"ზესტაფონის" საჩემპიონო განაცხადი

AutoSharing Option
ერთი შეხედვით, მართლაც უცნაურია: გასული ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში არც ერთი გადაადგილება არ მომხდარა, მაგრამ ჩემპიონატი კიდევ უფრო დაიძაბა! ჰოდა, ინტრიგამაც მოიმატა და ფინიშამდე 7 ტურით ადრე გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. თუმცა, ჯერ სადა ვართ: წინ კიდევ ორი ისეთი ტური გველოდება, ინტრიგისა თუ "დაძაბულობის ხარისხის" მომატება მერე ნახეთ...


რევანში, სიცარიელე და შერიგება
2009 წლის 29 აგვისტოს "ზესტაფონმა" პირველად შეძლო თბილისის "დინამოს" დიდი ანგარიშით დამარცხება (4:1). არადა, მანამდე იმერულ კლუბს ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდისთვის ორბურთიანი სხვაობითაც არ მოეგო, მაგრამ აი,
იმ შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ "ზესტაფონი" ვერაფერს უხერხებდა თავის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს. თავად განსაჯეთ: 2009 წლის 29 აგვისტოს შემდეგ ჩატარებულ ექვს შეხვედრაში "დინამომ" ხუთჯერ მოიგო, ერთი მატჩი კი ფრედ დამთავრდა.

და აი, ნანატრი რევანშის დღეც დადგა: ტურის კი არა, სეზონის დასკვნითი წრის ცენტრალურ მატჩში "ზესტაფონმა" სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან და საჩემპიონო ტრიუმფისკენ უდიდესი ნაბიჯიც გადადგა. XXX ტურის ცენტრალური შეხვედრა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით გადაიცემოდა და ამ მატჩის დეტალურ მიმოხილვას დაწვრილებით აღარ შევუდგებით; უბრალოდ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ კვირა საღამოს ზესტაფონის სტადიონზე მართლაც ჩინებული საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა: მოედნის შესანიშნავი საფარი, საქართველოს ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდის პაექრობა, მეტოქე მწვრთნელთა ტაქტიკური "დუელი" და უამრავი საპატიო სტუმარიც!

განსაკუთრებით თვალშისაცემი კი ორი რამ იყო: ასეთი მნიშვნელობის მატჩზე ტრიბუნები ბოლომდე რომ არ შეივსო, რა თქმა უნდა, დადებით ემოციებს ვერ აღძრავდა, სამაგიეროდ, ყველას კარგად ენიშნებოდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავასა და "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას გვერდი-გვერდ ჯდომა...


მწვრთნელის რისკი დ ახალგაზრდული ჟინი
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას თვალი ვინც მიადევნა, ყველა დაგვეთანხმება, რომ მასპინძლების გამარჯვება კანონზომიერი იყო. ალბათ, ისიც ლოგიკური იყო, "ზესტაფონმა" გამარჯვების (იქნებ, ჩემპიონობისაც?) მომტანი ერთადერთი გოლი მატჩის ბოლო წუთზე რომ გაიტანა - გია გეგუჩაძის გუნდმა შეხვედრის მიწურულს ძლიერ და პრინციპულ მეტოქეს შტურმი მოუწყო და ასეთი აგრესიული და შეტევაზე ორიენტირებული თამაში დაუფასდა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ვიდრე იმ ერთადერთ გოლს ვიხილავდით, მეტოქის კარის ძელს გაარტყა ბურთი თორნიკე გორგიაშვილმა (ამ 21 წლის ნახევარმცველმა მთელი შეხვედრა ჩინებულად ჩაატარა), მერე შეცვლაზე შემოსულ გიორგი ჭანკოტაძესაც შეეძლო თავის გამოჩენა. თუმცა, ეს უკანასკნელი მატჩის ბოლოს მაინც საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოხვდა: ასევე შეცვლაზე შემოსული საბა ლომიას ზუსტი პასის მერე გიორგი ჭანკოტაძემ ძლიერი დარტყმით საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი ლორიას შანსი არ დაუტოვა!

...მატჩის დამთავრებამდე 25 წუთი რჩებოდა, "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ რატი წინამძღვრიშვილის ნაცვლად მოედანზე 20 წლის საბა ლომია რომ შემოიყვანა; ათიოდე წუთში კი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ჯაბა დვალიც (პირველ ტაიმში ზღაპრული პასით წინამძღვრიშვილი მეტოქის მეკარესთან პირისპირ რომ დატოვა) შეცვალა და 19 წლის გიორგი ჭანკოტაძე გამოიყვანა. ჰოდა, ასეთმა სარისკო ნაბიჯმა, ბევრი გააკვირვა (უპირველეს ყოვლისა, ალბათ, მეტოქეც), მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ შეცვლებმა შეიტანა გარდატეხა უპრინციპულეს მატჩში, სამი ან ექვსი კი არა, საჩემპიონო "ფასი" რომ ჰქონდა...


ფუფუნება თუ როტაცია?
ტურის ცენტრალურ მატჩში "დინამოს" ტრავმირებული ცენტრფორვარდი პეტარ ელიჩი აკლდა, თუმცა ეს რა მოსატანია მასპინძელთა დანაკლისთან; თავად განსაჯეთ: პრინციპული და უხერხული მეტოქის წინააღმდეგ სხვადასხვა მიზეზით "ზესტაფონს" ხომ ნიკოლოზ გელაშვილი, ბუბა დაუშვილი, გიორგი ხიდეშელი, ზურაბ მამალაძე, გოგა ფიფია აკლდა, კვლავაც არ დაადგა საშველი ზურაბ მენთეშაშვილის ტრანსფერს, "დინამოსთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ თორნიკე აფციაური, ალექსი ბენაშვილი, გიორგი ფოფხაძე და გორან გრუიცა!

როგორც ხედავთ, სოლიდურზე-სოლიდური დანაკლისია - ბოლოს და ბოლოს, ელემენტარული არითმეტიკა რომ მოვიშველიოთ, ათი ისეთი ფეხბურთელი არ ყოფილა, ძირითადში მოხვედრის პრეტენზია მუდამ რომ უნდა ჰქონდეს. არადა, ისიც ვაღიაროთ, რომ კვალიფიციური ფეხბურთელების ასეთი სიმრავლით ჩვენთან სხვა ვერც ერთი გუნდი ვერ დაიკვეხნის; საერთოდაც, ყოველივე ეს "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს ეფექტიანი როტაციის საშუალებას რომ აძლევს, ამას სატურნირო ცხრილიც ადასტურებს; თუმცა, მეორეს მხრივ, მსგავს ფაქტორს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი შეფასება შეიძლება მოვუძებნოთ - ფუფუნება!..


სამართლიანი ტორპედო
ტურის წინათქმაში "ზესტაფონის" ფრეების სინდრომზე ვსაუბრობდით; თუმცა, საყაიმო ანგარიშებისკენ მიდრეკილების მხრივ "რეკორდსმენი" ქუთაისის "ტორპედოა" - გია გიგატაძის გუნდს სეზონში 11 ფრე აქვს ნათამაშები. საერთოდაც, XXII ჩემპიონატში "ტორპედოს" ასპარეზობა აშკარად არაერთგვაროვნად უნდა შეფასდეს; რა თქმა უნდა, სეზონის შეჯამებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ ეს უდიდესი ტრადიციის მქონე გუნდი სატურნირო ცხრილში ბევრად უკეთეს ადგილს რომ იმსახურებს, ვფიქრობ, ამაში ბევრი არ შეგვეკამათება.

რაც მთავარია, "ტორპედო" არ ღალატობს ფეხბურთში ერთ-ერთ უმთავრეს კანონს - "სამართლიანი თამაშის პრინციპებს"! ერთი შეხედვით, ქუთათურებს ჩემპიონატში საფიქრალი არაფერი უნდა ჰქონდეთ: საპრიზო სამეულსაც გვარიანად ჩამორჩებიან და რეალურად თუ ვიმსჯელებთ, გავარდნის საფრთხეც არ ემუქრებათ. თუმცა, ამის მიუხედავად, "ფეირ-პლეის" პრინციპებს ბოლომდე იცავენ და ყველა ის შეხვედრა, მეტოქეთათვის უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა რომ ჰქონდა, ღირსეულად ჩაატარეს!

მაგალითები გნებავთ, სიამოვნებით ჩამოგითვლით: გადამწყვეტ, მეორე ეტაპზე სტუმრად "სამტრედიას" აჯობეს, მერე კი შინ "სიონს" მოუგეს; ამის მერე სტუმრად ფაქტობრივად, წაგებული მატჩი გადაარჩინეს, როცა "სპარტაკთან" 0:2-ის მერე შეხვედრა ფრედ დაამთავრეს. "ტორპედოს" ამ მეტოქეებს უმაღლეს ლიგაში დარჩენაზე ფიქრი უწევთ, აი, იმათ შემდეგ კი ქუთათურებს სამი ურთულესი მატჩი ჰქონდათ ჩემპიონობის კანდიდატებთან და არც ერთში შეირცხვინეს თავი: "დინამოსთან" და "ზესტაფონთან" ფრედ დაამთავრეს შეხვედრები, ხოლო "ოლიმპთან" გაიმარჯვეს!


გამორჩეული ფაქტები
გამორჩეულ ფაქტად უნდა მივიჩნიოთ ზემოთნახსენები გიორგი ჭანკოტაძის გამარჯვების მომტანი გოლი - "ზესტაფონის" 19 წლის შემტევმა ხომ უმაღლეს ლიგაში პირველად გამოიჩინა თავი.
ასეთივე წარმატებას მიაღწია "კოლხეთის" ახალწვეულმა, 21 წლის გიორგი გავაშელიშვილმა, რომელმაც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლით ფოთელებს ნანატრი გამარჯვება მოუტანა.

ამ ტურში სხვა ახალგაზრდებიც გამოირჩნენ: "ბაიას" 19 წლის მცველმა ნიკა აფაქიძემ ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა, ისე როგორც "ოლიმპის" ახალწვეულმა, 22 წლის ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ. თუმცა, მათზე უფროსებსაც ნუ დავუკარგავთ გარჯას: 27 წლის ლაშა ქებაძემ და 32 წლის მერაბ მეგრელაძემ თავიანთი ზუსტი დარტყმებით "ტორპედოს" გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანეს. სხვათა შორის, ქებაძემ ამ სეზონში უკვე მესამედ შეძლო "ოლიმპის" დამწუხრება: პირველ ეტაპზე როგორც "სამტრედიის" ფეხბურთელმაც გაიტანა გოლი ჩემპიონის კარში, მეორე ეტაპზე კი "ტორპედოს" მაისურით ჯერ რუსთავში იყოჩაღა, ახლა კი - ქუთაისში. მეგრელაძეზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ: ვეტერანმა ფორვარდმა პირველ ეტაპზე "ბაიას" მაისურით 6 გოლი გაიტანა (გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია), ახლა კი უკვე "ტორპედოს" საუკეთესო ბომბარდირია ასევე 6 გოლით. ცნობისათვის: ქებაძეც და მეგრელაძეც სხვადასხვა დროს "ოლიმპის" შემადგენლობაში თამაშობდნენ, ისე როგორც რუსთაველებთან მატჩში ქუთაისური გუნდის განაცხადში მყოფი კიდევ... 8 ფეხბურთელი: დაჩი ფოფხაძე, სევასტი თოდუა, თენგიზ ჩიკვილაძე, გიორგი სეთურიძე, ვახტანგ კვარაცხელია, გრიგოლ დოლიძე, რევაზ გოცირიძე, ნოდარ მაჭავარიანი...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული