იღბალიც ძლიერის მხარეს...

AutoSharing Option
გუშინდელი გამარჯვების შემდეგ "დინამომ" კიდევ უფრო შეამცირა სხვაობა კონკურენტებთან, თუმცა, ასეთი თამაშით, ვეჭვობთ, გუნდის საჩემპიონო შანსებზე ვინმემ აღმატებული ხარისხში ისაუბროს.

არადა, ოთხი დღის წინ იყო, "დინამომ" მართლაც ჩინებული სანახაობა რომ შემოგვთავაზა და მეტად და მეტად ძლიერ მეტოქეს, ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონს "ოლიმპს" დამსახურებულად მოუგო. აი, გუშინ კი "დინამოს" ცნობა შეუძლებელი იყო (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში) და არც იმას დავმალავთ, "ბაიას" ნაცვლად ფიზიკურად ბევრად უკეთ მომზადებული მეტოქე რომ ყოფილიყო, მასპინძელთა საჩემპიონო შანსები, ფაქტობრივად, დასრულებულიც იქნებოდა. თუმცა, ფეხბურთში, ხშირ შემთხვევაში, მონდომებასთან ერთად,
იღბალიც... ძლიერის მხარეს არის ხოლმე და, ასე მოხდა გუშინაც: პირწმინდად "ჩაგდებული" პირველი ტაიმის შემდეგ და იმის მიუხედავად, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, "დინამომ" მაინც შეძლო თამაშის შემოტრიალება!

წინა მატჩისგან განსხვავებით, "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა: ძირითადს დაუბრუნდნენ დისკვალიფიკაციამოხდილი ზურაბ არზიანი და გიორგი კახელიშვილი, სამაგიეროდ ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო შეხვედრას ტოვებდა დონალდ ჯუისი (კამერუნელი გარემარბი ამ ბოლო დროს ჩინებულ ფორმაში იყო).

აი, სტუმრებს კი სხვადასხვა მიზეზით ძირითადის სამი ფეხბურთელი (ლევან წურწუმია, შოთა ლომია, ილია გამრეკლიძე) აკლდა. თუმცა, "ბაიას" პრობლემები ამით არ ამოწურულა - უკვე მატჩის დასაწყისშივე ტრავმა მიიღო მაკარ აქუბარდიამ და სტუმართა მთავარ მწვრთნელს ელგუჯა ქომეთიანს ტაქტიკური გადაადგილებების გაკეთებამ მოუწია.

ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში სტუმრებმა მართლაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს და ორ ეპიზოდში ძალიან ახლოსაც იყვნენ გოლის გატანასთან; თანაც, ორივეჯერ ფაქტობრივად, ერთ და იგივე ადგილიდან (პენალტის ნიშნულის სიახლოვიდან) ურტყამდნენ "ბაია" ფეხბურთელები, მაგრამ ირაკლი ქობალიამ და როინ ონიანმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პირველ ტაიმში "დინამომ" მხოლოდ ერთხელ დაარტყა სტუმართა კარში, მაგრამ გიორგი კახელიშვილმა გიორგი სომხიშვილს ვერ აჯობა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, "დინამოს" დაცვამ მორიგი შეცდომა რომ დაუშვა და "ბაიას" შემადგენლობაში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა 22 წლის ირაკლი ეხვაიამ მეტოქეებთან ჭიდილში მაინც შეძლო ზუსტი დარტყმის განხორციელება - 0:1! აი, ეს კი უკვე სენსაციას ნიშნავდა, თუმცა არავინ იცის, შემდგომში როგორ განვითარდებოდა მოვლენები, 18 წლის ზვიად სიხარულიას შორეული დარტყმა რამდენიმე მილიმეტრით მარცხნივ რომ წასულიყო - სტუმართა ჭაბუკი ნახევარმცველის "გასროლილი" "დინამოს" კარის ძელს მოხვდა.

საერთოდაც, 80 პროცენტით 19-20 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ბია" ჩინებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა; უბრალოდ, ის იყო საკითხავი, თუ რამდენად შეძლებდა გუნდი მრისხანე მეტოქის ზეწოლის გაძლებას. ამასობაში კი "დინამოს" შემადგენლობაში ახალწვეულიც გამოჩნდა: 21 წლის გიორგი ფანცხავა გუშინ დილით მასმედიას წარუდგინეს, როგორც გუნდის ახალი ფეხბურთელი და უკვე საღამოს მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა. მართალია, ფანცხავას გოლი არ გაუტანია, მაგრამ "დინამოს" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი რომ შეიტანა, ფაქტია. ჯანიანი ცენტრფორვარდი აქტიურად ჩაერთო თამაშში და ერთი-ორჯერ მწვავედაც შეუტია მეტოქის კარს; განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ფანცხავას უპირატესობა ძალისმიერ ორთაბრძოლებში: სტუმართა მცვლებს აშკარად უჭირდათ ფიზიკურად ძლიერი ფორვარდის შეჩერება. თუმცა, "ბაიას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავიანთთვის სასურველი (და, რაღა თქმა უნდა, საპატიო) ანგარიშის შესანარჩუნებლად, გუნდი დაცვაში არ "ჩამჯდარა" და დროდადრო მწვავე კონტრშეტევებითაც აწუხებდა ფავორიტ მეტოქეს.

ერთ ეპიზოდში 19 წლის ირაკლი ქობალიამ "გაისროლა" შორიდან, მაგრამ ბურთი მიზანს აცდა. თუმცა, "დინამო" მეტოქეზე ზეწოლას ახორციელებდა და ერთ-ერთი სტანდარტულის დროს გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კოშკაძემ საჯარიმო დარტყმა მართლაც ჩინებულად (გამორბენის გარეშე) შეასრულა და ანგარიშიც გაათანაბრა.

აი, ამის შემდეგ იყო, "დინამო" ფაქტობრივად, მთელი გუნდით შეტევაზე რომ გადავიდა, მაგრამ ზურაბ არზიანის, გიორგი თექთურმანიძისა და ვახტანგ ფანცხავას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა მატჩის მიწურულს "ვა ბანკზე" წავიდა და "დინამოს" ტაქტიკამაც, ერთი შეხედვით, უცნაური სახე მიიღო - 4-2-4. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ თავდასხმის ცენტრში ფანცხავას გვერდით ამპლუით მცველი გივი კვარაცხელია მოქმედებდა.

და აი, მატჩის ბოლო წუთი იწურებოდა, სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა რომ იყოჩაღეს და "დინამოს" გამარჯვების შანსიც შეუნარჩუნეს; ვყელაფერი კი ასე მოხდა: გივი კვარაცხელიამ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თავით ბურთი ფანცხავას დაუგდო, ამ უკანასკნელმაც მოხდენილი ფინტით მეურვე ჩამოიცილა და მოედანზე წაქცეულიც აღმოჩნდა. შეხვედრის არბიტრმა ლაშა სილაგავამ, ალბათ, რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა და ამის მერე მიუთითა საპენალტე ნიშნულისკენ: თერთმეტმეტრიანი კი "დინამოს" შტატიანმა პენალტისტმა ლევან ხმალაძემ, როგორც სჩვევია, ამჯერადაც ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა. სხვათა შორის, შაბათს, 23 აპრილს გუშინდელი მეტოქეები კვლავაც უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, - ოღონდ ამჯერად ზუგდიდში ჩატარდება "დინამოს" და "ბაიას" ამ სეზონში მეოთხე დაპირისპირება.

P.S. ეროვნული სტადიონის ვიპ-ლოჟაში, ისე როგორც "ოლიმპთან" შეხვედრისას, გუშინაც ხალხმრავალობა იყო; მასპინძელთა ხელმძღვანელობასთან ერთად გუშინდელ მატჩს თვალს ადევნებდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია.


19.04. თბილისი. ეროვნული. 500 მაყურებელი
დინამო-ბაია 2:1
გოლები: 0:1 ეხვაია (48), 1:1 კოშკაძე (68), 2:1 ხმალაძე (90, პენალტით).

დინამო ბაია
4-2-3-1 4-2-3-1
ლორია სომხიშვილი
თომაშვილი აფაქიძე
კაკუბავა აქუბარდია
ჰომოლა რ. ონიანი
ხმალაძე ქვარცხავა
ფირცხალავა სიხარულია
არზიანი შონია
რობერტინიო რიგვავა
კოშკაძე ეხვაია
კახელიშვილი სამუშია
ტატანაშვილი ქობალია
მწვრთნელი მწვრთნელი
კ. კაჭარავა ე. ქომეთიანი

დინამო
55. ტატანაშვილი-ფანცხავა
58. ფირცხალავა-თექთურმანიძე
83. არზიანი-გ. კვარაცხელია
სათადარიგოები: ზარქუა, კვეკვესკირი, მაროვიჩი, ღონღაძე

ბაია
14. აქუბარდია-სვირავა
72. რიგვავა-თ. აკობია
75. ეხვაია-ქირია
სათადარიგოები: ზაუტაშვილი, კ. ახალაია, კუკავა, ჩანგელია
გაფრთხილება: ეხვაია (48), ფირცხალავა (57), ქირია (90).
არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული