"დინამოს" ინგლისური გრაფიკი

AutoSharing Option
აპრილში "დინამოს" რომ გადატვირთული გრაფიკი აქვს, მსგავსი, ალბათ, ინგლისში შეიძლება იყოს! თავად განსაჯეთ: კახა კაჭარავას გუნდს ამ თვეში (უფრო ზუსტად, 28 დღის განმავლობაში) რვა მატჩის ჩატარება უწევს.

აქედან, ოთხი შეხვედრა "დინამომ" უკვე ითამაშა და ახლაც, არანაკლები სიმჭიდროვის გრაფიკით მოუწევს ჩემპიონატის მატჩების ჩატარება: თერთმეტ დღეში ოთხი ოფიციალური პაექრობის (თანაც, ყველა ქულას რომ ოქროს ფასი აქვს) გამართვა ხუმრობა საქმე ნამდვილად არ არის. თუმცა, საჩემპიონო რბოლაში გუნდს "გარეშე ფაქტორებზე" ფიქრის დრო აღარ უნდა ჰქონდეს და როგორც "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელები აცხადებენ, სეზონის ბოლომდე ყველა მატჩის
მოგებასაც შეეცდებიან. ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საჩემპიონო ტრიუმფისათვის ეს საკმარისი არ იქნება და წარმატებული ასპარეზობის პარალელურად, უშუალო კონკურენტ(ებ)ის წაფორხილების იმედზეც უნდა იყვნენ.

ამ სეზონში "დინამო" და "ბაია" უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე ეს დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით (0:0) დამთავრდა. პირველი წრის შეხვედრაში (ზუგდიდში რომ ჩატარდა) დაფიქსირებული საყაიმო ანგარიში მთლად მოულოდნელობა არ იყო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მეორე წრის მატჩზე. ჰო, აი ამას კი მართლაც არავინ მოელოდა: ფინანსური პრობლემებით შეჭირვებულმა და ერთიანად გაახალგაზრდავებულმა "ბაიამ" თბილისამდე ძლივს ჩამოაღწია, მაგრამ ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა მაინც შეძლო და ასეთ ძლიერ მეტოქესთან სტუმრად ქულა მოიპოვა!

არადა, არახალი ფაქტია, რომ "ბაია" გასვლით შეხვედრებს ერთობ წარუმატებლად ატარებს (ამ მხრივ, მხოლოდ "სამტრედიაზე" უკეთესი შედეგი აქვს). თავად განსაჯეთ: ამ სეზონში ზუგდიდურმა გუნდმა სტუმრად ერთადერთხელ მოიგო (17 ოქტომბერს, "სიონთან") და იმის მერე მხოლოდ ორჯერ ითამაშა ფრედ (თანაც, სტუმრად პირველ ფრეს სწორედ "დინამოსთან" მიაღწია).

შარშან, 5 ნოემბერს ჩატარებული "დინამო"-"ბაიას" შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული სტუმართა მეკარე, 20 წლის თორნიკე ზარქუა გახლდათ, ვინც ამჯერად "დინამოს" ღირსებას იცავს. ზარქუას მსგავსად მეორე ეტაპის დასაწყისიდან "დინამოში" აგრძელებს კარიერას "ბაიას" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, 18 წლის ნიკა კვეკვესკირი, ვინც წინა ტურში ძირითადში ვიხილეთ. წინა ტური ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ "ოლიმპთან" მოგებულ შეხვედრაში "დინამოს" ერთდროულად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. თუმცა, ზურაბ არზიანსა და გიორგი კახელიშვილს დღეს უკვე შეეძლებათ თამაში, სამაგიეროდ დისკვალიფიკაცის გამო "ბაიასთან" შეხვედრას დონალდ ჯუისი გამოტოვებს, - არადა, 21 წლის კამერუნელს "ოლიმპთან" ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია.

დანაკლისი აქვთ სტუმრებსაც: 28 წლის გარემარბი ლევან წურწუმია და გუნდის ახალწვეული, 20 წლის მარცხენა მცველი ირაკლი გამრეკლიძე დისკვალიფიცირებულნი არიან.

დაბოლოს, საინტერესო ნიუანსზეც: "დინამო" და "ბაია" დღეს გამოტოვებულ შეხვედრას ჩაატარებენ, შაბათს კი მომდევნო ტურის მატჩში (ოღონდ, ზუგდიდში) გაარკვევენ ურთიერთობას.







.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ წურწუმია 28 წლის კი არა 22 ის არის.
jotia
12:30 19-04-2011
0

სიახლეები პოპულარული