აფაქიძის სამქულიანი

AutoSharing Option
ვეტერინარებთან შეხვედრა მასპინძელებმა საბრძოლო შემართებით დაიწყეს და პირველივე წუთებიდან ორჯერ ზედიზედ იერიში მიიტანეს მეტოქის კართან და ტრიბუნებშიც გამოცოცხლება შეიტანეს, თუმცა საპასუხო კონტრშეტევისას საკუთარი კარის სიახლოვეს სახიფათო ჯარიმაც გამოიმუშავეს. ჯანელიძის დარტყმა კი არაზუსტი გამოდგა, რის შემდეგაც მოედანზე ბურთი სომხიშვილმა დააბრუნა. ერთ წუთში ზუგდიდელები ისევ ინიციატივას დაეუფლნენ და ლომიას მაღალი გადაცემა, კარგად სიხარულიამ დაამუშავა, თუმცა მის დარტყმას შედეგი არ მოჰყოლია.

აქტიურობას ისევ მასპინძლები აგრძელებდნენ და "ბაიას" კაპიტანმა, როინ ონიანმა ორჯერ გაისროლა კარისკენ, თუმცა მიქაბერიძეც უშეცდომოდ გაისარჯა. ამის შემდეგ დაახლოებით 15 წუთი გუნდებმა
პოზიციურ ორთაბრძოლებს მოანდომეს და იქმნებოდა იმის შთაბეჭდილება, რომ თითქოს ორივე გუნდი პირველ ნახევრის ყაიმით დასრულებას შეგუებული იყვნენ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოსკენ გუნდებმა ტემპის დაგდების ნაცვლად რამდენიმე ისეთი სახიფათო მომენტი გაცვალეს - თამაშს აზარტი შესძინეს.

"ბაიას" ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში ბურთი კარგად გაათამაშეს და ქობალია ვეტერინართა კარის დარაჯთან პირისპირ გაიყვანეს, თუმცა მიქაბერიძემ ზუგდიდელთა ფორვარდს დაასწრო და ვარდნაში ბურთი მოიგერია. თვითონ სველ მინდორზე კი ისე გასრიალდა, რომ ბურთიანად საჯარიმო ხაზს მიღმა აღმოჩნდა და ბურთის აუტზე გადაგდება მოუწია. ამ ეპიზოდს კი ცოტა ხმაურიც მოჰყვა - ბაიას ფეხბურთელები ჯარიმას ითხოვდნენ და არბიტრმა გვერდითი ხაზიდან თამაშის განახლება მიუთითა, თუმცა მალევე დაშოშმინდნენ. ცოტა ხანში სტუმრებმა ჩიმაკაძე გაიყვანეს კარგ პოზიციაზე და ამ ფეხბურთელის სწრაფი დრიბლინგიც ვიხილეთ, მაგრამ ეპიზოდის დაბოლოება მასაც არაზუსტი გამოუვიდა. ზუსტად ერთ წუთში ჩიმაკაძემ მასპინძელთა კარის აღება თავური დარტყმით სცადა - სომხიშვილი ბურთს ადგილზე დახვდა.

მეორე ნახევარიც მასპინძელთა შეტევებით განახლდა და უკვე ქობალია მოექცა სამჯერ ყურადღების ცენტრში, თუმცა მისი აქტიური გაბრძოლება შედეგზე არ ასახულა. რამდენიმე წუთში "ბაია" კინაღამ გოლს გამორჩა, ლომიამ მეტოქის კარის მიმართულებით მაღალი გადაცემა გააკეთა, მაგრამ ბურთმა ტრაექტორია შეიცვალა და კარისკენ ისე წავიდა, რომ მიქაბერიძისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა და მან წამებში მოასწრო ბურთის კუთხურზე გადაგდება. ამასობაში სტუმრებიც ახმიანდნენ და კორიფაძე გააქტიურდა, ორი ფეხბურთელი კარგად ჩამოიტოვა, თუმცა დარტყმა დააგვიანა და კარგი ეპიზოდიც გაუცუდდა. თანდათან მასპინძლებმა უფრო უმატეს მეტოქის ნახევარზე თამაშის გადატანას და რამდენიმე ეპიზოდში, მცველებიც შეტევაში ჩაერთვნენ, რასაც გოლიც მოჰყვა. ლომიას მიერ მოწოდებულ კუთხურს პირველი აფაქიძე გამოეხმაურა და 73-ე წუთზე, თავური დარტყმით მიქაბერიძეს საკმაოდ ლამაზი გოლი გაუტანა.

გოლის შემდეგ მასპინძლებს მეტი მოტივაცია მიეცათ და კვლავ ქობალია დაიძრა კარისკენ, ორ მცველს გასცდა და შეცვლაზე შემოსულ ეხვაიას კარგი გადაცემა გაუკეთა, თუმცა ამ უკანასკნელის ძლიერი დარტყმა მიქაბერიძემ ნახტომში მოიგერია. დრო ჯერ კიდევ დარჩენილი იყო, როცა ვეტერინარებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და ერთიანად შეუტიეს მეტოქეს. ამ ეპიზოდში ჩიმაკაძე კარგად გაეხსნა პარტნიორს, თუმცა მისი მისამართით გაკეთებული გადაცემა ოდნავ ძლიერი გამოდგა და ვიტელთა შემტევიც ბურთს ვერ მისწვდა. მატჩი კი მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით და სასურველი შედეგით დაასრულეს.

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "ისეთ გუნდთან როგორიც ვიტ-ჯორჯიაა, არ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო ჩემი ფეხბურთელების თამაშით, მითუმეტეს მოგების შემდეგ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოგებით ერთგვარი გარანტიაც კი ავიღეთ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს და გარჯისთვის, მადლობა ჩემს ფეხბურთელებს".

მერაბ კოჭლაშვილი (ვიტ-ჯორჯია): "თანაბარი ორთაბრძოლა გვანახა ამ ორმა ახალგაზრდულმა გუნდმა. Fფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა ჩემის აზრით, მაგრამ ერთმა ბურთმა გადაწყვიტა ყველაფერი. მანამდე კი სამი ფეხბურთელი ერთის წინააღმდეგ ვიყავით შეტევაში და ასეთი რეალური მომენტი ვერ გამოვიყენეთ. Mმიუხედავად წაგებისა თამაშით უკმაყოფილო არა ვარ".


10.04.11 ზუგდიდი, ცენტრალური სტადიონი, 450 მაყურებელი
ბაია-ვიტ ჯორჯია 1:0
გოლი: აფაქიძე (73)

ბაია ვიტ-ჯორჯია
4-2-3-1 4-2-3-1

სომხიშვილი მიქაბერიძე
აფაქიძე ბეჭვაია
აქუბარდია ადამაძე
გამრეკლიძე კასრაძე
ონიანი ჭანკვეტაძე
ვართაგავა გურეშიძე
სიხარულია მაისაშვილი
რიგვავა კორიფაძე
ლომია ჯანელიძე
წურწუმია ღანიაშვილი
ქობალია ჩიმაკაძე

მთ: მწვრთნელი მთ: მწვრთნელი
ელგუჯა ქომეთიანი მერაბ კოჭლაშვილი

ბაია
66. ლომია - ეხვაია
81. წურწუმია - სამუშია
90. რიგვავა - ნ.შონია

სათადარიგოები: მაქაცარია, სვირავა, ჩანგელია, ქირია

ვიტ ჯორჯია
75. ღანიაშვილი - როსტიაშვილი
80. ჯანელიძე - ზაქრაძე

სათადარიგოები: ძაძამია, გოგიაშვილი, დვალაშვილი, გაბრიჭიძე, ლობჟანიძე
გაფრთხილება: ჭანკვეტაძე (30), ბეჭვაია (56)
გაძევება:
არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი


ლაშა გოგილავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული