გუშინაც მასპინძელთა დღე იყო: მხოლოდ მეორე ეტაპზე კი არა, საერთოდ ამ სეზონში "დინამო" ასეთი მოტივირებული არ გვინახავს და ქვეყნის ჩემპიონთან გამარჯვებაც აბსოლუტურ კანონზომიერებას
მშვენიერი ამინდი, ორივე გუნდის ფან-კლუბთა ომახიანი შეძახილები, დასავლეთ ტრიბუნებზე მყოფი 2000-მდე ქომაგი და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე არცთუ ურიგო ფეხბურთიც (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში), - აი, ასეთი იყო გუშინდელი საღამო, "დინამოს" კანონზომიერი გამარჯვებით რომ დამთავრდა...
შესანიშნავი სამეული და უშეცდომო ლორია
ორივე გუნდი ამ პრინციპულ დაპირისპირებას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა: სტუმრებს დისკვალიფიცირებული მარჯვენა მცველი გიორგი მურველაშვილი და საყრდენი ლუკა რაზმაძე აკლდათ (რომლებიც, შესაბამისად რევაზ ქემოკლიძემ და ვალიკო ტყემალაძემ შეცვალეს), სამაგიეროდ ძირითად შემადგენლობას დენის დობროვოლსკი და ირაკლი მოდებაძე დაუბრუნდათ.
წინა მატჩთან შედარებით უფრო მეტი ცვლილება იყო "დინამოშიც": ზურაბ არზიანი და გიორგი კახელიშვილი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდნენ, ხოლო სამირ ხაჯიბულიჩი და პეტარ ელიჩი ტრავმირებული არიან. აქედან გამომდინარე, მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას ძირითადი შემადგენლობის სერიოზული გადახალისება (განსაკუთრებით - შუა ხაზში) დასჭირდა: მოედნის ცენტრში ნიკა კვეკვესკირისა და ნიკა ფირცხალავას "დუეტი" გაამწესა, გამთამაშებლად ალექსანდრე კოშკაძე ("დინამოს" კაპიტანმა ამ სეზონში უკვე მერამდენე შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა), ხოლო ფლანგებზე მარჯვნიდან და მარცხნივ მეტოქის შევიწროება დონალდ ჯუისსა და რობერტინიოს ევალებოდათ.
სხვათა შორის, ამ ახალგაზრდა ლეგიონერებმა, ბოლოს და ბოლოს, ისეთი ფეხბურთი უჩვენეს, მათგან როგორც ელიან: ჯუისიც და რობერტინიოც, ვიდრე მოედანზე იყვნენ, პოზიციების ხშირი ცვლითა და გაუთავებელი რეიდებით მუდამ ხიფათს უქმნიდნენ თავიანთ მეურვეებს. აქედან გამომდინარე, ალბათ, ლოგიკურიც იყო, სტუმართა კარში გატანილ ორივე გოლში ლომის წილი სწორედ ზემოთნახსენებმა სამეულმა (კოშკაძე, ჯუისი, რობერტინიო) რომ შეიტანა. თუმცა, ნურც დანარჩენ დინამოელებს დავუკარგავთ გარჯას და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, გიორგი ლორია უნდა ვახსენოთ: "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარემ თავისი მაღალი კლასი გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ვერ ვიტყვით, რომ "ოლიმპი" მასირებულ იერიშებს აწყობდა მასპინძელთა კართან, მაგრამ როცა კი სტუმართა ფეხბურთელებისგან ხიფათი წარმოიქმნებოდა, გიორგი ლორია მშვიდად და უშეცდომოდ უმკლავდებოდა რუსთავული გუნდის ყველა მცდელობას.
ეფექტური გოლები
მატჩის პირველი შვიდი-რვა წუთი მეტოქეები ერთმანეთს "ზვერავდნენ", ამის შემდეგ კი ტემპმაც მოიმატა და ორივე კართან მომენტებმაც იმატა. პირველი ხიფათი მასპინძლებმა შექმნეს: ალექსანდრე კოშკაძემ საჯარიმო ოსტატურად შეასრულა, მაგრამ "ოლიმპი" გრიგოლ ბედიაშვილის ჩინებულმა რეაქციამ გადაარჩინა. ამის შემდეგ სტუმრებს ორი მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი მომენტი შეექმნათ და ორივეჯერ "დინამოს" დაცვის ცენტრი "ჩავარდა", მაგრამ "ოლიმპმა" ეს "საჩუქარი" ვერ შეირგო: ჯერ ილია პავლიაშვილის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია გიორგი ლორიამ, შემდეგ კი გიორგი რეხვიაშვილის (ამ ახალგაზრდა მცველის ბევრად უკეთესი თამაშებიც გვინახავს...) თავურ დარტყმას მასპინძელთა კართან ქაოსი მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ სიტუაცია განიმუხტა.
აი, მომდევნო სახიფათო ეპიზოდი კი მართლაც ეფექტური გოლით დასრულდა: დონალდ ჯუისი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და "სიღრმეში" მყოფ რობერტინიოს ზუსტი პასი მიაწოდა, ამ უკანასკნელმაც, ერთი შეხებით ბურთი "ოლიმპის" კარში ზუსტად გაგზავნა - 1:0
ტაიმის ბოლომდე უპირატესობას "დინამო" ფლობდა და რამდენიმე მწვავე შვეტევაც ვიხილეთ: ჯერ მარტო ჯუისს ორჯერ მართებდა გოლის გატანა, მაგრამ არაზუსტად ურტყამდა. თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე "დინამომ" თავისი უპირატესობა მაინც განამტკიცა: რობერტინიოს ზუსტი პასის მერე კოშკაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეში მიიღო, შემდეგ მოხდენილად გაცდა მეურვეს და "ცაციათი", ზუსტი და ძლიერი დარტყმით ბედიაშვილის შანსი არ დაუტოვა - 2:0! აი, "ოლიმპს" კი პირველი ტაიმის ბოლომდე შეტევაში ხეირიანი არაფერი გაუკეთებია; თუმცა 1:0-ზე იყო ეპიზოდი, როცა სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ამ საკითხზე მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსთავის გუნდის მწვრთნელ-სელექციონერი თორნიკე მაისურაძე ისაუბრებს...
მოხდენილი პასები და უგოლო ტაიმი
მეორე ტაიმში "დინამო" რომ შეტევებით თავს არ შეიწუხებდა და სწრაფი კონტრშეტევების იმედად იქნებოდა, ამას რა ბევრი მტკიცება სჭირდებოდა. ასეც მოხდა: მასპინძლებმა, თითქოსდა შეგნებულად დაუთმეს ტერიტორიული უპირატესობა მეტოქეს და დროდადრო მწვავედაც იჩხლიტებოდნენ. ასე მაგალითად, ჯუისის ფანტასტიკური პასის შემდეგ რობერტინოს "დუბლის" შესრულება შეძლო, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ბედიაშვილს ვერ აჯობა.
თუმცა, მანამდე არანაკლებ ჩინებული შანსი ჰქონდა ირაკლი მაისურაძეს, ვინც ილია პავლიაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ლორიამ ამ შემთხვევაშიც უშეცდომოდ ითამაშა და იმ ეპიზოდშიც, როცა იმავე მაისურაძის "ცხრიანში" გაგზავნილი ბურთი მოიგერია. "ოლიმპს" გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი 83-ე წუთზე ჰქოდა, მაგრამ პავლიაშვილს მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კვლავაც გიორგი ლორიამ მოიგერია. თუმცა, იმის შანსიც იყო, რომ "დინამოს" ბევრად უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით მოეგო, მაგრამ გიორგი თექთურმანიძის ჩინებული ფლანგური გადაცემის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. მაგრამ, არა გვგონია "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს თუ კლუბის ხელმძღვანელობას ამის გამო დიდად ენაღვლოთ: ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა გუშინ სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა!
ხმაურიანი პრესკონფერენცია
მატჩის შემდეგ ჩატარებული პრესკონფერენციები როგორც წესი, ერთმანეთს ჰგავს: მეტოქე გუნდის მწვრთნელები ერთმანეთს კომპლიმენტებს ეუბნებიან, წაგებული მხარე მუდამ ობიექტურ მიზეზებს ასახელებს, მოგებული კი, თავის გუნდს მადლობას მოუხდის ხოლმე. თუმცა, გუშინ, ცოტა არ იყოს, სხვა სურათის მომსწრენი გავხდით. ყოველ შემთხვევაში, "ოლიმპის" მწვრთნელ-სელექციონერმა (ამავდროულად, კლუბის გენერალურმა დირექტორმაც) თორნიკე მაისურაძემ გუშინ ჟურნალისტების წინაშე, რბილად რომ ვთქვათ, სენსაციური განცხადება გააკეთა:
"მეტოქეს გამარჯვებას მივულოცავ, დაძაბული თამაში იყო და ჩვენ წაგებაში 70 პროცენტი არბიტრის დამსახურებაა. მესმის, რომ შეცდომები ორმხრივი იყოს, მაშინ არაკვალიფიციურობაზე ვილაპარაკებდი, მაგრამ რაც მესამე წრე დაიწყო, არნახულად ვიჩაგრებით: არ გვინიშნავენ პენალტებს, ტყუილუბრალოდ გვიძევებენ და გვიფრთხილებენ ფეხბურთელებს, მომდევნო მატჩები რომ გამოტოვონ. კონკრეტული გვარებიც შემიძლია დავასახელო: ლაშა სილაგავას "დამსახურებაა", დღეს ჩვენი გუნდი თასის ნახევარფინალში რომ არ თამაშობს; ლევან კვარაცხელიამ "დინამოსთან" მესამე წრის საშინაო მატჩში კატასტროფულად ცუდად იმსაჯა. დღესაც პირველ ტაიმში, როცა 0:1-ს ვაგებდით, "დინამოს" კარში ასპროცენტიან პენალტი არ დაგვინიშნეს - შესვენებაზე ვიდეოფირი ვნახე და ასე დარწმუნებით იმიტომ ვლაპარაკობ. აღარაფერს ვამბობ ყვითელი ბარათების ჩამორიგებაზე: თითქმის ყველა მატჩში "ოლიმპის" ფეხბურთელებს უმიზეზოდ აფრთხილებენ. მოკლედ, მესამე წრის დაწყებიდან მოყოლებული, მსაჯების მხრიდან არნახულ ზეწოლას განვიცდიდით და იმედია, ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხს მიხედავს..."
P.S. მეორე ტაიმში თორნიკე მაისურაძე თავისი გუნდის სათადარიგოთა სკამის ნაცვლად მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა, - როგორც თვიოთონ განაცხადა, მსაჯების გადაწყვეტილებით...
დინამო-ოლიმპი 2:0
15.04. თბილისი. ეროვნული. 2000 მაყურებელი
1:0 რობერტინიო (ჯუისის პასით), 2:0 კოშკაძე (45, რობერტინიოს პასით)
დინამო ოლიმპი
4-2-3-1 4-1-4-1
ლორია ბედიაშვილი
თომაშვილი ქემოკლიძე
ჰომოლა კვახაძე
კაკუბავა რეხვიაშვილი
ხმალაძე დობროვოლსკი
კვეკვესკირი ტყემალაძე
ფირცხალავა პავლიაშვილი
ჯუისი ი. მაისურაძე
კოშკაძე დ. ბოლქვაძე
რობერტინიო გეწაძე
ტატანაშვილი მოდებაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
კ. კაჭარავა თ. მაისურაძე
დინამო
70. ფირცხალავა-გ. კვარაცხელია
74. რობერტინიო-თექთურმანიძე
82. ჯუისი-ღონღაძე
სათადარიგოები: ზარქუა, ედნილსონი, მაროვიჩი, სიხარულიძე
ოლიმპი
65. გეწაძე-გ. ჭელიძე
76. ბოლქვაძე-ქავთარაძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, უგულავა, გორდეზიანი, ქურდობაძე, ბახტაძე
გაფრთხილება: ქემოკლიძე (30), რეხვიაშვილი (40), ჯუისი (49), ბოლქვაძე (52)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)