სამაგიეროდ, დიდი იყო ბოლო წუთის მაჯისცემა: თემიდის მსახურები ერთ წუთში ორჯერ მოექცნენ აღშფოთებული მობურთალების ალყაში, ნამატჩევს კი მათთან საქმეს ორივე გუნდი ერთდროულად "არჩევდა".
ეს ყველაფერი კი ბოლო დამატებულმა წუთმა "დაიტია": უკვე მეოთხე მსაჯის მიერ ნაჩვენები სამი წუთი იწურებოდა, როცა "კოლხეთმა" შეხვედრაში, ალბათ, ყველაზე
რა თქმა უნდა, კოლხები მსაჯს მისცვივდნენ და პასუხს თხოვდნენ, თუმცა შეხვედრა გრძელდებოდა და უარესიც მოხდა: უკვე მეოთხე (!) დამატებული წუთიც ამოწურული იყო, როცა ქუთათურებმა გოლი გაიტანეს: დაახლოებით ათიოდ მეტრიდან შეცვლაზე შესული თარხნიშვილის თავურმა დარტყმამ კოლხ მცველებსა და მეკარეს ზემოდან გადაუარა და ბადეში გაეხვია. ვადაჭკორია უკლებამ სწორედ მაშინ "გადაარჩინა" - მეტად საჩოთირო და ჩვენგან ისე ჩანდა, არარსებული თამაშგარე დააფიქსირა, რითაც არბიტრზე "დარტყმა" თავის თავზეც "გადაინაწილა".
როგორც კი არბიტრმა საფინალო სასტვენი მისცა, ორივე გუნდის მობურთალები მსაჯებს მიცვივდნენ - ფოთელები ვადაჭკორიას, ქუთათურები - ლაინსმენ უკლებას.
"დაგედო პენალტი და ასეთ სისულელეებს აღარ გააკეთებდი"; "პენალტი არ დადე, მაგრამ დაამთავრე ბარემ თამაში, დრო ამოწურულია და რას იგონებ?", "საიდან მოიფიქრე თამაშგარე, ლამის ხაზზე იდგნენ მეკარე და მცველები"; "არდანიშნული პენალტის გამოსწორება გოლის არჩათვლაა?" - ალბათ, იოლად მიხვდებით რომელ მხარეს ეკუთვნის კონკრეტული ფრაზები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, უწმაწური სიტყვების კორიანტელი მოვაშორეთ. მხარეები ერთ რამეზე შეთანხმდნენ: ბოლო წუთზე მსაჯებმა ორი უხეში შეცდომა დაუშვეს - ორივე გუნდი რომ უკმაყოფილო გეყოლება, მაგას მსაჯობა არ ჰქვიაო...
არადა, მატჩის 92 წუთი ისე მიიწურა, არც მსაჯობის მიმართ ჰქონდა ვინმეს სასაყვედურო და მობურთალებმაც საინტერესო ფეხბურთი შესთავაზეს გულშემატკივრებს. აშკარა იყო, ქუთათრებმა ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და მოგების გაცილებით მეტი შანსი ჰქონდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ან კოლხი მცველები თამაშობდნენ საიმედოდ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლაშა ძაგანიას თამაში - მასპინძელთა მეკარე შეხვედრაში უდავოდ საუკეთესო გახლდათ.
უკვე მეათე წუთზე, დოლიძის ჩაწოდებულს ახლო მანძილიდან თავი კვარაცხელიამ დაუხვედრა და ძაგანიამაც პირველად მაშინ ითამაშა საიმედოდ. ტაიმის შუაში კი იმავე დოლიძეს ახლოდან გატანა მართებდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარის ბადეს გარედან მოარტყა. იქვე ქუთათურთა ახალწვეულმა ფლანგიდან სახიფათო გადაცემა გააკეთა, ბურთი მასპინძელი მცველებისგან კარში მიდიოდა და "კოლხეთი" მეკარემ გადაარჩინა.
რა თქმა უნდა, ამ დროს ფოთელები მხოლოდ დაცვაზე არ ფიქრობდნენ, თავიდან გადაცემების სიზუსტეში კი მოიკოჭლებდნენ, მაგრამ სოსო ფილიას შეგირდებმა თანდათან თამაში დაალაგეს და ლამის პირველი ხეირიანი შეტევა გოლით დაასრულეს - 41-ე წუთზე, ქუთათურებს კი ეგონათ, ბურთი მოედნიდან გავიდა, მაგრამ კვერენჩხილაძემ მისი თამაშში დატოვება შეძლო, ზამირ ჯანაშიამ კი მდივნიშვილს გოლით უპასა, 1:0.
ქუთათურებს გასათანაბრებლად დიდი დრო არ დასჭრვებიათ - ძაგანიამ ახლოდან დარტყმული სასწაულებრივ კი უკუაგდო, მაგრამ მცველები ვეღარ მიეშველნენ და რეზო გოცირიძეს გატანა არ გასჭირვებია, 1:1.
მალევე ქუთათურები პენალტს ითხოვდნენ, შემდეგ კი რამდენჯერმე დასჭირდა ოსტატობის ჩვენება ძაგანიას, იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ სველი ბურთი ერთხელაც არ გავარდნია ხელიდან. კოლხთაგან კი კვერენჩხილაძის ფლანგური შეტევის გამორჩევა შეიძლება.
ბოლოს კი იყო ის ორი ეპიზოდი, რასაც მსაჯებზე გაწევა და სიტყვიერი შეურაცხყოფების კორიანტელი მოჰყვა. ვადაჭკორია და კომპანია პოლიციამ და სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანეს სამშვიდობოს. გასახდელთან ახლოს თავმოყრილი ქომაგების შეკავება კი პოლიციის კორდონმა მოახერხა.
მატჩის შემდეგ:
გიორგი გიგატაძე ("ტორპედო"): "კარგი თამაში იყო, კმაყოფილი ვარ, თუმცა, შედეგით უკმაყოფილო ვარ. ასევე იქნება "კოლხეთიც". ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა, დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცოდავდით. ცუდი იყო მინდვრის საფარიც. რაც შეეხება მსაჯობას, ეს შესაბამისი სამსახურების საქმეა."
სოსო ფილია: "მსაჯებზე არც მე ვილაპარაკებ. ჩვენ მოგება გვჭირდებოდა და ამისთვის ყველაფერი გავიღეთ. მეტოქე შესწავლილიც გვყავდა, თუმცა სამწუხაროდ, მოგება ვერ მოვახერხეთ. არადა, 3 ქულა მნიშვნელოვანი იყო. გია გიგატაძე ჩემი ყოფილი შეგირდია და წარმატებებს ვუსურვებ."
23.04.2011 ფოთი. ფაზისი. 1000 მაყურებელი
კოლხეთი-ტორპედო 1:1
1:0 მდივნიშვილი (41. ჯანაშიას პასით), 1:1 გოცირიძე (54).
კოლხეთი ტორპედო
4-1-3-1-1 4-4-2
ძაგანია მიგინეიშვილი
ცხვიტარია ფოფხაძე
მახვილაძე თოდუა
ინწკირველი ფარულავა
გავაშელიშვილი ჩიკვილაძე
გოგონაია გ. დოლიძე
ზ. ჯანაშია დიღმელაშვილი
გვალია გ. დათუნაიშვილი
სიჭინავა სეთურიძე
კვერენჩხილაძე რ. გოცირიძე
მდივნიშვილი ვ. კვარაცხელია
მწვრთნელი მწვრთნელი
ს. ფილია გ. გიგატაძე
კოლხეთი
53. ჯანაშია-წიქარიშვილი
65. სიჭინავა-გულუა
90. მდივნიშვილი-გელაჭეიშვილი
სათადარიგოები: ლობჟანიძე, მოისწრაფეშვილი, გეგელია, ლემონჯავა
ტორპედო
70. დოლიძე-თარხნიშვილი
85. კვარაცხელია-ლ. ქებაძე
სათადარიგოები: ქვილითაია, გიგაური, მაჭავარიანი, ბაკურაძე, გუგუჩია
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)
მამუკა ქანთარია
ფოთიდან