სხვათა შორის, პირველი რაც თვალში მოგვხვდა, "ვეტერინართა" აშკარად თამამი და, რაც მთავარია, შეტევაზე ორიენტირებული თამაშის სტილი იყო. ანუ, "ვიტ ჯორჯია" ყრუ დაცვაში კი
თანაც, ყოველივე ამის "სიგნალი" მატჩის პირველსავე წუთზე გაისმა: გიგა ბეჭვაიას (გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ "ვეტერინართა" მარჯვენაფლანგელი უაღრესად აქტიური გახლდათ გუშინდელ შეხვდრაში) პასით ბესიკ ჩიმაკაძე ბურთს თავით გზავნიდა მასპინძელთა კარში, მაგრამ "დინამო" გიორგი ლორიამ გადაარჩინა. საქართველოს ნაკრებისა და "დინამოს" მეკარემ თავის ოსტატობა იმ ეპიზოდშიც გამოავლინა, როცა ბეჭვაიას საჯარიმო დარტყმა მოიგერია.
პირველ ტაიმში მეტი სახიფათო მომენტი სტუმრებს არ შეუქმნიათ, ვერც "დინამოზე" ვიტყოდით, რომ მეტოქის საჯარიმოს "ალყა შემოარტყაო", თუმცა ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა. მასპინძლებმა ერთი-ორჯერ საშუალო მანძილიდან სცადეს გოლის გატანა, მაგრამ ალექსანდრე კოშკაძისა და გიორგი კახელიშვილის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
სამაგიეროდ, დინამოელთა ერთ-ერთი ეფექტური კომბინაცია მართლაც ლამაზი გოლით დამთავრდა: ლევან ხმალაძის შორეული პასის მერე ვახტანგ ფანცხავამ საჰაერო "დუელი" მოუგო მეტოქის მეკარეს და ზუსტი თავური დარტყმით საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლო წუთზე "დინამოს" გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა: კახელიშვილმა გარღვევაზე ხმალაძე გაიყვანა, მაგრამ გიორგი ძაძამიამ კარი დროულად დატოვა და ეს სახიფათო მომენტიც განმუხტა.
მეორე ტაიმი სტუმართა აქტიურობით დაიწყო: "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები სწრაფად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და ისიც ლოგიკური იყო, ანგარიში რომ გაათანაბრეს. თუმცა, ვიდრე გურამ ადამაძე მასპინძელთა მცველების პოზიციური შეცდომით ისარგებლებდა და გოლს გაიტანდა, აუცილებლად უნდა აღვწეროთ ის ეპიზოდი, რაც ამ საგოლე შეტევას წინ უძღოდა. "ვეტერინარებმა" სწრაფი იერიში წამოიწყეს და დაახლოებით 20 მეტრიდან გიორგი ბეჭვაია ძლიერად და ზუსტად ურტყამდა, მაგრამ გიორგი ლორიამ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია. თუმცა, ამ მოგერიებულ ბურთზე ყველაზე ადრე ბესიკ ჩიმაკაძე გაჩნდა და 4-5 მეტრიდან, ერთი შეხედვით, აუღებელი "თავურიც" დაარტყა, მაგრამ ლორიამ აქაც ბრწყინვალედ ითამაშა და ეფექტური ნახტომით ბურთი კუთხურზე მოიგერია; ჰოდა, სწორედ ამ კუთხურს მოჰყვა კიდეც ადამაძის გოლი...
ამის შემდეგ თამაშის ტემპი მცირე ხნით შენელდა, თუმცა სულ მალე ორივე კართან სახიფათო მომენტებმა მოიმატა და მართლაც უცნაური იყო, შეხვედრაში მეტი გოლი რომ ვერ ვიხილეთ. ჯერ, დონალდ ჯუისს შეეძლო თავისი გუნდის წინ გაყვანა, მაგრამ კოშკაძის ჩინებული პასი ვერ შეიშნო; თუმცა ამ ეპიზოდში ძაძამიას გარჯაც უნდა ავღნიშნოთ, ისე როგორც "დინამოს" მორიგი იერიშისას, - "ვიტ ჯორჯიას" მეკარემ კოშკაძის შორეული დარტყმა რომ მოიგერია. ამ ეპიზოდს კუთხური მოჰყვა და "ვიტ ჯორჯიას" იღბალმაც გადმოხედა: გივი კვარაცხელიას თავური დარტყმა ხარიხას მოხვდა!
მატჩის დასრულებამდე დრო საკმარისზე მეტი იყო დარჩენილი, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" უფრო შეეძლო გოლის გატანა, ვიდრე მასპინძლებს; სხვათა შორის, სტუმრებმა გოლი კი გაიტანეს, მაგრამ არბიტრმა არ ჩათვალა (ალბათ, სამართლიანადაც): "ვიტ ჯორჯიამ" საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღო და ვიდრე დინამოელები "ცოცხალ კედელს" დააყენებდნენ, გურამ ადამაძემ საკმაოდ შორი მანძილიდან, ფაქტობრივად ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა. თუმცა, არბიტრს ამ სტანდარტულის შესასრულებლად სასტვენი არ ჰქონდა მიცემული და ეფექტური გოლის აღნიშვნის ნაცვლად, ადამაძე... გაფრთხილებას გამორჩა!
ბოლო წუთებზე კი "დინამოს" შტურმიც ვიხილეთ, აშკარად დაგვიანებული რომ იყო; თუმცა, მასპინძლებმა ერთი-მეორეზე უკეთესი ორი მომენტის შექმნა მაინც მოასწრეს, მაგრამ ფატალურად არ გაუმართლათ. პირველ ჯერზე ვახტანგ ფანცხავას თავური დარტყმა ჩინებულ ნახტომში ძაძამიამ მოიგერია, სულ ბოლო წამებზე კი დიმიტრი ტატანაშვილი ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ შეცვლაზე შემოსული ფორვარდის თავური დარტყმის მერე ბურთი მეტოქის კარის ხარიხას მოხვდა...
27. 04. თბილისი. ეროვნული. 700 მაყურებელი
დინამო-ვიტ ჯორჯია 1:1
1:0 ფანცხავა (33, ხმალაძის პასით) 1:1 ადამაძე (50)
დინამო ვიტ ჯორჯია
4-2-3-1 4-2-3-1
ლორია ძაძამია
თომაშვილი ხურცილავა
კაკუბავა ადამაძე
ჰომოლა კასრაძე
ხმალაძე ღანიაშვილი
გ. კვარაცხელია ვასაძე
არზიანი გურ. გურეშიძე
ჯუისი ბეჭვაია
კოშკაძე ჯანელიძე
კახელიშვილი კორიფაძე
ფანცხავა ჩიმაკაძე
მწვრთნელი: კ. კაჭარავა მწვრთნელი: ზ. ბერიძე
დინამო
53. არზიანი-თექთურმანიძე
66. ჯუისი-კვეკვესკირი
87. კვარაცხელია-ტატანაშვილი
სათადარიგოები: ზარქუა, ღონღაძე, მაროვიჩი, ფირცხალავა.
ვიტ ჯორჯია
66. კორიფაძე-ზაქრაძე
79. ბეჭვაია-როსტიაშვილი
88. ვასაძე-გოგიაშვილი
სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, ჭანკვეტაძე, გაბრიჭიძე, გიორ. გურეშიძე
გაფრთხილება: კასრაძე (32), კახელიშვილი (54), ჰომოლა (82), ადამაძე (84), ხმალაძე (85)
არბიტრი: ჯ. ხორავა