განსაკუთრებული ტური

AutoSharing Option
ხვალ მართლაც განსაკუთრებული ტური გველოდება: ხუთიდან სამი ისეთი მატჩია, სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად დიდი მნიშვნელობა რომ უნდა მივანიჭოთ; აი, ერთმა შეხვედრამ კი, შესაძლოა, სულაც ჩემპიონობის ბედი გადაწყვიტოს!

რა თქმა უნდა, სეზონის ბოლომდე თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი და აქედან გამომდინარე, კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ "ზესტაფონისა" და "დინამოს" ხვალინდელ ურთიერთდაპირისპირებას რომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება, ვფიქრობ, სადავო არავისთვის უნდა იყოს.


კონკურენტების აჩრდილი
პირველი ჩემპიონატიდან მოყოლებული "დინამოს" დროდადრო გამოუჩნდებოდნენ ხოლმე კონკურენტები, მაგრამ 2000 წლამდე ჩემპიონობაში ვერავინ ეცილებოდა. მერე ქუთაისის "ტორპედოს" სამწლიანი ზეობის
პერიოდი დაიწყო, უფრო მოგვიანებით კი "დინამოს" ორი მეტად და მეტად პრინციპული მოწინააღმდეგე გამოუჩნდა - "ვიტ ჯორჯია" და "ზესტაფონი", ხოლო ბოლო წლებში ამათ რიცხვს "ოლიმპიც" დაემატა.

ჰო, "სიონიც" არ დაგვავიწყდეს, - 2006 წელს საჩემპიონო ტრიუმფით რომ გაახარა ბოლნისელები, მაგრამ იმის შემდეგ ბევრად მოკრძალებული მიზნები აქვს. "დინამო", "ოლიმპი", "ვიტ ჯორჯია", "ზესტაფონი" - აი, ამ ოთხ გუნდს შორის მიმდინარეობდა ხოლმე ძირითადად ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში საჩემპიონო რბოლა. თუმცა, ამათგან მხოლოდ და მხოლოდ "ზესტაფონი" იყო , სანუკვარ ჩემპიონობას რომ ვერ მიაღწია და ბევრის აზრით, ნავსი სწორედ ამ სეზონში უნდა გატეხილიყო. თავიდან, ყველაფერი მართლაც აქეთკენ მიდიოდა: "ზესტაფონმა" პირველი ეტაპი დამაჯერებლად ჩაატარა და "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა; მაგრამ, აი, დაიწყო გადამწყვეტი, მეორე ეტაპი და ჩემპიონატში მართლაც ყველაფრით გამორჩეულ გუნდს (საკლუბო ინფრასტრუქტურით, სტაბილური ფინანსური პირობებით, კვალიფიციური მწვრთნელით, სოლიდური შემადგენლობით), ვერ ვიტყვით რომ სერიოზული კრიზისი დაეწყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "ზესტაფონმა" პირველ ეტაპზე "აკრეფილი" ტემპი შეანელა და დღესდღეობით სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, ორი კონკურენტის "აჩრდილიც" თან სდევს.

რა თქმა უნდა, გრძელი სეზონის განმავლობაში ნებისმიერ გუნდს ყველა მატჩის მოგებას ვერავინ მოსთხოვს (ფეხბურთელების ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციებისგანაც დაზღვეული არავინ არის), მაგრამ ის, რაც მეორე ეტაპზე "ზესტაფონს" დაემართა, ბევრისთვის მართლაც მოულოდნელობა იყო: 19 თებერვლიდან დღემდე ჩატარებულ ათ შეხვედრაში გუნდმა 5 მატჩი დაასრულა ფრედ! თანაც, აქედან ორი ისეთ მეტოქეებთან, ამ სეზონში აშკარად განსხვავებული, უფრო ზუსტად, მოკრძალებული მიზნები რომ აქვთ. სხვათა შორის, პირველ ეტაპზე "ზესტაფონმა" 18 მატჩი ჩაატარა და აქედან მხოლოდ ერთადერთხელ ითამაშა ფრედ...


სხვადასხვა განწყობა
ტურის, თვის და, ლამის სეზონის ცენტრალურ მატჩს ხვალინდელი მეტოქეები აშკარად განსხვავებული განწყობით ხვდებიან: "ზესტაფონმა" ბოლო ხუთ შეხვედრაში შვიდი ქულა მოაგროვა (1 მოგება და 4 ფრე); აი, "დინამომ" კი აშკარად გამოასწორა თამაშის ხარისხი და ყოველივე ეს სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა: ბოლო ხუთ მატჩში კახა კაჭარავას გუნდმა 13 ქულა მოაგროვა (4 მოგება და 1 ფრე). ჰოდა, ამის გამოც არის, რომ "ზესტაფონსა" და "დინამოს" შორის შვიდქულიანი სხვაობაღა დარჩა. ერთი შეხედვით, შესაძლოა, კონკურენტებს შორის მეტ-ნაკლებად "მისაღებ" სხვაობად მივიჩნიოთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ "დინამოს" ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და იმ შეხვედრებში წარმატების შემთხვევაში სხვაობა უკვე ერთ ქულამდე დავა!

დღევანდელ სატურნირო მდგომარეობას თავი რომ დავანებოთ, "ზესტაფონისა" და "დინამოს" თითქმის ყველა დაპირისპირება მუდამ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, უპირატესობა "დინამოს" მხარეს არის: 11 მოგება, 4 ფრე და 5 წაგება (ბურთების სხვაობა (25-11). ისიც აღსანიშნავია, რომ "ზესტაფონი" მეშვიდე ცდაზე შეეცდება თავისი უპრინიციპულესი მეტოქის დამარცხებას - ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებებიდან ხუთი დინამოელებმა მოიგეს და ერთიც ფრედ დამთავრდა. ზემოთ კახა კაჭარავა ვახსენეთ და ამ სპეციალისტის "მონაგარზეც" აუცილებლად უნდა ვთქვათ: მისგან დამოძღვრილი "დინამო" ბოლო ორ წელიწადში რვაჯერ შეხვდა "ზესტაფონს" და მართლაც ჩინებული შედეგით მოიწონებს თავს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ძლიერ და პრინციპულ მეტოქესთან რვა შეხვედრაში ექვსჯერ რომ მოიგებ, ერთ ფრეს ითამაშებ და მხოლოდ ერთხელ წააგებ, ვფიქრობ, მართლაც განსაკუთრებულ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

...ხვალინდელი მეტოქეების პირველი წრის მატჩი ისეთი შინაარსის გამოდგა, როგორც მოველოდით: დინამოელი მათე ვაწაძის გოლს "ზესტაფონის" მარჯვენა მცველმა კახა ალადაშვილმა ზუსტი დარტყმით უპასუხა. და აი, მაშინ, ყველას რომ ეგონა მატჩი საყაიმო ანგარიშით დამთავრდებაო, "დინამოს" ნახევარმცველმა ნიკა ფირცხალავამ თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. თუმცა, ამ შეხვედრას სხვა არანაკლები დრამატული მომენტებიც ახლდა: "ზესტაფონმა" მატჩი 9 კაცით ჩაამთავრა (გიორგი ხიდეშელი და მამუკა კობახიძე მოედნიდან გააძევეს)...

მეორე წრის მატჩიც "დინამოს" გამარჯვებით დამთავრდა: 23 ოქტომბერს ზესტაფონში ჩატარებულ იმ შეხვედრაში შეხვედრის ბედი სტუმართა კაპიტნის, ალექსანდრე კოშკაძის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა. აი, რაც შეეხება ამ სეზონში ხვალინდელი მეტოქეების მესამე დაპირისპირებას, ამა წლის 19 თებერვალს თბილისში რომ ჩატარდა, ამ მატჩზე სათქმელი ბევრი არც არაფერია - შეხვედრა ნულოვანი ფრეთი დამთავრდა. სხვათა შორის, "ზესტაფონისა" და "დინამოს" შვიდწლიან ურთიერთდაპირისპირებაში მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა პრინციპულ მეტოქეთა მატჩი 0:0 დასრულდა.

...მოიგებს "ზესტაფონი" და თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტებს მართლაც გვარიანად ჩამოიტოვებს; ფრედ მორჩება შეხვედრა და ამ შემთხვევაში, შესაძლოა, "ოლიმპმა" იხეიროს (არანაკლებ რთული მატჩი რომ ელოდება ქუთაისში, ადგილობრივ "ტორპედოსთან); აი, "დინამოს" გამარჯვების შემთხვევაში კი ჩემპიონატში ისედაც არსებული ინტრიგა კიდევ უფრო გამძაფრდება.

დაბოლოს, იმასაც ვიტყვით, რომ მასპინძლებიც და სტუმრებიც სერიოზული დანაკლისით ხვდებიან ტურის ამ ცენტრალურ შეხვედრას: ბუბა დაუშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი (ორივე "ზესტაფონი") დისკვალიფიცირებულნი არიან, პეტარ ელიჩი ("დინამო") კი ტრავმირებულია. ამ უკანასკნელს "არაფერს ვერჩით", მაგრამ, ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ დაუშვილისა და გელაშვილის არყოფნა "ზესტაფონისთვის" უფრო სერიოზული პრობლემა იქნება...


P.S. არ დაგავიწყდეთ: "ზესტაფონისა" და "დინამოს" მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კვირას, 10 აპრილს, 18 საათზე საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი შემოგვთავაზებს!







.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ოპერატიულად აშუქებთ ეროვნულ ჩემპიონატს :)) მარტო სპორსტმენებს,მინდვრებს და ა.შ. რომ ადარებთ უცხოურ დონეს,ჟურნალისტიკაც ხომ არ მოიკოჭლებს ცოტა?თქვენ ყველაზე დიდი წვლილის შეტანა შეგიძლიათ პოპულარიზაციაში,მაგრამ...
0

სიახლეები პოპულარული