ვახტანგ ფანცხავა "დინამოში" - სამი წლით 6 ნომერი

AutoSharing Option
მოურინიოს სიტყვებია - მე ფეხბურთელის ხასიათი კი არა, მისი გოლები მაინტერესებსო. ერთხელ ამ თემაზე საუბრისას მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, ჩვენთან როი კინი რომ დაბადებულიყო, ხასიათის გამო დაიწუნებდნენ და მოედანს არ გააკარებდნენო.

ეს შესავალი ვახტანგ ფანცხავას გამო დაგვჭირდა, რომელსაც ბევრი ხასიათის გამო იწუნებდა, რთულ ბიჭს უწოდებდნენ, მაგრამ თბილისის "დინამომ" ნიჭიერი ფეხბურთელი შენიშნა, გუშინ მედიას საჯაროდ წარუდგინა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

არასტანდარტული წონის, აღნაგობისა და ხასიათის მქონე 21 წლის თავდამსხმელი ბომბარდირული ნიჭით გამოირჩევა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ წევრს აგრესიულ და გამტან თავდამსხმელად ახასიათებენ.

ფანცხავა გუშინ თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნემსაძემ წარადგინეს და 6-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

ფეხბურთელზე პირველად "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძემ ილაპარაკა: "ვახტანგ ფანცხავამ ევროპული კლუბები ადრეულ ასაკში დააინტერესა. თამაშობდა "ლე მანის" დუბლშემადგენლობაში, უკრაინულ და უნგრულ კლუბებში, მაგრამ ახლა საქართველოში დაბრუნება და "დინამოში" თამაში გადაწყვიტა".

ზურაბ პოლოლოკაშვილი: "ვახო თავად დაგვიკავშირდა და "დინამოში" თამაშის სურვილი გამოთქვა. მივესალმები ყველა იმ ქართველ ფეხბურთელსაც, რომელსაც საქართველოში დაბრუნება და თამაში სურს. ვახოს "დინამოში" ჩარიცხვა ჩვენი მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას დამსახურებაა, რომელიც მას კარგად იცნობდა.

ფანცხავა ჩვენთან სამი კვირა ვარჯიშობდა და ვაკვირდებოდით. ვიცით, დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენთვის საინტერესო შენაძენი იქნებოდა და სამწლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ. "დინამოსთვის" თავდამსხმელი სერიოზული აქტივია, რადგან საქართველოში ამ ამპლუაში მაღალი კლასის მოთამაშეთა დეფიციტია. დანარჩენი კი მოედანზე უნდა გვაჩვენოს."

გიორგი ნემსაძე: "უნგრულმა კლუბმა მისი გათავისუფლების ფურცელი გამოგვიგზავნა. რადგან ფანცხავა თავისუფალი აგენტი იყო და მისი განაცხადში შეყვანისა და თამაშის უფლება უკვე გვაქვს."


ვახტანგ ფანცხავას "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა.
- უნგრეთიდან შენი დაბრუნება მოულოდნელი იყო. "დიორი ეტოსთან" ურთიერთობა აგერია?
- კონტრაქტი დამიმთავრდა და დარჩენაც აღარ მსურდა. მერე შევეხმიანე "დინამოს", ვიცოდი, ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბება სურდათ და გამიხარდა, ჩემი აყვანა რომ მოისურვეს. საქართველოს ყველაზე პოპულარულ კლუბში თამაშის პერსპექტივა კი ძალიან მახარებს.

- უნგრეთში კარიერა რატომ ვერ აგეწყო, "დიორი ეტოს" ვერ შეეწყვე?
- ხომ იცით, ხდება ხოლმე, ზოგჯერ ერთმანეთს ვერ ეწყობიან. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მთავარია, მე და კლუბი კარგად დავშორდით ერთმანეთს და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ. ახლა მთავარი ისაა, რომ დავბრუნდი და იმედია, ხალხს ვაჩვენებ, რაც შემიძლია.

- სხვა წინადადება არ გქონია?
- წინადადებები იყო, მაგრამ "დინამოში" თამაში ვამჯობინე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პერსპექტივა, რაც ამ გუნდში გამოჩნდა - ახალი, ახალგაზრდული და, დარწმუნებული ვარ, პერსპექტიული გუნდი ჩამოყალიბდება.

უნდა ვიფიქროთ, რომ თბილისის "დინამო" საქართველოში დამკვიდრებული საკადრო პოლიტიკის უაზრო შაბლონზე უარს ამბობს. "უხასიათო ნიჭიერთა" დაწუნება ხომ ჩვენი ფეხბურთის უბედურებად იქცა - ამას "ლოგიკურად" ასაბუთებენ დაწუნებულის პიროვნული ნაკლით, მაგრამ ვერავინ ახსნის, რატომ ვკარგავთ ნიჭიერ ბავშვებს მასობრივად.

გიორგი ნემსაძე: "მენტალიტეტი და ფეხბურთელის ხასიათი ბევრჯერ გამხდარა ნიჭიერი მოთამაშის დაწუნების მიზეზი. ფანცხავას ჩამოყვანა ამ უაზრო შეხედულებას ეწინააღმდეგება. მას რატომღაც რთულ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ, მაგრამ ნიჭიერია, გატანა ეხერხება და ვერც იმას ვხვდები, ასე რატომ მონათლეს -პირველი შთაბეჭდილება საკმაოდ კარგია. ჩვენ გამტანები გვჭირდება, მის ხასიათს კი რამენაირად გავუგებთ და არა მგონია, პრობლემა შეგევქმნას. ასე ნებისმიერი მოთამაშე შეიძლება რთულ პიროვნებად მონათლო, მაგრამ ფეხბურთელს ჯერ უნდა გაუგო, ნიჭის გამოვლენაში შეეშველო და გუნდის ინტერესების გათვალისწინება ასწავლო. იმ დროს, როდესაც კვალიფიციური მოთამაშეების დეფიციტია, ნიჭიერი ბიჭების ხელისკვრა გაუმართლებელია, მეტიც, დანაშაულია.

ჩემი ფეხბურთელობისას ბევრზე მსმენია, უხასიათოაო, სინამდვილეში კი არანირი რთული ადამიანები არ ყოფილან, მწვრთნელი ვერ უგებდა. ფეხბურთელს უნდა გაუგო, ყველასთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. მწვრთნელს კი იმიტომაც ნიშნავენ, რომ რთული ხასიათისაა თუ არა, ნიჭიერ ფეხბურთელს უნდა გაუგოს, მოედანზე ადგილი უპოვოს და გუნდის ინტერესებისთვის გამოიყენოს."






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული