგის სპონსორები კი ვიყავით, მაგრამ ურთიერთობა ვერ განვითარდა. თუმცა თბილისის “დინამოში” დაწყებულმა პროცესებმა დიდი იმედი გამიჩინა.
“დინამოს” გაძლიერება მთლიანად ქართულ ფეხბურთს წაადგება და მის აღორძინებას შეუწყობს ხელს. უნდა გაჩნდეს პრეცედენტი, რომ კლუბი გაძლიერდა და ბიზნესი ეროვნული ჩემპიონატისკენაც შემოტრიალდება.
- რას გულისხმობთ, “დინამო” ბიზნესმენმა რომ იყიდა და ერთმანეთს უფრო გაუგებთ?
- ამასაც ვგულისხმობ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიონლთან რომ დაიჭერ საქმეს. ასეა ნებისმიერ სფეროში, თუ პროფესიონალი არაა, მასთან ურთიერთობაც შეუძლებელია. “დინამოში” კი საქმის მცოდნე ხალხი გამოჩნდა, რომლებთან პარტნიორობა ბიზნესსაც გაუადვილდება და ფეხბურთის სამყაროსაც.
.