დუბლით სამი ქულა

AutoSharing Option
ერთკვირიან ინტერვალში "ბაია-დინამოს" ორჯერად შეხვედრას, ინტერესი და სანახაობა მართლაც რომ არ მოკლებია. თბილისურ მატჩში გოლით სტუმრები დაწინაურდნენ და გასაკვირი არც იქნებოდა ზუგდიდელებს ეროვნულზე ქულაც აეღოთ, თუმცა გამოცდილმა "დინამომ" სამი ქულა ბოლო წუთებზე გამოიმუშავა, ხოლო ანალოგიური სცენარი ზუგდიდში განმეორდა, როცა პირველი გოლი სტუმრებმა შეაგდეს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ გამარჯვებას ზუგდიდშიც "დინამომ" მიაღწია.

ზუგდიდში მატჩი კი მძიმე, მაგრამ მართლაც საინტერესო და დაძაბული გამოდგა. უამინდობამ მინდორი ერთიანად სათამაშოდ უვარგისი გახადა და ფეხბურთელებს ბრძოლა ფაქტობრივად ტალახში მოუწიათ, მაგრამ ამის მიუხე
დავად ფეხბურთელებმა ქომაგებს ბრძოლისუნარიანი თამაში და ეროვნულის მიჯნაზე საკმაოდ მაღალი ტემპი შესთავაზეს.

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და ამ აქტიურობას ოდნავ იღბალიც რომ წახმარებოდა, მასპინძლებს დაწინაურება პირველ ტაიმშივე მართებდათ, რადგან ისინი ბურთზე კონტროლით, სახიფათო ეპიზოდებით და სათამაშო ტემპით, სტუმრებს აშკარად ჯობნიდნენ. ერთადერთი ეპიზოდი 10-ე წუთზე სტუმრთაგან ფანცხავამ შექმნა როცა პარტნიორის გადაცემას თავური დაბოლოება სომხიშვილის კართან ახლოს მისცა, თუმცა დარტყმა ძალიან სუსტი გამოუვიდა. ამის შემდეგ სტუმრებს ფაქტობრივად პირველი ტაიმი სახიფათოდ, "ბაიას" კარის დარაჯი აღარც შეუწუხებიათ თუ არ ჩავთვლით კოშკაძის შორეულ დარტყმას, რომელიც დიდი მანძილით აცსდა კარის ჩარჩოს. ჩვენს მიერ მონიშნული ეპიზოდების ქრონოლოგია კი ასეთია:

17-ე წუთზე ფლანგიდან წურწუმიამ ტექნიკურად ჩამოიცილა მეურვე და ზუსტი პასით ეხვაია პირისპირ შეატოვა ლორიას, თუმცა ზუგდიდელთა ფორვარდმა მკერდით ბურთი ძლიერად წინ გაიგდო და გვერდით ხაზს იქით გაექცა. რამდენიმე წუთში იმავე წურწუმიამ ითამაშა კარგად და მისი საკმაოდ ძლიერად დარტყმული ბურთი ერთ-ერთ "დინამოელს" უხერხულად მოხვდა-მასპინძლებმა ხელით თამაშზე მიანიშნეს მთავარ არბიტრს, თუმცა მსაჯმა ხვიჩა გაგნიძემ თამაშის გაგრძელება მიანიშნა, რასაც პირველი მძიმე მუხტი ტრიბუნებზე და მინდორზეც ერთდროულად მოჰყვა. სიტუაცია კი უმალ ჩანწყნარდა და თამაშიც გაგრძელდა. ცოტა ხანში "ბაიას" გამოკვეთილი ფორვარდი ქობალიაც ათამაშდა და ბურთი ორჯერ კარშიც დაარტყა, მაგრამ მცველები მის განეიტრალებას მაინც ახერხებდნენ.

ეხვაია-ქობალიას, ფლანგებიდან პასებით კარგად ლომია-წურწუმიას დუეტი ამარაგებდა და ხიფათიც აქედან იქმნებოდა მეტწილად, თუმცა ცალკე აღნიშვნის ღირსია სიხარულია, რომელიც ბოლოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლის ავტორად მოგვევლინა, მაგრამ მანამდეც შეიძლება ითქვას მატჩის ფლეიმეიკერიც სწორედ ის გახლდათ. ამასობაში უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათი არზიანმა მიიღო და ამ საჯარიმოდან მასპინძლებმა კიდევ ერთი ხიფათი შექმნეს. ონიანის მიერ საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი ერთ-ერთ დინამოელ მცველს თავზე მოხვდა და ბურთი ლორიას კარისკენ წავიდა, სტუმართა მეკარემ კი წამებში მოასწრო რეაგირება და ნახტომში მოიგერია. პირველი ტაიმში კი შედეგი არ შეცვლილა და გუნდები უგოლო ფრედ გაეყარნენ ერთმანეთს.

მეორე ტაიმი კი აქტიურობით სტუმრებმა განაახლეს და რამდენიმე წუთში სწრაფი გოლითაც დაწინაურდნენ. 49-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კვარაცხელიამ თავით ზუსტად კარში გადაგზავნა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. გატანილმა გოლმა სტუმრებს მეტი საბრძოლო განწყობა შემატა და უკვე "დინამოს" ლეგიონერმა რობერტინიომ იმდენად ძლიერად დაარტყა "ბაიას" კარში, რომ სომხიშვილმა აკრობატულ ნახტომში შეძლო ბურთის მოგერიება.

ნელ-ნელა მასპინძლებიც გამოვიდნენ ამ ეიფორიიდან და თამაშის დალაგებაც შესძლეს. სიხარულიას გააზრებული პასებით ზუგდიდელებმა შეტევებს მოუხშირეს და უკვე ერთ-ერთ ეპიზოდში ეხვაიამ თავით გაისროლა კარისკენ, თუმცა ლორია ადგილზე დახვდა ბურთს. რამდენიმე წუთში "დინამოს" კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. სიხარულიამ კი მართლაც უნაკლოდ შეასრულა ჯარიმა და ეროვნული ნაკრების მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ბურთი კი ძლიერი დარტყმით ცხრიანში "შეტენა" და 61-ე წუთზე წონასწორობაც აღადგინა.

გამთანაბრებელმა გოლმა დადებითად იმოქმედა მასპინლებზე და ტრიბუნებიც ახმაურდა, თუმცა დაძაბულობამაც თანდათან თავი იჩინა. პირველი აჟიოტაჟი აფაქიძესთან უხეშ თამაშს მოჰყვა, როცა მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, "ბაიას" ფეხბურთელები კი "დინამოელის" ყვითელი ბარათით დასჯას ითხოვდნენ, ხოლო მცირეოდენი არეულობა "დინამოელთა" მეორე გოლს მოჰყვა. მოედნის ცენტრში ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ქვარცხავა და შონია ერთმანეთს შეეჯახნენ, რასაც ერთ-ერთი დინამოელის წაქცევაც მოჰყვა, გაგნიძემ ჯარიმა დანიშნა და ამ საჯარიმოდან კვარაცხელიამ თავურით მეორე გოლი გაიტანა და დუბლიც გაიფორმა.

ზუგდიდელებმა სწორედ ეს ჯარიმა გააპროტესტეს ხმაურიანად. დაძაბულობის მუხტმა ჯერ ტრიბუნებს გადაურა, როცა "ბაიას" და "დინამოს" ქომაგები წაკამათდნენ, თუმცა აქ სიტუაცია მალევე დაწყნარდა, ხოლო პროტესტი "ბაიას" ფეხბურთელების მიერ მსაჯთან კამათში გადაიზარდა და მთავარი არბიტრის მინდორზე წაქცევაც ვიხილეთ. ამ ეპიზოდს შეიძლება იმდენი ყურადღება არ დათმობოდა, რომ არა სატელევიზიო არხების მიერ ნაჩვენები კადრები. მსაჯთან უხეშობა ნებისმიერ მომენტში მკაცრად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ მთავარ მსაჯს მისი წაქცევისთვის იმ ეპიზოდში მინდვრიდან არავინ გაუძევებია და ოქმშიც ვერ ვნახეთ არბიტრის პროტესტი მასთან უხეშობისთვის.

კახი კაჭარავა (დინამო): "ამ პირობებში თამაშზე საუბარი ზედმეტია და ყველამ ნახა ეს, თუმცა ჩემს ბიჭებს შრომა მინდა დავუფასო და მადლობა ვუთხრა. ბოლომდე იბრძოლეს და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ."

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "წაგების მიუხედავად უკმაყოფილო ჩემი ბიჭების თამაშით ნამდვილად არა ვარ. იყო გარკვეული შეცდომები, რასაც არ გაპატიებს ისეთი გუნდი, როგორიც "დინამოა". სხვათა შორის ერთ ფაქტსაც მინდა შევეხო. ყველა ჩამოსული გუნდი ზუგდიდის მინდორზე პრეტენზიულია და ამ მხრივ პირველები ჩვენ ვართ, თქმა არ უნდა მინდორი უვარგისი იყო დღეს, მაგრამ 4 დღის წინ კარგ მინდორზეც ითამაშა "ბაიამ" და დაამტკიცა, რომ ყველგან შეუძლია თამაში. ასე რომ წაგებას ყოველთვის მინდორს ნუ დავაბრალებთ."



ზუგდიდი, ცენტრალური სტადიონი 1500 მაყურებელი
ბაია-დინამო 1:2
გოლი: გივი კვარაცხელია (49), ზვიად სიხარულია (61), გივი კვარაცხელია (78)

ბაია დინამო
4-4-1-1 4-2-3-1

სომხიშვილი ლორია
აფაქიძე თომაშვილი
აქუბარდია ჰომოლა
ონიანი კაკუბავა
ქვარცხავა ხმალაძე
ნ.შონია კოშკაძე
ლომია კვარაცხელია
სიხარულია რობერტო
წურწუმია არზიანი
ეხვაია კახელიშვილი
ქობალია ფანცხავა

მთ. მწრვთნელი მთ. მწვრთნელი
ელგუჯა ქომეთიანი კახი კაჭარავა

ბაია
72. ეხვაია – ვართაგავა
79. ლომია – რიგვავა
88. ნ.შონია - სამუშია

სათადარიგოები: მაქაცარია, სვირავა, ჩანგელია, გამრეკლიძე

დინამო
46. არზიანი – კვეკვესკირი
69. კახელიშვილი – ჯუისი
90. რობერტო – ტატანაშვილი

სათადარიგოები: ზარქუა, ღონღაძე, მაროვიჩი, თექთურმანიძე
გაფრთხილება: ქვარცხავა (6), არზიანი (41), რობერტო (56), წურწუმია (56), აქუბარდია (73), ონიანი (78), ვართაგავა (80)

არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე

ლაშა გოგილავა
ზუგდიდან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული