რომან ფიფია: ყველას მოვუსმენ, მაგრამ მწვრთნელის საქმეში არ ჩავერევი

AutoSharing Option
"ჩვენ გვინდა, "დინამოს" გულშემატკივარი დაუბრუნდეს. საამისოდ უახლოეს პერიოდში ბევრი საინტერესო და, იმედია, შედეგის მომტანი აქცია იგეგმება", - საზოგადოებასთან ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების სურვილი თბილისის "დინამოს" ახალმა ხელმძღვანელებმა პირველივე განცხადებაში დააფიქსირეს.

ჯერ კლუბის ვეტერანებს, ფანებსა და 23-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ, გუშინ კი "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია, კლუბის გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე ეროვნულ სტადიონზე გუნდის ცნობილ ვეტერანებს მედიის თანდასწრებით შეხვდნენ.

შესაძლოა, სწორედ მედიის ყოფნის გამო, ვეტერანთა ნაწილი არ აქტიურობდა, თუმცა რევაზ ძოძუაშვილი იყო ჩვეულ ამპლუაში და შეხვედრა გამოაცოცხლა.

რომან ფიფია: "ვეტერანებთან შეხვედრა ტრადიციად უნდა იქცეს. მინდოდა, წარმომედგინა ზურაბ პოლოლიკაშვილი და გიორგი ნემსაძე. პირველი შეხვედრისას ბევრი ვერაფერი გითხარით, რადგან გუნდის გადაფორმებას ველოდით. დღეს ეს პროცესი დასრულებულია.

რა შეიცვალა პირველი შეხვედრის შემდეგ? ბაზის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ორთვენახევარში დასრულდება. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბური სამუშაოები ბაზაზე, 40 წელია არ ჩატარებულა. თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს და ვგრძნობ კიდეც მას, რადგან არ მაკრიტიკებთ. "დინამოში" რომ მოვდიოდი, მეუბნებოდნენ, ნახავ, რა დღეში ჩაგაგდებენო. ასე ნამდვილად არ არის და მადლობა თანადგომისთვის.

ყველას მოვუსმენ, მაგრამ მწვრთნელის საქმეში არ ჩავერევი. რამდენიმე ვეტერანს ეს ვუთხარი, რადგან მწვრთნელის მიმართ შენიშვნები ჰქონდათ. მწვრთნელის პროფესია ისეთია, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ყოველწამს შეიძლება თანამდებობა დატოვოს."

ზურაბ პოლოლიკაშვილი:"თქვენში უფროს მეგობრებს ვხედავ და იმედია, ჩვენს შორის უშუალო ურთიერთობები ჩამოყალიბდება. ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. ასეთი შეკრებები თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩავატაროთ, რადგან წინა შეხვედრაზე, პირად საუბრებში ბევრი საინტერესო იდეა მოვისმინე, ოცნების "დინამოს" კი მხოლოდ ერთად ავაშენებთ.

ბაზის რეკონსტრუქცია აგვისტოში დასრულდება, ევროპული დონის საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება გვსურს. მესმის, რომ დღეს "დინამო" სასურველი ხარისხის ფეხბურთს ვერ აჩვენებს, მაგრამ თქვენნაირი ავტორიტეტული ადამიანების სტადიონზე მოსვლა ჩვენს თამაშებზე სხვებსაც მოიზიდავს. მობრძანდით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. საამისოდ გვსურს, ეროვნულ სტადიონზე ერთი სექტორი გამოგიყოთ."

გიორგი ნემსაძე: "ჩვენი მიზანი "დინამოსთვის" ძველი იმიჯის დაბრუნებაა. ახალი სეზონიდან ახალი ცხოვრება დაიწყება და ბევრი სიახლეც იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთი დიდი ოჯახი და ისეთი დამოკიდებულება გვქონდეს, როგორც ბაბუას, შვილსა და შვილიშვილს. არ დავმალავ, "დინამოში" ჩემი მოსვლის დღიდან სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს შორის ყოველთვის იყო დაჯგუფებები. დიდი სურვილი მაქვს, გავერთიანდეთ და ამ დაჯგუფებებს ბოლო მოვუღოთ."

რევაზ ძოძუაშვილი: "სულ იმას ლაპარაკობთ, დარბაზში რა ხალხიაო. ამ ძალის უგულებელყოფის შედეგია, ვისაც ადრე ვუგებდით, დღეს რომ გაგვასწრეს. არადა, იგივე ხალხია ფეხბურთში, ვინც ადრე დაგვიშალა "დინამო", ჩვენ კი ვიღუპებით. აბა, რა იქნება, როცა ამ ხალხს ვერ ვიყენებთ. აქ ბევრი დაჩაგრული ადამიანია, ვისაც გული გვტკივა. არადა, მინდა ძველებურად თავაწეულებმა ვიაროთ.

ვინ წამოსწია საქართველოს ნაკრები? ისევ ფეხბურთელმა და დინამოელმა ქეცბაიამ. ბაზას და ბავშვთა ფეხბურთს ეშველება, მაგრამ ამ ხალხს რატომ არ იყენებთ? ტელევიზიით ისეთი ხალხი გამოდის და ისეთ საზიზღრობებს ლაპარაკობს... 40 წელი უფეხბურთოდ ერთი დღეც არ მიცხოვრია, ერთხელ არ დამიძახეს, რატომ ხარ უმუშევარიო. "ბაიერნში" თუ არის დირექტორი ბეკენბაუერი, ხურცილავა ვერ შეძლებდა? მოგვეცით საშუალება და "დინამოს" ერთ წელიწადში ფეხზე დავაყენებთ.
კლუბებში ჩამოიყვანეს უცხოელი მწვრთნელები... შუშაკი, სხვებიც და სადაც დავიჭირეთ, იქ მოვუგეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, "დინამო" რომ არ დაიღუპოს.

რომან ფიფია: - ბატონო რეზო, "დინამო" არ დაიღუპება.

რევაზ ძოძუაშვილი: - მეც ეს მაიმედებს. მოგიყვანთ 16 წლის ბიჭს და ნახავთ, რამხელა ფეხბურთს ითამაშებს.

რომან ფიფია: - მოიყვანეთ, სიამოვნებით გავსინჯავთ, მაგრამ მწვრთნელის საქმეში ვერ ჩავერევით. ვითანამშრომლოთ და ვემსახუროთ "დინამოს", დავსხდეთ და ვითათბიროთ, მაგრამ ასე ტრიბუნიდან კრებებზე ლაპარაკობენ. თუ ახლო ურთიერთობა გვინდა, მაგიდაზე ხელი არ უნდა დავარტყათ.

მურთაზ ხურცილავა:"მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი თბილი შეხვედრისთვის. აქამდე ვეტერანებთან შეხვედრა არ ყოფილა, დიღმის ბაზაზეც არ გვიშვებდნენ. იმედია, ასე აღარ მოხდება. ფეხბურთელებს თქვენ უნდა აჩვენოთ ვეტერანებისადმი სითბო და სიყვარული, თავადაც პატივისცემით რომ განიმსჭვალონ. ჩვენ მეტს არაფერს ვითხოვთ."







.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზურაბ პოლოლიკაშვილიც დაგვპირდა მოგისმენთო, მაგრამ...
guja kakhadze
12:38 16-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული