ილია კოკაია: პრინციპულად არ გადავიხდი 15 ათასს!

AutoSharing Option
წლების წინ ილია კოკაიას მიერ ექვსი წლის წინ დაფუძნებულმა "ზესტაფონმა" ივარგა, კლუბი გაიზარდა, დაღვინდა და ახლა ნაყოფის მოლოდინშია - რაღაც ექვსი წლის საფეხბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ლიდერია და გულახდილად რომ ვთქვათ, წელს ოქროს მედლებს ყველაზე მეტად იმსახურებს - შემადგენლობით, შეთამაშებით, ფეხბურთის სტილით და რაც მთავარია, პრეზიდენტის მიზანმიმართული პოლიტიკით.

შეიძლება ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ საქართველოს ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კლუბის (თბილისის "დინამოსთან" ერთად) დამფუძნებელი არასოდეს ცდილობდა ჩემპიონი ფულით და მაქინაციებით გამხდარიყო, მაშინაც კი, როდესაც ფეხბურთის ფედერაციას მისი უახლოესი ადამიანი, ნოდარ ახალკაცი მართავდა.

"ზესტაფონი" საჩემპიონოდ
აშკარად მომწიფდა და თუ სასწაული არ მოხდა, ამ პატარა იმერულ ქალაქში მალე ბევრი ცოლიკაური დაილევა.

ილია კოკაიას რუსთავში "ოლიმპთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ ველაპარაკეთ.

- წესით, "ზესტაფონმა" მალე ჩემპიონობა უნდა გაიფორმოს.
- ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და ოქროს მედლებზე ლაპარაკი მაინც ნაადრევია. ჩვენ ისეთი არაპროგნოზირებადი ჩემპიონატი გვაქვს, ხუთი ტურით ადრეც შეუძლებელია რაიმეს განსაზღვრა. კარგიც არის, ჩემპიონატი დაძაბული უნდა იყოს.

- ხედავთ რაიმე ფაქტორს, რამაც შესაძლოა ჩემპიონობაში ხელი შეგიშალოთ?
- ძლიერი კონკურენტები გვყავს, მაგრამ არა მგონია, ასეთი უპირატესობა გავანიავოთ.

- საქართველოს ჩემპიონატში სულ იყო ლაპარაკი გუნდების ბლოკებად შეკვრაზე.
- არ მჯერა, რომ ასეთი რამ წელს ხდება.

- პირველზე გახვალთ თუ მეორეზე, ევროთასებზე მაინც ითამაშებთ, გუნდს კი გაძლიერება არ აწყენდა.
- გაძლიერება ჩვენ კი არა, "რეალს" სჭირდება. ცხადია, ამაზე ვფიქრობ.

- თუმცა საქართველოში ძალიან ძნელია მაღალი კლასის ფეხბურთელის ჩამოყვანა.
- რა თქმა უნდა, ჩვენი ჩემპიონატი უნდა გაძლიერდეს, უცხოელებისთვის საინტერესო რომ გახდეს, სასურველია, კლუბების ბიუჯეტი ბევრად მეტი იყოს, მოედნები, სტადიონები მისახედია. ამ ყველაფერს თუ მოევლება, შედარებით მაღალი კლასის ფეხბურთელები მერე თუ ჩამოვლენ.

- აბა ვის ხარჯზე აპირებთ გაძლიერებას?
- ზაფხულამდე სერიოზული დაფიქრება დაგვჭირდება, მაგრამ უცხოელები არც ჩამოვლენ და პრინციპულად არ ჩამოვიყვანთ.

- რატომ პრინციპულად?
- ფეხბურთის ფედერაციას ლეგიონერების ჩამოსაყვანად 15 ათასს არ გადავუხდით, რადგან ასეთი თანხის დაწესება არასწორი მგონია. გარკვეულწილად ვცდილობ ავხსნა ფედერაციის პოზიცია, რომ ამგვარად ცდილობს უხარისხო ლეგიონერების ჩამოყვანას შეუშალოს ხელი, მაგრამ მდიდარი კლუბები არ გვყავს და გადასახადით ლეგიონერების ჩამოყვანაზე, ფაქტობრივად, უარს ვამბობთ. საქართველო არც რუსეთია, არც უკრაინა და არც აზერბაიჯანი, ლეგიონერებზე გადასახადი რომ დავაწესოთ. პირიქით, კლუბებს გაძლიერებაში ხელი უნდა შევუწყოთ.

- თქვენსა და ფედერაციას შორის უთანხმოება საარბიტრაჟო სასამართლომაც წარმოქმნა, რომელმაც ახლახანს "ზესტაფონთან" დავაში თქვენი ყოფილი მეკარე გია ჭანტურია გაამართლა. არა მგონია, "ზესტაფონს" 29 ათასი ლარის გადახდა გაუჭირდეს.
- აქ ლაპარაკია არა თანხის ოდენობაზე, არამედ თავად საარბიტრაჟო სასამართლოს დაფუძნებაზე. ითქვა, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საარბიტრაჟო სასამართლოს დაფუძნებას. რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ მემორანდუმის ხელმოწერისას გარკვევით ითქვა, რომ არბიტრაჟი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი. არადა, ის ფეხბურთის ფედერაციამ დააფუძნა. მაინტერესებს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ფეხბურთის ფედერაციას შორის დავა რომ წარმოიქმნას, ფედერაციის დაფუძნებული არბიტრაჟი ობიექტურ გადაწვეტილებას მიიღებს?

- დამოუკიდებელმა არბიტრაჟმა რომ გაგამტყუნოთ ჭანტურიასთან, თანხას გადაუხდით?
- რა თქმა უნდა, გადავიხდით, ფულის გადახდა კი არ მენანება, მაგრამ საკითხი დამოუკიდებელმა არბიტრაჟმა უნდა განიხილოს, სხვაგვარად მისი გადაწყვეტილების ობიექტურობაზე ყოველთვის გაჩნდება კითხვები. მეც მაინტერესებს, რას გადაწყვეტს ობიექტური არბიტრაჟი. თუ დავრწმუნდები, რომ კლუბი ჭანტურიასთან არასწორად მოექცა, ფულს დაუხანებლად გადავიხდით.

- ფაქტია, რომ საფეხბურთო არბიტრაჟი ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება და კლუბები თავად არ ხართ მისი დაფუძნებით დაინტერესებული? თუ მისი დამოუკიდებლობა ქმნის პრობლემას, დამოუკიდებელი დააფუძნეთ.
- რა თქმა უნდა, არბიტრაჟი გვჭირდება, თუ ის დამოუკიდებლად დაფუძნდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული