ერთი შეხედვით, სენსაციური თუ მოულოდნელი არაფერი მომხდარა: ამ სათასო ფიასკომდე "ვიტ ჯორჯიამ" ჩემპიონატში ხომ ზედიზედ სამი მატჩი წააგო და გუნდის ასეთ წარუმატებელ სერიაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მთავარმა მწვრთნელმა აიღო. მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ კოჭლაშვილის შემთხვევა "ჩვეულებრივ" მოვლენად უნდა მივიჩნიოთ; ოღონდ, ის კი ფაქტია, რომ მწვრთნელების
არადა, ის უკვირს ყველას, ბუნდესლიგასა თუ სერია "ა"-ში ამ სეზონში რამდენიმე ათეული სამწვრთნელო გადაადგილება რომ მოხდა; ჰოდა, ეტყობა, "იქ", ევროპაში ყურადღებით არ ადევნებენ თვალს საქართველოს ჩემპიონატს, თორემ გერმანიასა თუ იტალიაში "დატრიალებულ სამწვრთნელო კარუსელზე" არც არავინ ილაპარაკებდა. კიდევ ვიმეორებთ: ამ მხრივ ჩვენთან მართლაც უცნაური ტენდენცია ჩამოყალიბდა და მხოლოდ და მხოლოდ ერთეული მწვრთნელები თუ ახერხებენ სეზონის სრულად ჩამთავრებას...
პარალელები და ორი იღბლიანი
ვიდრე ამ სეზონში მომხდარ სამწვრთნელო გადაადგილებებს კიდევ ერთხელ გავიხსენებდეთ, წინა ჩემპიონატებთან გვინდა პარალელის გავლება. ანუ, თავად დარწმუნდებით, თუ როგორ იცვლება ქართული კლუბების ხელმძღვანელთა "გემოვნებაც" და ამა თუ იმ მწვრთნელისათვის გარკვეული დროის განმავლობაში ნდობის გამოცხადებაც; 2009-10 წლების ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ სამმა სპეციალისტმა შეძლო სეზონის სრულად ჩამთავრება: კახა კაჭარავამ ("დინამო"), გია გეგუჩაძემ ("ზესტაფონი") და გელა სანაიამ ("ლოკომოტივი").
იმის წინა სეზონში (2008-09 წლების ჩემპიონატს ვგულისხმობთ) კლუბის ხელმძღვანელთაგან სრული ნდობა უფრო მეტ, ხუთ მწვრთნელს ჰქონდა: რამაზ მუმლაძეს ("ვიტ ჯორჯია"), ოთარ კორღალიძეს ("სიონი"), ბესიკ შეროზიას ("მგლები"), კობა თედიაშვილს ("მესხეთი") და გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის "დუეტს" ("ლოკომოტივი"). თუმცა, ეს კიდევ არაფერია XIX ჩემპიონატის მაჩვენებელთან: 2007-08 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი ასპარეზობდა და აქედან ცხრა გუნდის მთავარ მწვრთნელს სეზონის სრულად ჩამთავრების საშუალება ჰქონდა! აი, ისინიც, რამდენიმე კოლეგისგან განსხვავებით ყველანაირ წნეხს რომ გაუძლეს: დუშან უჰრინი ("დინამო"), თემურ მახარაძე ("ზესტაფონი"), რამაზ მუმლაძე ("ვიტ ჯორჯია"), გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე ("ლოკომოტივი), ბესიკ შეროზია ("მგლები"), კობა თედიაშვილი ("მესხეთი"), ვლადიმერ ხაჩიძე ("ბორჯომი"), კობა ჟორჟიკაშვილი ("სპარტაკი"), გიორგი ჩიხრაძე ("ამერი").
სხვათა შორის, გიორგი ჩიხრაძესა და რამაზ მუმლაძეს მართლაც საამაყოდ აქვთ საქმე: ბოლო წლებში, მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი სპეციალისტი იყო, ერთსა და იგივე გუნდში 4 სეზონი გადაბმულად რომ მუშაობდა. არადა, ადრე ის გვიკვირდა, ამა თუ იმ გუნდში, სეზონის განმავლობაში მწვრთნელი რომ შეიცვლებოდა ხოლმე; ჰო, ნამდვილად ასე იყო და XXI საუკუნის დასაწყისამდე მართლაც ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამდით იმას, თუ როგორ მოღვაწეობდნენ ერთსა და იგივე გუნდში წლების განმავლობაში დავით ყიფიანი და გივი ნოდია, რევაზ ძოძუაშვილი და ოთარ გაბელია, რევაზ ბურკაძე და გიგლა იმნაძე, თემურ მახარაძე და კიდევ სხვა სპეციალისტები. აღარაფერს ვამბობთ სოსო ფილიაზე, რომლის მაჩვენებელსაც, ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ გააუმჯობესებს: ამ გამოცდილმა სპეციალისტმა ფოთის "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "გადაბმულად" რვა სეზონი იმუშავა!
აქვე, ბათუმის "დინამოც" უნდა ვახსენოთ: 1990-99 წლებში (ანუ, ათი სეზონის განმავლობაში) ამ გუნდში მხოლოდ და მხოლოდ ორი მთავარი მწვრთნელი, ვალერიან ჩხარტიშვილი და შოთა ჭეიშვილი მუშაობდა...
ახლა კი, რა ხდება: XXII ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ ორადორი მწვრთნელიც შემორჩა, სეზონი რომ დაიწყეს და კვლავაც აგრძელებენ: გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი") და ელგუჯა ქომეთიანი ("ბაია"). გეგუჩაძეს, საერთოდაც საუკეთესო მაჩვენებელი აქვს დღესდღეობით მოქმედ კოლეგებს შორის: 2008 წლის დეკემბრის დასაწყისიდან "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელია. არადა, ამ ორწელიწადნახევარში დანარჩენ ქართულ გუნდებში, სეზონის განმავლობაში სულ მცირე, სამი-ოთხი სამწვრთნელო გადაადგილება ხდებოდა...
ყველაფრით გამორჩეული...
XXII ჩემპიონატი მართლაც საინტერესოდ მიმდინარეობს: წინა სეზონებისგან განსხვავებით, ოქროს მედლებისთვისაც რამდენიმე გუნდი იბრძვის და გასავარდნ ზონაშიც არანაკლებ დაძაბული სიტუაციაა. თუმცა, მიმდინარე სეზონი სხვა მხრივაც არის გამორჩეული: ლამის არის სათვალავი აგვერიოს, თუ რამდენი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა ჩემპიონატის დასაწყისიდან დღემდე.
...პირველი მწვრთნელი, ვინც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რამაზ მუმლაძე გახლათ: ეს გამოცდილი სპეციალისტი ქუთაისის "ტორპედოს" შვიდი ტურის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. სეზონში პირველი სამწვრთნელო გადაადგილებიდან ხუთი დღეც არ იყო გასული, მუმლაძის ბედი გოჩა ჩიქოვანმაც ("სპარტაკი") რომ გაიზიარა; ეს ყველაფერი სექტემბერში ხდებოდა, ისე როგორც "ოლიმპში" მიმდინარე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური პროცესები: VII ტურში სტუმრად "კოლხეთთან" დიდი ანგარიშით (1:5) დამარცხების შემდეგ რუსთაველთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ მცირეხნიანი შვებულება აიღო (ასეთი იყო კლუბის ოფიციალური ვერსია). "ოლიმპი" მომდევნო ტურში "სამტრედიას" ხვდებოდა და რუსთავული გუნდი მოედანზე თემურ მახარაძის ასისტენტებმა, არმაზ ჯელაძემ და იური გაბისკირიამ გამოიყვანეს. თუმცა, ამის შემდეგ მახარაძე ისევ დაუბრუნდა "ოლიმპს", მაგრამ ბოლნისში მარცხის მერე ეს გამოცდილი სპეციალისტი დღემდე უმუშევარია...
მახარაძის ნაცვლად "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად რამაზ მუმლაძე დაინიშნა, მაგრამ ჯერ კიდევ პირველი ეტაპის ბოლომდე რუსთავულ კლუბში მორიგი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა: "სამტრედიასთან" სტუმრად ნათამაშევი ფრეს შემდეგ, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, მუმლაძე გაათავისუფლეს...
ჩემპიონატის გადამწყვეტი, მეორე ეტაპი ვიდრე დაიწყებოდა, კიდევ ოთხი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა; თანაც, ორმა ახალგაზრდა და პერსპექტიულმა სპეციალისტმა, გელა სანაიამ ("სამტრედია") და გიორგი ყიფიანმა ("სიონმა") თავიანთი თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს. უფრო ადრე, კონკრეტულად კი 5 ნოემბრის მატჩის, ზუგდიდის "ბაიასთან" ფრედ დამთავრებული შეხვედრის მერე "დინამოს" მთავარი მწვრთნელობიდან კახა კაჭარავა გადადგა, თუმცა მის შემცვლელს თამაზ სამხარაძესაც არ უმუშავია დიდხანს და მეორე ეტაპი ვიდრე დაიწყებოდა, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი კვლავაც კახა კაჭარავამ ჩაიბარა.
მეორე ეტაპი თებერვალში დაიწყო და იმ თვეში ყველაფერმა "მშვიდად" ჩაიარა, აი, მარტში კი რამდენიმე სამწვრთნელო ცვლილება მოხდა; მთავარი მწვრთნელი "სიონში" კვლავაც შეიცვალა (სეზონში-მესამედ) და გუნდში ორი თვის წინ მისულ გიორგი ყიფშიძეს თანამდებობის დატოვება მოუხდა. "დინამოსთან" საშინაო მარცხის (6 მარტს) შემდეგ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზიაც გადადგა და ფოთელთა გუნდს მომდევნო ტურში დავით მახარაძე თავკაცობდა. ოღონდ, "კოლხეთში" სამწვრთნელო ცვლილებები ამით არ ამოწურულა და უკვე შემდეგ ტურში ფოთელთა გუნდს ქართული სამწვრთნელო სკოლის ვეტერანი სოსო ფილია მოძღვრავდა.
და აი, სულ ბოლო ამბავიც: მერაბ კოჭლაშვილი "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა.
სტაბილურობის გარანტი
...1998 წლის დასაწყისიდან ქართულ საფეხბურთო სივრცეში ახალი კლუბი, "ვიტ ჯორჯია" გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და სტაბილურ კლუბად ჩამოყალიბდა. რაც მთავარია, სწორედ "ვიტ ჯორჯიაა", ფაქტობრივად, ერთადერთი ქართული კლუბი, რენტაბელობით რომ თავს იწონებს (უკვე მესამე წელიწადია, მომგებიანი კლუბია). "ვიტ ჯორჯიას" განსაკუთრებულობა კიდევ რამდენიმე ფაქტორითაც არის განპირობებეული: დაარსებიდან დღემდე კლუბის პრეზიდენტი გურამ რუხაძე გახლავთ (მსგავსი ხანგრძლივობის სტაჟი ჩვენთან არც ერთ ხელმძღვანელს არ გააჩნია).
ცალკე საუბრის თემაა გუნდის სტაბილურობაც; "ვიტ ჯორჯიამ" სადებიუტო სეზონში X ადგილი დაიკავა, ორჯერ მეშვიდეზე გავიდა და დანარჩენ შემთხვევაში კი გუნდი მუდამ მედლებისათვის იბრძოდა. თუმცა, "ვიტ ჯორჯიაში" მწვრთნელებიც ძალიან ხშირად იცვლებოდნენ და ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა კონკრეტულ სეზონში სამი თუ ოთხი სპეციალისტიც დაუნიშნავთ და გაუთავისუფლებიათ. ამას გარდა, ერთდროულად რამდენიმე მწვრთნელიც ვიცით, "ვიტ ჯორჯიაში" რამდენჯერმე რომ მიბრუნებულან, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთლიანობაში, გუნდის საბოლოო შედეგზე ამას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი გუნდი ჯერ ამ სეზონის დაწყების წინ, შემდეგ კი მეორე ეტაპის დაწყებამდეც სერიოზულად გადახალისდა (უფრო ზუსტად, ერთიანად გაახალგაზრდავდა); ალბათ, ამის გამოც არის, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში, "ვეტერინარები" იმის საფრთხის წინაშე არიან, წლევანდელმა ევროტურნირებმა მათ გარეშე რომ ჩაიაროს. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და განა "ვიტ ჯორჯია" არ იყო ის გუნდი, თასის წინა გათამაშებაში სამბურთინი ჩამორჩენა რომ აღმოფხვრა? ეგაც რომ არ იყოს, "ვეტერინართა" ძველ-ახალ მთავარ მწვრთნელს ზურაბ ბერიძეს (ვინც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს) ჩემპიონატშიც საკმარისზე მეტი მოტივაცია ექნება - IV ადგილის დაკავების შემთხვევაში იმის შანსიც არსებობს, "ვიტ ჯორჯიამ" ევროპის ლიგაზე რომ იასპარეზოს.
2003-04 წლების სეზონში, "ვიტ ჯორჯიას" ტრიუმფით რომ დასრულდა, ზურაბ ბერიძე ჯერ "ვეტერინართა" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, შემდეგ კი... მერაბ კოჭლაშვილის ასისტენტი; ამის შემდეგ წლების განმავლობაში ჯანი კარნევალესა და რამაზ მუმლაძეს ეხმარებოდა, გუშინდლამდე კი მერაბ კოჭლაშვილის ასისტენტი იყო და აი, "ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელებმა ამ ცაიტნოტურ სიტუაციაში გუნდის გაძღოლა ისევ თავიანთ კადრს, ზურაბ ბერიძეს მიანდეს...
.