- სარწმუნო ცნობებით, რასაც ფანცხავას დამატებაც ადასტურებს, "დინამოში" ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების შეკრებას აპირებთ.
- დიახ, ასე იქნება და უპირატესობას ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს მივანიჭებთ. ეს იმიტომ, რომ თბილისის "დინამოს" უპირველესი დანიშნულება ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებისთვის მომავალი ვარსკვლავების გაზრდა იყო და შემდგომშიც ამ მიზანს უნდა ვემსახუროთ. საქართველოში კი ძლიერი თაობები ყოველთვის იზრდებოდნენ და ეს პოტენციალი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მოკლედ,
- ეს უცხოელებზე უარის თქმას ნიშნავს?
- არა, რატომ, უცხოელებიც დაგვჭირდებიან, მაგრამ მერე და მერე "დინამოს" აკადემია მთელი ძალით ამუშავდება, ჩვენ კი უმთავრესი შევსება სწორედ იქიდან უნდა მივიღოთ. აკადემიამ კონვეიერივით გამართულად უნდა იმუშაოს. სამართლიანი და გონივრული სელექციითა და დაუზარელი საქმიანობით ეს შესაძლებელი იქნება.
- ფანცხავას გარდა, კიდევ რომელი ახალგაზრდა ქართველის დამატებას აპირებთ?
- რამდენიმე მოთამაშის მოწვევა გვსურს, ზოგთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გვარების დასახელებას მოვერიდები.
საქმე ისაა, რომ თითოეულ კანდიდატურას დეტალურად და სხვადასხვა კრიტერიუმით ვარჩევთ და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთ.
ფეხბურთელი დინამოელობას უნდა იმსახურებდეს არა მხოლოდ კლასით, არამედ მენტალიტეტით, საქმისადმი მიდგომით, ბრძოლისუნარიანობით და კარგად უნდა ესმოდეს, რა გუნდში მოხვდა.
- მართალია, სეზონის დასრულების შემდეგ ლეგიონერების უმრავლესობას "დინამოდან" უშვებენო?
- ცუდი ლეგიონერები არ გვყავს, მაგრამ მოწვეული ადგილობრივს ბევრად უნდა სჯობდეს, სხვაგვარად მის გაჩერებას აზრი არ აქვს. ჩემი აზრით კი, ასეთები ჯერჯერობით "დინამოში" არ არიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრს ხელშეკრულებას აღარ გავუგრძელებთ.
.