კოლხურ-სამტრედიული სატირალი

AutoSharing Option
პირველი დამატებული წუთი იყო, როცა "კოლხეთს" მეტად სახიფათო კონტშეტევისას საფინალო სასტვენმა მოუსწრო. არადა, ალექსანდრე კრიჭაშვილმა შეხვედრას 2 წუთი დაამატა და კოლხები მსაჯის გადაწყვეტილებამ ერთობ აღაშფოთა. ალბათ, სამართლიანადაც, რადგან მას შემდეგ, რაც მეოთხე მსაჯმა მატჩისთვის დამატებული დრო აჩვენა, 2 წუთი გასული ნამდვილად არ იყო. როგორც ჩანს, მსაჯმა "თავი დაიზღვია", თორემ სხვა მხრივ კრიჭაშვილმა და კომპანიამ მეტად პრინციპული და დაძაბული შეხვედრა, ფაქტობრივად, უშეცდომოდ განსაჯეს.

მატჩის ბოლო გუნდებმა ორმხრივ შეტევებში გაატარეს და თუ მანამდე ორივე გუნდი დაცვაზეც ფიქრობდა, ბოლოს სტუმარ-მასპინძელმა 3 ქულისთვის გაიბრძოლა.
შედარებით ფრთხილი მაინც "კოლხეთი" იყო, თუმცა ბოლოსაც და მანამდეც გატანის უკეთესი შესაძლებლობები სწორედ ფოთელებს მიეცათ. სანამ კოლხთა შეტევას საფინალო სასტვენი ჩაშლიდა, მანამდე წუთებით ადრე ჯერ მეკარე ჯინჭარაძემ მოიგერია საკუთარი მცველისგან რიკოშეტით ლამის "ცხრიანისკენ" წასული ბურთი, ხოლო შემდეგ მარჯვნიდან მწვავე შეტევის დროს ჩაკიდებული ბურთი მცველებისა და ფორვარდების "ერთობლივი" დარტყმის შემდეგ სამტრედიელთა ხარიხას მოხვდა.

რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილები არც მასპინძლები ყოფილან. მეტიც, ისინი სტუმრებზე მეტ დროს ატარებდნენ შეტევაში და მწვავედაც აკეთებდნენ ამას, თუმცა ბოლო მომენტში აშკარად სცოდავდნენ - ან შორიდან ურტყამდნენ, ანაც, უმეტესად, საჯარიმოში აწვდიდნენ და ბურთი ლაშა ძაგანიას იოლი ნადავლი ხდებოდა.

რაც შეეხება პირველ ტაიმს, ორიოდე რეალური ხიფათი შეიქმნა, რომელთაგან გამოვყოფთ გავაშელიშვილის ორ დატყმულს (ერთი ასცდა კარს, მეორე ძელს მოხვდა) და მიქაბერიძის შორეულ გასროლას, რომელიც კოლხთა მეკარის საიმედო თამაშმა შეაჩერა.

ნამატჩევს ორივე გუნდი შედეგით უკმაყოფილო იყო. უშუალო კონკურენტების შეხვედრას ხომ ორივე მათგანისთვის, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ამან შეხვედრას თავისი დაღიც დაასვა - გუნდები თამამად ვერ უტევდნენ. მობურთალებს ხელი მინდვრის საფარმაც შეუშალა. ნამატჩევს მატჩის დირექტორმა ლევან ნოდიამ აღნიშნა კიდეც - ასეთ მინდორზე არ ითამაშებაო. მოპოვებული ქულით სტუმრებმა ცხრილში დაწინაურება მაინც მოახერხეს, თუმცა გოლგაუტანელი შეხვედრების სერია 9-მდე გაზარდეს. ამასთან, "სამტრედია" ერთადერთი გუნდია, რომელმაც "კოლხეთს" ამ სეზონში ერთხელაც ვერ მოუგო.

სოსო ფილია (კოლხეთი): "ყველაფერთან ერთად იღბალია საჭირო. რამდენი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. დღეს მახვილაძე გაგვიფრთხილეს და ახლა "სიონთან" მატჩის წინ მისი უთამაშებლობა დაგვემატა პრობლემად".

ლევან ანჯაფარიძე (სამტრედია): "ურთულესი მატჩი იყო. თუ პირველ ტაიმში თამაში თანაბარად მიმდინარეობდა და ხიფათი ორივე კართან იქმნებოდა, მეორე აშკარად ჩავაგდეთ. მეტოქეც კარგად თამაშობდა, განსაკუთრებით ბოლოსკენ გვაჯობეს. ორივეს მოგება გვინდოდა და მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. სამ მცველზეც გადავედით და შეტევა გავაძლიერეთ, მაგრამ არც ამან გვიშველა. დღევანდელი ვერმოგებით ისედაც რთული მდგომარეობა უფრო გავირთულედ".


06.04.11 სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 700 მაყურებელი
სამტრედია-კოლხეთი 0:0

სამტრედია კოლხეთი
4-4-1-1 4-4-1-1
ჯინჭარაძე ძაგანია
თ. შალიკაშვილი გავაშელიშვილი
ხუმარაშვილი ცხვიტარია
გოგია ინწკირველი
კირთაძე მახვილაძე
ცხადაია გოგონაია
ლომაშვილი დათუნაიშვილი
მიქაბერიძე გვალია
ბურჯანაძე სიჭინავა
ჩხიკვაძე მეგრელიშვილი
ალავერდაშვილი წიქარიშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
ლ. ანჯაფარიძე ს. ფილია

სამტრედია
58. ბურჯანაძე - ხვადაგიანი
68. კირთაძე - რუხაია
სათადარიგოები: ბანძავა, ენდელაძე, დვალიშვილი, ახობაძე, სუთიძე

კოლხეთი
27. პ. დათუნაიშვილი - გულუა
46. წიქარიშვილი - ჯანაშია
77. გოგონაია - მდივნიშვილი
სათადარიგოები: ლობჟანიძე, გელაჭეიშვილი, მოისწრაფიშვილი, კვერენჩხილაძე

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი (თბილისი)
გაფრთხილება: კირთაძე (27), მახვილაძე (50), გოგონაია (71)


მამუკა ქანთარია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული