ვისაც ამ გუნდის და 22 წლის პლეიმეიკერის თამაშები უნახავს, დამეთანხმება, რომ ის უნარიანად წარმართავდა ცხინვალლეთა თამაშს და მას საკმაოდ სანახაობრივს ხდიდა. საქართველოს მოედნებს ასეთი ნათელი გონების "ათიანები" აშკარად დააკლდა და ბევრი თვლის, რომ ბოლქვაძე ამ პოზიციაზე საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა.
სამწუხაროდ, ბოლო სამი ტურია ბოლქვაძე "სპარტაკსაც" დააკლდა
რატომ არ თამაშობს "სპარტაკის" შეტევების ლიდერი? ამ კითხვით როგორც გუნდის პრესატაშე დავით ცაბაძეს მივმართეთ. მან გვითხრა, რომ ბოლქვაძე ფოთის "კოლხეთთან" შეხვედრაში დაშავდა. მას კოლხი მცველები საკმაოდ ეუხეშებოდნენ და ბოლოს კუნთი გაეჭიმა. სავარაუდოდ, "სპარტაკის" პლეიმეიკერი მოედანს მხოლოდ მაისში დაუბრუნდება.
გარდა კუნთის ტრავმისა, ბოლქვაძეს ტრავმის შემდეგ დაბალი სიცხეები აწუხებდა და ექიმებმა მხოლოდ ბოლო მომენტში აღმოაჩინეს, რომ ჰაიმორიტიც ჰქონდა და საკმაოდ მძიმე მკურნალობა დასჭირდა. შუბლის მიდამოებში ჩირქი დაუგროვდა და როგორც გვითხრეს, ბედზე გადაარჩინეს.
ვალერი უკვე მეორე კვირაა ვერ ვარჯიშობს და იმ გუნდებთან გამოტოვა შეხვედრები, რომლებსაც განსაკუთრებულად ელოდა - "ზესტაფონთან" და თბილისის "დინამოსთან". ამ უკანასკნელთან ბოლქვაძეს უსიამოვნო მოგობებები აკავშირებს, თბილისელებმა შარშან გულნატკენი გაუშვეს და შეხვედრისთვის ერთი თვით ადრე ემზადებოდა. არადა ფეხბურთელისთვის სწორედ ლიდერებთან შეხვედრებია მნიშვნელოვანი.