მურთაზ დაუშვილი ყველაზე ძვირადღირებულია

AutoSharing Option
ხარკოვის "მეტალისტის" ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟაჟა კოელიო 2010 წელს თურქულმა "ტრაბზონმა" 5 მილიონ ევროდ შეიძინა. ეს იყო ბოლოს ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი, რომელიც სამენეჯერო სააგენტო "Prosport managmant international"-მა განახორციელა. ჩვენთვის კი საინტერესო ისაა, რომ ამ სააგენტოს პარტნიორული ურთიერთობა აქვს "ზესტაფონისა" და "გაგრას" პრეზიდენტებთან, ილია კოკაიასთან და ბესიკ ჩიხრაძესთან.

სააგენტოსთან ბევრი ქართველი ფეხბურთელი თანამშრომლობს: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო"), მურთაზ დაუშვილი, გიორგი ხიდეშელი, ნიკოლოზ გელაშვილი (ყველა "ზესტაფონი") თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩივეცი", უკრაინა) გიორგი გაბედავა, ლევან შარიქაძე, აბაიომი ოვონიკოკო სეუნი, შალვა კვანტალიანი, ლაშა კალანდაძე (ყველა "გაგრა").

"ლელოსთვის"
ცნობილია, რომ ბოლო დროს უცხოელი სელექციონერები განსაკუთრებით "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით, დაუშვილით დაინტერესდნენ. რამდენად რეალურია 21 წლის ფეხბურთელის უცხოეთში წასვლა? ამის თაობაზე სააგენტოს წარმომადგენელ მამუკა ამიროვს დავეკითხეთ.

"ჩვენი მიზანი მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვა არ არის, მათთან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვსურს. უცხოეთში ბევრი მიდის და ან გარემოს ვერ ეგუება, ან გუნდს, ან ენის ბარიერს აწყდება და ვერ იხსნება. მენეჯერის ვალი ამ პრობლემების მოგვარებაც უნდა იყოს.

რაც შეეხება დაუშვილს, საქართველოს ნაკრებისა და "ზესტაფონში" ჩატარებული შეხვედრებით დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. რადგან ჩვენი სააგენტო "ზესტაფონთან" თანამშრომლობს, ცხადია, დაუშვილის ტრანსფერზეც ვფიქრობთ. ახლა დაუშვილის ასაკიდან, მომზადებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, უცხოეთში წასასვლელად სასურველი დრო დაუდგა. ბიჭი საქართველოს ნაკრებში თამაშობს და თუ კლუბი წინააღმდეგ არ წავა, კარიერა უკეთეს ლიგაში უნდა გააგრძელოს.

დაუშვილით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რა მიზნები აქვს "ზესტაფონს". დარწმუნეული ვარ, ეს იქნება პირველი ქართული კლუბი, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და შესაძლოა, ასეთ კლუბში დროებით დარჩენა უკეთესიც იყოს - ლიგაში ნათამაშები ფეხბურთელი ძლიერ ლიგაში ადვილად მოხვდება", - ამბობს ამიროვი.

აღსანიშნავია, რომ გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკეტის" ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაუშვილის სატრანსფერო ფასი 450 ათასი ევროდან 550 ათასამდე გაიზარდა. ცხადია, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელის ნაკრებში თამამი და დამაჯერებელი თამაშის შედეგია. ამგავარად, დაუშვილი საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ასევე 100 ათასი ევროთი გაიზარდა თბილისის "დინამოს" მეკარის, გიორგი ლორიას ფასი და ამ შემთხვევაშიც დაფასების მიზეზი ნაკრებში ღირსეული თამაში იყო.

საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სია კი ასე გამოიყურება:

1. მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი") - 550.000 ევრო

2-4.
გიორგი ლორია ("დინამო") - 450.000
გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი") - 450.000
ედნილსონი ("დინამო") - 450.000

5-7.
ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი") - 400.000
პეტარ ელიჩი ("დინამო") - 400.000
როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი") - 400.000







.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მერაბ, დაუშვილს დაურეკეთ და ჰკითხეთ ამიროვი მართლა შენი აგენტიაო? საერთოდ არ იცნობს ბუბა მაგ კაცს და არასერიოზულია თქვენი მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება
ბესო
10:36 19-04-2011
0
მე როგორც ვიცი,ამიროვი Prosport managmant international"-ის წარმომადგენელია საქართველოში .თუ დაუშვილი მაგ სააგენტოსთან თანამშრომლობს,შეიდძლება არცაა აუცილებელი რომ უშვალოდ იცნობდეს.
gurjistan
14:14 19-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული