ქასრაშვილმა "სიონი" კომადან გამოიყვანა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონში" ხვიჩა ქასრაშვილის დაბრუნება წარმატებული გამოდგა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი გუნდი მესამე ტურია, არ დამარცხებულა და თანაც ბურთი არ გაუშვია. გუშინ კი "სიონმა" ზუგდიდის "ბაიასთან" პრინციპული შეხვედრა მოიგო.

ქასრაშვილი საკმაოდ ორიგინალურ სქემას იყენებს, დაცვაში ხუთ ფეხბურთელს აყენებს, სამს - ცენტრში, ორს - ფლანგზე, რომელთაც შეტევის დახმარება ევალებათ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო სანახავი იყო. ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა. თუმცა პირველი ტაიმი საგოლე ეპიზოდის სიუხვით არ გამოირჩეოდა. ყველაზე რეალური მომენტი ალექსანდრე გოგობერიშვილის შესრულებულ კუთხურს მოჰყვა, როდესაც "სიონის" მცველი დავით სვანიძე
კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

ქასრაშვილმა მეორე ტაიმში შეცვლები გამოიცნო: მოედანზე შესულმა კობა შალამბერიძემ და ირაკლი ჩირიკაშვილმა შეტევები გამოაცოცხლეს. შალამბერიძე უკვე მეორე მატჩია, ბოლნისელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მან "ბაიას" დაცვას თავსატეხი მარჯვენა ფლანგიდან გაუჩინა, ჩირიკაშვილმა - მარცხნიდან, გოგობერიშვილი კი მოედნის ცენტრში მოქმედებდა დამაჯერებლად.

შალამბერიძის გარღვევებს რამდენიმე საგოლე მომენტი მოჰყვა: პირველად "ბაიას" მცველი საჯარიმოს ხაზთან შეცდა, ჩაჭრა ბურთი და რეზო ჯიქიას მიუვიდა. ამ დროს ზუგდიდელთა დაცვა მოშიშვლებული იყო, მაგრამ თავდამსხმელმა ბურთი დაკარგა და შალამბერიძე დასარტყმელ პოზიციაზე ვერ გაიყვანა.

57-ე წუთზე "ბაიას" დაცვა კიდევ ერთხელ შეცდა და მეკარეთან პირისპირ ჩირიკაშვილი დარჩა, მაგრამ მცველებმა და სომხიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. სამ წუთში კი "ბაიას" საჯარიმოში შალამბერიძე წაიქცა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა.

თითქოს "სიონის" გოლი მწიფდებოდა, როდესაც შეტევით გართული მასპინძლები კინაღამ დაისაჯნენ: მცველს ბურთი თავზე გადაახტა და დათა რიგვავა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

"სიონი" ამ მცირე შოკმაც ვერ შეაჩერა და 72-ე წუთზე შეხვედრის ერთად-ერთი გოლი გაიტანა: საჯარიმოსთან ჯიქია-კობაურის სწრაფი კომბინაცია ჩირიკაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა - 1:0.

მატჩის მიწურულს გოგობერიშვილმა ორჯერ სცადა ჯარიმით უპირატესობის გაზრდა, მაგრამ სომხიშვილმა ორივე შემთხვევაში საიმედოდ ითამაშა.

"სიონმა" კი ზედიზედ მესამე წარმატებული მატჩით ლიგაში დარჩენის შანსი გაიზარდა.


06.04.2011. ბოლნისი. თ. სტეფანია. 600 მაყურებელი
სიონი-ბაია 1:0
1:0 ჩირიკაშვილი (72. ჯიქიას პასით).

სიონი ბაია
5-4-1 4-2-3-1
ზუხბაია სომხიშვილი
კობაური აფაქიძე
სვანიძე აქუბარდია
დიდავა რ. ონიანი
გ. ოქროპირიძე გამრეკლიძე
ადამაშვილი სიხარულია
რეხვიაშვილი ვართაგავა
ნოზაძე რიგვავა
გოგობერიშვილი ლომია
ქუცურუა წურწუმია
რ. ჯიქია ქობალია

მწვრთნელი: მწვრთნელი:
ხ. ქასრაშვილი ე. ქომეთიანი

სიონი
46. ქუცურუა - შალამბერიძე
55. რეხვიაშვილი - ჩირიკაშვილი
67. ადამაშვილი - თარგამაძე
სათადარიგოები: მიქავა, მელქაძე, ნ. კვასხვაძე.

ბაია
75. ლომია - ეხვაია
70. წურწუმია - გ. სამუშია
სათადარიგოები: მაქაცარია, სვირავა, ნ. შონია, ჩანგელია, ქირია.

გაფრთხილება: გამრეკლიძე (41), ჩირიკაშვილი (73), რ. ონიანი (84), ზუხბაია (88).
არბიტრი: ხ. გაგნიძე (გორი)
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქასრაშვილი ძალიან სერიოზული მწვრთნელია! სიონი რომ ჩემიონი გახდა ის გუნდიც ქასრაშვილის აწყობილი იყო, მერე ცხადაძე მოვიდა ნახევარი სეზონი და მაგას დაბრალდა სიონის ჩემპიონობა, არადა ნახევარი თამაშები ტრიბუნებზე გაატარა სუ იგინებოდა და ჩხუბობდა... ის საჩემპიონო გუნდი ქასრაშვილის აწყობილია და ეს სპეციალისტი კიდევ გამოავლენს თავის ნიჭს!
bb king
15:49 07-04-2011
0
ნამდვილად რა,სამჯერ მარტო რიგვავას უნდა გაეტანა.ამ სტატიის დამწერს კი ვურჩევ უკეთ ადევნოს თვალი ტამაშს!!!!
levani
14:47 07-04-2011
0

სიახლეები პოპულარული