მითი თუ შეთქმულების თეორია?

AutoSharing Option
ჩემპიონატის დამთავრებამდე ხუთი ტურია დარჩენილი და სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, დაძაბულობამ მართლაც პიკს მიაღწია.

ერთი მხრივ, დადებით ტენდენციად უნდა შევაფასოთ ჩემპიონატის ასეთი საინტერესო ფინიში - ჯერჯერობით ხომ არც იმ გუნდების ვინაობაა გარკვეული, უმაღლეს ლიგას რომ უნდა დაემშვიდობონ და ოფიციალურად არც ჩემპიონია გამოვლენილი. კი ბატონო, "ზესტაფონს" მართლაც სოლიდური (ამ ეტაპისთვის) უპირატესობა აქვს უახლოეს მდევრებთან და ბევრის მსგავსად, ჩვენც ეჭვი გვეპარება იმაში, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა ეს ექვსქულიანი ჰანდიკაპი გაანიავოს;

დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა ცხრილის ქვედა ნაწილშიც: მეტ-ნაკლებად "მშვიდობიან", ანუ მერვე ადგილზე მყოფი "კოლხეთი"
ასევე ექვსი ქულით უსწრებს "სპარტაკს". მაგრამ, აბა, გადავხედოთ დარჩენილი მატჩების კალენდარს: ფოთელთა გუნდს ზედიზედ სამი ურთულესი შეხვედრა აქვს "დინამოსთან", "ზესტაფონთან" და "ოლიმპთან", შემდეგ "დერბი" ელოდება "ბაიასთან" და ჩემპიონატის ბოლო ტურში სტუმრად... "სპარტაკს" ეთამაშება!

მოკლედ, ინტერესი და დაძაბულობის ხარისხი უფრო გაიზრდება და იმედი დავიტოვოთ, რომ როგორმე ეს სეზონი მშვიდობიანად ჩამთავრდება. ჰო, ისე, ცოტა არ იყოს, უკვე ვშიშობთ კიდეც: ჩვენს მოედნებზე ამ ბოლო დროს უშუალოდ შეხვედრების დროსა თუ მატჩის დამთავრების შემდეგ ისეთი ამბები ხდება, მოვლენები, შესაძლოა, მართლაც უმართავი გახდეს. გასაგებია, რომ სეზონის ბოლოა და ამა თუ იმ მატჩის არასასურველი შედეგით დამთავრების გამო გულშემატკივრებში აგრესიული ქმედებები შეინიშნებოდეს. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არასასურველია, მაგრამ ჩვენი მწვრთნელებისა თუ ფეხბურთელების ფაქტობრივად ქრონიკულმა უკმაყოფილებამ, არ დავმალავთ და, უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაამეტა. თანაც, ფინიშის მოახლოებათან ერთად რაღაც არნახულად გაიზარდა მსაჯებზე ზეწოლაც: ფაქტობრივად, თითქმის ყოველ ტურში, სულ მცირე, ორი-სამი მატჩი სკანდალით მთავრდება!

არაერთხელ გვითქვამს და კვლავაც გავიმეორებთ: ქართველი მსაჯების ადვოკატობას ნამდვილად არ ვაპირებთ. არც იმის მტკიცებას დავიწყებთ, რომ ჩვენი არბიტრები, გინდა თუ არა, ყველა შეხვედრაში უშეცდომოდ მსაჯობენო; მაგრამ ის, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება! ფაქტობრივად, ნებისმიერი მატჩის შემდეგ დამარცხებული გუნდის მწვრთნელები წარუმატებლობას მხოლოდ და მხოლოდ მსაჯებს აბრალებენ! ჩვენ სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნაო, ფეხბურთელი უსაფუძვლოდ გაგვიფრთხილაო, ჩვენს მოთამაშეს წითელი ბარათი არ ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც გააძევაო, მცირ-მცირე და წვრილმანი ჯარიმებით მსაჯმა თამაში "მოკლაო" და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობთ არსებულ თუ არარსებულ თამაშგარე მდგომარეობაზე - ვიდეოფირის ნახვაც არ სჭირდება, ისეთი უეჭველი გოლი გავიტანეთ, მაგრამ მაინც არ ჩაგვითვალესო...

როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ახლა დაიწყო ეს ყველაფერი? ან, იქნებ მხოლოდ აპრილში იყო პირველი შემთხვევა, როცა ამა თუ იმ გუნდის წარმომადგენლებმა... ჟურნალისტებსაც წაუყენეს ბრალდება-პრეტენზიები? უბრალოდ, ახლა უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა ყოველივემ და მართლაც საინტერესოა, სადამდე გაგრძელდება ეს მართლაც არასაფეხბურთო სიტუაცია...


მარადიული პრეტენზიები
კონკრეტული თარიღიც შეგვიძლია გავიხსენოთ: გასული წლის 29 ოქტომბერს "ლელოში" სტატია გამოვაქვეყნეთ და სამსაჯო პრობლემებზე ვისაუბრეთ. "შეთქმულების თეორია" - ასე შევაფასეთ იმ დროისთვის არსებული მართლაც არანორმალური ვითარება. შარშან, შემოდგომაზეც არაერთი შემთხვევა იყო, ამა თუ იმ გუნდის წარმომადგენლები საჯაროდ რომ გამოთქვამდნენ პრეტენზიებს - მსაჯები გამიზნულად გვჩაგრავენო!

შარშან იყო არაერთი ფაქტი, ამა თუ იმ გუნდის მართლაც ვაიგულშემატკივრებმა აგრესია ჟურნალისტების მიმართ რომ გამოამჟღავნეს. ლამის სეზონის დასაწყისიდან გვესმის უსაფუძვლო რეპლიკები მოვლენების ვითომდა არაობიექტურად გაშუქების გამო. ჯერ კიდევ გახურებული სეზონის დროს გამოვთქვით შიში, რომ ახლა თუ ასეთი სიტუაციაა, ფინიშის მოახლოებასთან რაღა უნდა იყოსო.

ჰოდა, ყველაფერი ასეც მოხდა. თანაც, ერთი-ორჯერ, ცოტა არ იყოს, კურიოზული სიტუაციის მომსწრენიც გავხდით: მსაჯობისადმი საჯარო პრეტენზიებს გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები გამოთქვამდნენ! ისიც კომიკურ სიტუაციად გვინდა შევაფასოთ, ამა თუ იმ გუნდის წარმომადგენელი ხელს ჟურნალისტებისკენ რომ იშვერს და ბრძნულ რჩევასაც არ იშურებს: მიდით, დაინტერესდით, ყველა მატჩში ჩვენ სასარგებლოდ ჯარიმებს რატომ არ ნიშნავენო! ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელმა კი არანაკლებ უცნაური რიტორიკული კითხვით მოგვმართა ჟურნალისტებს: რატომ არ ინტერესდებით იმ ფაქტით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ ერთადერთი პენალტი რომ დაინიშნაო?!. ისე, რა მაგის პასუხია, მაგრამ ეს ბოლო ფაქტი მართლაც საინტერესოდ გვეჩვენა; უფრო ზუსტად, მართლაც ღირს თავის შეწუხება და იმ კონკრეტული გუნდის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩატარებული მატჩების ოქმების მოძიება. ოღონდ, ვთქვათ და, იმ გუნდის სასარგებლოდ ერთ პენალტზე მეტი იყოს დანიშნული, მაშინ ხომ უხერხულ მდგომარეობაში უნდა ჩავარდეს ზემოთ ნახსენები სიტყვების მთქმელი მწვრთნელი. მაგრამ, ჩვენთან ხომ ამას არავინ დაგიდევთ: იმის ნაცვლად, რომ ამა თუ იმ მატჩში განცდილი მარცხის მიზეზი გააანალიზონ, ჩვენი მწვრთნელების გარკვეული ნაწილი ხელს მსაჯებისკენ იშვერს.

არადა, ჩვენგან რა ესწავლებათ, მაგრამ მაინც გვინდა შევახსენოთ, რომ ასეთმა უსაფუძვლო და საჯარო პრეტენზიებმა, შესაძლოა, ტრიბუნებზე უმართავი პროცესი გამოიწვიოს და ამის მერე უკვე მსაჯები სისხარტესა და ფიზიკურ მონაცემებზე იქნებიან დამოკიდებული, თუ როგორ დატოვონ სწრაფად და მშვიდობიანად ჯერ მოედანი, შემდეგ კი სტადიონის ტერიტორია...


რეგლამენტიც გავიხსენოთ
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაა დანიშნული და იმ ნეგატიურ ფაქტებზე უნდა იმსჯელონ, ამ ბოლო დროს ერთობ რომ მომრავლდა ჩემპიონატში. ვიმეორებთ: მსაჯების ადვოკატობას ნამდვილად არ ვაპირებთ და ჩვენს ჩემპიონატში კი არა, ბევრად უფრო მაღალი დონის ტურნირებზეც გვინახავს არბიტრთა მართლაც გამაოგნებელი შეცდომები, უმნიშვნელოვანესი მატჩის ბედი რომ გადაუწყვეტია. თუმცა დაუსჯელობის სინდრომიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ და ზოგიერთი კლუბის წარმომადგენელს, ვიდრე საჯარო პრეტენზიას გამოთქვამდეს, ალბათ, დაფიქრებაც მართებს.

აქვე საქართველოს 2010-11 წლების XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველობის რეგლამენტის ერთ-ერთი პუნქტიც (7.2) გვინდა შევახსენოთ "დაინტერესებულ პირებს": კლუბის წარმომადგენლების (მათ შორის ხელმძღვანელების, მწვრთნელების, ფეხბურთელების) მიერ იმ შეჯიბრებების დისკრედიტაციისას, რომელზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება, ასევე ზემოაღნიშნულ პირთა მიერ სფფ-ს, სპფლ-ს, მსაჯებისა და მოწინააღმდეგე კლუბების მიმართ პრესის, ტელევიზიის, სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ნებისმიერი საჯარო ფორმით არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებისა და პროვოკაციული აგიტაციის შემთხვევაში (მაგალითად: ფიზიკური ანგარიშსწორების ქადაგება, მატჩის მონაწილეთა და ქომაგთა გაღიზიანება, მსაჯზე ზეწოლის მცდელობა, მოწოდებები არასპორტული საქციელისკენ და სხვა) კლუბი დაჯარიმდება 2500 ლარით, ხოლო განცხადების უშუალო ავტორს პირობითად აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა ერთი კალენდარული წლით. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, კლუბი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო განცხადების უშუალო ავტორს ავტომატურად აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა 1 კალენდარული წლის ვადით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული