კახა ცხადაძე თბილისის "დინამოში"? ჭორია!

AutoSharing Option
კახა ცხადაძე ბაქოს "ინტერის" ვებგვერდს ბაქოს "ნეფთისთან" ბოლო ტურში ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში მსაჯის ზღვარგადასულ არაობიექტურობაზე, წარუმატებლობის მიზეზებზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოედნებს შორის განსხვავებასა და სხვა საინტერესო თემებზე ელაპარაკა.

"ბოლო დროს ცუდი შედეგები გვაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უხარისხოდ ვთამაშობთ... ერთადერთი მსაჯობა მაღელვებს. ამის შესახებ "ნეფთჩისთან" მატჩის შემდეგ კლუბის მეპატრონეებს ველაპარაკე. საქმე მხოლოდ ჩვენს კარში უმიზეზოდ დანიშნულ თერთმეტმეტრიანში არ არის. მსაჯმა თამაშის საშუალება არ მოგვცა! მისი გაუთავებელი ჩაფსტვენები თამაშს ამუხრუჭებდა და ტემპს კლავ
და. ამით კი ისევ მაყურებელმა იზარალა, რომელიც ხარისხიან და საინტერესო შეხვედრას ელოდა.

მსაჯი აბსოლუტურად განუკითხავად იქცეოდა. მეორე ტაიმში მისი გადაწყვეტილებები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. სამწუხაროდ, ასეთ შეცდომებს პირველად არ ვაწყდებით. თუ ადამიანი საკუთარი შეცდომებისთვის პასუხს არ აგებს, ის შემდგომშიც იგივეს გაიმეორებს.

პრესკონფერენციაზე არმისვლით, მე მსაჯის მიმართ პროტესტი გამოვხატე და ამისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო "ნეფთჩის" მთავარ მწვრთნელ არიფ ასადოვსა და ყველა იმ ჟურნალისტს, ვისაც მატჩის შემდეგ ჩემი კომენტარის მოსმენა სურდა. პრესკონფერენციაზე მიუსვლელობა მათ მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება ნამდვილად არ ყოფილა. აზერბაიჯანში ორი დღე არ ვიყავი და მხოლოდ დღეს მომეცა ბოდიშის მოხდის საშუალება... მსურს შემთხვევით ვისარგებლო და "ნეფთჩის", ასადოვისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ პატივისცემა გამოვხატო.

...სეზონი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ დარჩენილ შეხვედრებში ვითარების გამოსწორებასა და სახელის შენარჩუნებას შევეცდებით. ამ კუთხით შემდეგი ტურის შეხვედრა ლენქორანის "ხაზართან" უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. იმედია, ამჯერად მაინც კარგად გვიმსაჯებენ."

ცხადაძე კვირას "ზესტაფონი"-"დინამოს" შეხვედრას დაესწრო და ზესტაფონის სტადიონზე დაგებული ბალახის საფარი ისე მოეწონა, აზერბაიჯანელებს მაგალითად დაუსახა.

"მსურს თემას დროებით მოვწყდე და მოედნების პრობლემაზეც ვილაპარაკო. უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ შეხვედრას დავესწარი. იმდენად კარგი იყო მოედანი, გუნდებს ხარისხიანი თამაშის ჩვენებაში დაეხმარა. ვისურვებდი, რომ აზერბაიჯანშიც ასეთი მოედნები იყოს, რადგან ეს ფეხბურთის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხებთ ევროთასებზე რაიმე წარმატებების მიღწევას. საფრის გაუმჯობესება ხომ უფრო სწრაფი ფეხბურთის ჩვენების საშუალებას მოგვცემს. სამწუხაროდ, უხარისხო და უსწორმასწორო მოედნების გამო, დღეს აზერბაიჯანში ასეთი თამაში სანატრელი გვაქვს."

სხვათა შორის, ბოლო დღეებში გავრცელდა ხმები, თითქოს თბილისის "დინამოს" ახალი ხელმძღვანელობა კახა ცხადაძის მთავარ მწვრთნელობას სთავაზობს. ამ ხმების აგორების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ "ზესტაფონთან" მატჩის შემდეგ ცხადაძე თბილისური გუნდის მმართველებთან ნახეს.

მარტივი მიზეზის გამო, კომენტარისთვის "დინამოს" თავკაცებთან და ცხადაძესთან დაკავშირება უადგილოდ ჩავთვალეთ - წლევანდელი სეზონის ჩაგდების მიუხედავად, ერთი კვირის წინ ქართველ სპეციალისტს ბაქოს "ინტერმა" ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული