ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი კლუბების წარმომადგენლებს კომენტარი ვთხოვეთ.
შოთა შერმადინი, რუსთავის "ოლიმპის" პრესატაშე: "ჩვენ იმ სადავო ეპიზოდების ვიდეომონტაჟს ვაკეთებთ, რომლებიც მეორე ეტაპზე "ოლიმპის" მატჩებში დაფიქსირდა. ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვი, დამონტაჟებას როდის დავასრულებთ, მაგრამ შევეცდებით, რაც შეიძლება მალე მოხდეს და საზოგადოებას სრულყოფილად ვაჩვენოთ, რა გვაწუხებს და რატომ არის "ოლიმპის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილო.
ფაქტია, რომ პრობლემა ბევრჯერ შეგვექმნა და ბევრ ლაპარაკს
ფაქტია, რომ მსაჯობით კმაყოფილი არავინ არის. ჩვენ ნაკლებად გვაინტერსებს, ეს შეგნებულად კეთდება თუ შეუგნებლად, არც ვამტკიცებთ, რომ "ოლიმპს" ვინმე მიზანმიმართულად ძირავს, მაგრამ ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება - მსაჯობა დამაკმაყოფილებელი არ არის და მდგომარეობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგან ქართულ ფეხბურთში ვითარება სხვაგვარად ვერ გაჯანსაღდება."
სერგო ფუტკარაძე, "ზესტაფონის" პრესატაშე: "ჩვენს კლუბს ბევრი კითხვა გაუჩნდა მსაჯობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის შემდეგ და ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციას პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ. თუმცა შორს ვართ იმისგან, რომ მსაჯთა შეცდომებში კანონზომიერება და "ზესტაფონის" წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება დავინახოთ. იმიტომ, რომ ბუნებაში იდეალური ადამიანი არ არსებობს და მას შეცდომები ახასიათებს. ასევე ვუდგებით მსაჯების შეცდომებსაც. საერთოდ, ჩვენ არ ვიზიარებთ შეთქმულების თეორიებს და ასე იყო ადრეც, როდესაც ამ თეორიას დიდი გასაქანი ჰქონდა.
ვერავინ უარყოფს, რომ გულსატკენი შეცდომების შედეგად ჩვენც დავზარალებულვართ, რომ მსაჯების კვალიფიკაცია ასამაღლებელია, მაგრამ მსაჯთა კორპუსში ახალი თაობის პერსპექტიული არბიტრების გამოჩენა ამ სფეროში ვითარების გაუმჯობესების იმედს გვინერგავს."
გიორგი ნემსაძე, თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი: "არის საკითხები, რომლებზეც თვალს ვერ და არ დავხუჭავთ. მაგალითად, ჩვენ კითხვები გვიჩნდება შემდეგზე: "ზესტაფონს" თბილისის "დინამოსთან" პრინციპულ შეხვედრებში ორჯერ დანიშნეს მსაჯი მეზობელი სამტრედიის რაიონიდან. ზესტაფონი და სამტრედია ერთ გუბერნიას წარმოადგენენ და ხომ არ იყო ეს ინტერესთა კონფლიქტი?
იგივე მოხდა რუსთავის "ოლიმპთან" შეხვედრაში. ცხადია, არაფერს ვამტკიცებ და არც ვინმესთან დაპირისპირება მსურს, მაგრამ კითხვები თავისთავად მიჩნდება. ასეთ დროს მეზობელი მეზობელს შინაგანად არ უქომაგებს? მე "ზესტაფონის" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მშვენიერი გუნდია და წლეულს კარგად თამაშობს, მაგრამ პრინციპული მატჩი ნეიტრალური რეგიონის წარმომადგენელმა რომ უნდა იმსაჯოს, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს.
საერთოდ, გასაკვირია ისიც, ერთსა და იმავე არბიტრს რატომ ანდობენ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას. არც ვიცი, ეს დამთხვევაა თუ განზრახვა. შეიძლება, მეზობელს ნეიტრალური გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდეს. არ მაინტერესებს, "ზესტაფონი" ფედერაციასთან დაპირისპირებულია თუ არა, ეს ჩემი გასარჩევი არც არის. ლაპარაკი არც კონკრეტული არბიტრის, თორნიკე გვანცელაძის კვალიფიკაციაზეა, მაგრამ მსაჯთა დანიშვნისას გარკვეული ლოგიკა უნდა არსებობდეს.
აქამდე არ მითქვამს, მაგრამ "ზესტაფონი"-"დინამოს" მატჩისას იგივე პრობლემები შეგვექმნა, რაც ბოლო ტურში "ოლიმპი"-"ზესტაფონის" მატჩისას რუსთაველებს – სადავო ეპიზოდებში გვანცელაძე "ზესტაფონის" სასარგებლო გადაწვეტილებებს იღებდა. დეტალებზე ლაპარაკი არ მსურდა, მაგრამ რაღაცები ერთმანეთს რომ ემთხვევა, კითხვა თავისთავად იბადება. ამიტომ უნდა დანიშნონ ნეიტრალური მსაჯი და არა მეტოქის გუბერნიის წარმომადგენელი. არ არის ეს ლოგიკურად გამართლებული."