ხუთმაგი მოტივაცია

AutoSharing Option
სააპრილო მარათონის ბოლოსწინა ტური უდიდეს ინტერესს იწვევს: ხუთივე მატჩი სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და ჩემპიონატის მონაწილე ათივე გუნდი მოტივაციის ნაკლებობას არ უნდა განიცდიდეს.

ისე, ჩვენი "შეხსენება", ალბათ, ზედმეტიც არის: დღევანდელ წყვილებთან ერთად სატურნირო ცხრილსაც გადახედეთ და ყოველივე ზემოთქმულში თავად დარწმუნდებით. რა თქმა უნდა, "საჩემპიონო რბოლა" განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ცხრილის ქვედა ნაწილშიც "დიდი ამბებია" მოსალოდნელი.

ეგ კი არა, მეოთხე ადგილისთვისაც უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ: ბოლოს და ბოლოს, იმის ალბათობაც ხომ არსებობს, რომ სწორედ მეოთხე ადგილზე გასულმა გუნდა მოიპოვოს ევროპის ლიგის საგზური (თუმცა,
მეოთხე ადგილს "ნაღდი ფასი" საქართველოს თასის განმეორებითი ნახევარფინალების შემდეგ დაედება, როცა ფინალისტები გაირკვევა).

"ბაია" და "დინამო" ხუთი დღის განმავლობაში ერთმანეთს მეორედ უნდა შეხვდნენ; ბოლო დროს აღმავლობით მოასპარეზე "ტორპედოს" ურთულესი მატჩი ელოდება სტუმრად "კოლხეთთან"; ჩემპიონატში ზედიზედ სამი მარცხისა და თასზე პირველლიგელ "გაგრასთან" დიდი ანგარიშით წაგების მერე "ვიტ ჯორჯია" ახალი მთავარი მწვრთნელით უნდა ესტუმროს "სამტრედიას"; უფრო ზუსტად, ძველ-ახალით, - ზურაბ ბერიძე ხომ წლებია "ვეტერინართა" სამწვრთნელო შტაბშია და ამ გუნდის პირველი საჩემპიონო ტრიუმფის ერთ-ერთი თანამონაწილეც გახლავთ;

არანაკლებ ინტერესს იწვევს ბოლნისური დაპირისპირებაც: ხვიჩა ქასრაშვილის ხელმძღვანელობით "სიონმა" ზედიზედ სამი საშინაო დაპირისპირება მოიგო და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა. თუმცა, ბოლნისელებს უმაღლეს ლიგაში დარჩენა გარანტირებული ჯერ არა აქვთ და ამ მხრივ, დღევანდელი მატჩი მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. აღარაფერს ვამბობთ მეტოქის მოტივაციაზე: ლამის ორი თვეა, "სპარტაკს" ჩემპიონატში მატჩი რომ არ მოუგია და ამის გამოც არის, რომ ბადრი კვარაცხელიას გუნდი მეტ-ნაკლებად "გადამრჩენელ", VIII ადგილზე მყოფ "კოლხეთს" უკვე ექვსი ქულით რომ ჩამორჩება.

სხვათა შორის, ეს წყვილი სხვა ფაქტორითაც არის საინტერესო: "სიონში" არაერთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, სხვადასხვა დროს "სპარტაკში" რომ ასპარეზობდა და პირიქით, ცხინვალელთა გუნდშიც ასევე რამდენიმე მოთამაშეა (პლუს მთავარი მწვრთნელი), რამდენიმე სეზონი რომ აქვთ გატარებული ბოლნისურ კლუბში.

მოკლედ, საინტერესო ტური გველოდება და, რაღა თქმა უნდა, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ამ თვის და, ალბათ, საერთოდ მეორე ეტაპის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირება; ჰო, რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, თუ რამხელა სატურნირო მნიშვნელობა ექნება ერთპიროვნული ლიდერისა და მოქმედი ჩემპიონის დაპირისპირებას. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ტელემაყურებელს კვლავაც ექნება საშუალება ტურის ამ ცენტრალურ დაპირისპირებას პირველი არხის მეშვეობით პირდაპირ ეთერში უცქიროს.


სხვადასხვა განწყობა
ვიდრე "ოლიმპისა" და "ზესტაფონის" ამჟამინდელ სატურნირო მდგომარეობაზე ვისაუბრებდეთ, დღევანდელი მეტოქეების ურთიერთდაპირისპირების ისტორიაც ვახსენოთ. ბოლო წლების ორი გამორჩეული ქართული გუნდი უმაღლეს ლიგაში არცთუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა და "ოლიმპისა" და "ზესტაფონის" თითქმის ყველა დაპირისპირება უკომპრომისოდ მიმდინარეობდა. დღევანდელ მატჩამდე მცირე უპირატესობა "ოლიმპის" მხარეს არის: 5 მოგება, 4 ფრე და 4 წაგება (ბურთების სხვაობა: 11-12). ამ ჩამონათვალში ერთი შეხვედრა არ გვიგულისხმია: ხვდებით, ალბათ, რომ შარშან, 20 მარტს ზესტაფონში ჩატარებულ მატჩზე ვსაუბრობთ.

ჰო, ეს კი მართლაც სკანდალური შეხვედრა იყო... არანაკლებ სკანდალური თუ "უცნაური გაგრძელებით": მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა (ანგარიში 1:1 იყო), როცა "ოლიმპის" სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე მეორე ბურთი შემოაგდეს; არადა, ამ დროს "ზესტაფონს" შტურმი ჰქონდა დაწყებული სტუმართა კართან, მაგრამ მოედანზე მეორე ბურთის "გამოჩენის" გამო მსაჯმა თამაში შეაჩერა, მერე ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის "მამა-პაპური" ჩხუბიც გაჩაღდა და შეხვედრაც, ფაქტობრივად, აღარ დამთავრებულა. თუმცა, "უცნაურობა" ამის შემდეგაც გაგრძელდა - ორივე გუნდს წაგება ჩაეთვალა და ამას გარდა, "ოლიმპს" სამი ქულაც ჩამოაკლეს! ეგ კი არა, ლაპარაკი, თურმე, ათი ქულის ჩამოკლებაზეც ყოფილა და აი, ამ შემთხვევაში კი რუსთავული გუნდის საჩემპიონო შანსები მკვეთრად შემცირდებოდა.

ამ სეზონამდე "ზესტაფონი" სამი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა "ოლიმპის" დამარცხებას და აი, პირველი წრის მატჩში ნიკოლოზ გელაშვილის ერთადერთი გოლით ნავსი გატეხა. ასეთივე ანგარიშით (1:0) გაიმარჯვა მეორე წრის მატჩში "ოლიმპმა" - ალექსანდრე კვახაძის საჯარიმოდან გატანილი გოლის წყალობით რუსთაველები სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.

სხვათა შორის, "ოლიმპს" იმ დროისათვის მართლაც ჩინებული, 12-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც "ზესტაფონთან" მესამე წრის შეხვედრაში დასრულდა (გოლები გაიტანეს ნიკოლოზ გელაშვილმა და შოთა გრიგალაშვილმა). კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: ამ სამივე დაპირისპირებაში "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს სამ... სხვადასხვა კოლეგასთან უწევდა პაექრობა: ჯერ, თემურ მახარაძესთან, შემდეგ რამაზ მუმლაძესთან, ბოლოს კი თორნიკე მაისურაძესთან. ისე, ამ სეზონში "ზესტაფონისა" და "ოლიმპის" გზები თასის მეოთხედფინალშიც გადაიკვეთა: პირველი მატჩი იმერულმა კლუბმა მოიგო (3:0), განმეორებითი კი რუსთავში ფრედ დასრულდა (0:0).

დღევანდელი მატჩი სხვა მხრივაც არის საინტერესო: "ოლიმპს" საკუთარ მოედანზე ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს (45 შესაძლებლობიდან 41 ქულა), ხოლო "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგის ყველა დანარჩენ გუნდს ჯობს სტუმრად ჩატარებულ მატჩებში. საერთოდაც, "ზესტაფონს" სხვა გამორჩეული მაჩვენებლითაც შეუძლია იამაყოს: გია გეგუჩაძის გუნდს ჩემპიონატში უკვე 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. თანაც, იმერული კლუბი ბოლოს... სწორედ "ოლიმპთან" დამარცხდა (შარშან, 5 ნოემბერს).

პირველი ეტაპი დღევანდელმა მეტოქეებმა ერთნაირი ქულებით დაამთავრეს; აი, დღესდღეობით კი "ზესტაფონი" ექვსი ქულით უსწრებს მოქმედ ჩემპიონს და ფინიშამდე ექვსი ტურით ადრე სოლიდურ ჰანდიკაპადაც უნდა მივიჩნიოთ; მით უფრო, რომ არც "ზესტაფონსა" და არც "ოლიმპს" ჩემპიონატის ბოლომდე ""ბომბა-მატჩები" აღარ ელოდებათ. თუმცა წინასწარი პროგნოზებისგან თავის შეკავება გვმართებს: აბა, ვინ იფიქრებდა, "ოლიმპი" მეორე ეტაპზე ოთხ მატჩს თუ წააგებდა? ან, იქნებ, ის დაავიწყდა ვინმეს, სულ ახლახანს "ზესტაფონს" რომ "ფრეების სინდრომი" შეეყარა;

მოკლედ, უშეღავათო ბრძოლის მოლოდინში ვართ, თუმცა იმის გარდა, რომ მეტოქეები აშკარად "არაერთგვაროვან ხასიათზე" მოვიდნენ დღემდე, მასპინძლებს საკადრო პრობლემებიც მოსძალებიათ. ისე, მართლაც უცნაურია, მაგრამ ფაქტია: მეორე ეტაპის დაწყებიდან ვერაფრით გაგვიხსენებია ისეთი შეხვედრა, ქვეყნის ჩემპიონს ოპტიმალური შემადგენლობით რომ ეასპარეზა. თანაც, ამ შემთხვევაში ტრავმები არაფერ შუაშია - თითქმის ყოველ მატჩში დისკვალიციკაცის გამო "ოლიმპს" სულ მცირე, ორი-სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა ხოლმე. ასეა დღესაც - "ზესტაფონთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ რევაზ ქემოკლიძე და დავით ბოლქვაძე; ამათ გარდა, თორნიკე მაისურაძესაც არ ექნება თავისი გუნდის სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის უფლება...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული