გია კვარაცხელია: აქ ურთულესი ჩემპიონატია

AutoSharing Option
გია კვარაცხელია თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა. მეორე ეტაპზე ის 18-კაციან განაცხადშიც ვერ ხვდებოდა იმის მიუხედავად, რომ ჯანზე იყო და ტრავმა არ აწუხებდა. ზუგდიდის "ბაიასთან" ძირითადში საყრდენად ითამაშა და თბილისელებმა სწორედ მისი დუბლის წყალობით გაიმარჯვეს.

"მიხარია, რომ მწვრთნელის ნდობა გავამართლე და ძირითადში დაბრუნება დუბლით აღვნიშნე. ეს ის შეხვედრა იყო, რომლის მოგებაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ კლუბს მოეთხოვებოდა. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. წლევანდელ სეზონში სულ ოთხი გოლი გავიტანე, აქედან სამი თავურით.

სხვათა შორის, კარიერის დასაწყისში ამდენი
ვერ გამქონდა. საკუთარ თავში გოლეადორული თვისებები ბელარუსში აღმოვაჩინე, სადაც კლუბის ბომბარდირობის ამბიციაც გამიჩნდა და 2010 წელს ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი ვიყავი. ეტყობა, საგოლე ალღო წლებისა და გამოცდილების შედეგია. ინტუიციით ვგრძნობ, კუთხურის ან ჯარიმის გათამაშებისას ბურთს სად უნდა დაველოდო. "დინამოში" უფრო დაცვაში მაყენებდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, პირველ ეტაპზე სამჯერ გავიტანე, რაც მცველისთვის ურიგო შედეგი არ არის" - ამბობს კვარაცხელია.

მისი თქმით, ახლა დინამოელები განსაკუთრებით მოტივირებულები არიან, რადგან ჩემპიონობის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ:"ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა. ვიცით, რომ საამისოდ ძალიან მცირე შანსი გვაქვს, რადგან "ზესტაფონი" საკმაო უპირატესობით გვისწრებს, თანაც მშვენიერი კლუბია და თავისი თამაშით ჩემპიონობას იმსახურებს. მაგრამ ახლა "დინამო" ნაღდად არ არის მასზე ნაკლები.

ჩვენი ტრადიცია და ისტორიაც გვავალდებულებს, რომ მხოლოდ პირველობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. სანამ მცირე თეორიული შანსი მაინც გვექნება, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული, დარჩენილ შეხვედრებში "ზესტაფონმა" ქულები უნდა დაკარგოს, ჩვენ კი ქულების მაქსიმალური რაოდენობა უნდა დავაგროვოთ. სანამ შანსი ჯერ კიდევ არსებობს, უნდა გამოვიყენოთ".

"დინამოს" ფეხბურთელი დღეს "ვიტ ჯორჯიასთან" რთულ შეხვედრას ელის:

"ეს კლუბი ყოველთვის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით. საერთოდ, ჩვენ ჩემპიონატს ბევრი ზერელედ უყურებს და სულ ტყუილად: აქ ძალიან რთული მეტოქეობაა, ყველაზე სუსტ გუნდთან გამარჯვებასაც ბრძოლით თუ მოიპოვებ. ეს იმიტომ, რომ ქართველ კაცს ფეხბურთის თამაშის ნიჭი გააჩნია. მაგალითად აუტსაიდერი "სამტრედია" ავიღოთ: სანამ გუნდს დაფინანსების იმედი ჰქონდა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორი თავგამოდებით ომობდა და მოგვიგო კიდეც. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ასე რომ, იოლ გასეირნებას არავისთან ველით. ყველა მოწინააღმდეგესთან მონდომებით ვემზადებით, არა აქვს მნიშვნელობა, აუტსაიდერია თუ ლიდერი".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული