სამართლიანი თამაშის პრინციპების მოლოდინი

AutoSharing Option
რაღა დარჩა, - თვეზე ნაკლები და XXII ეროვნული ჩემპიონატიც დამთავრდება. სეზონის ფინიშამდე ხუთი ტურით ადრე ჯერჯერობით მხოლოდ ის არის გარკვეული, რომ "ზესტაფონი", "დინამო" და "ოლიმპი" ამ ზაფხულს ევროტურნირებზე იასპარეზებენ.

ევროპის ლიგის კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯერ უცნობია, ისევე როგორც გაურკვეველია თუ რომელი ორი გუნდი დატოვებს უმაღლეს ლიგას და რომელს მოუწევს პლეი-ოფის მატჩის ჩატარება პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან. მოკლედ, საინტერესო მატჩების მოლოდინში ვართ, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც ნუ დავივიწყებთ: სეზონის ბოლომდე არც ერთი ისეთი შეხვედრა აღარ გველოდება, სადაც ერთმანეთის პირისპირ ლიდერები
წარსდგებიან.

ამას გარდა, დიდია იმის ალბათობა, რომ უკვე ამ ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის, სულ მცირე, ოთხ-ხუთ გუნდს ჩემპიონატში აღარანაირი მოტივაცია აღარ ჰქონდეს დარჩენილი: ზოგი უმაღლესში დარჩენას გაინაღდებს, ზოგი ძირითად აქცენტს თასის გათამაშებაზე აიღებს და ამის გამოც, შესაძლოა, დარჩენილ მატჩებს, რბილად რომ ვთქვათ, ზერელედ მოეკიდოს. ანუ, ძალიან "შორიდან შემოვლა" რომ არ გამოგვივიდეს, პირდაპირ ვიტყვით: სეზონის ბოლომდე მართლაც დიდი ალბათობა არსებობს, "უცნაური" შედეგით დასრულებული რამდენიმე მატჩის ხილვისა! ჰოდა, ამ ბოლო დროს ასე გახშირებულ მსაჯების მიმართ არნახულ ზეწოლასა თუ საჯარო პრეტენზიებს, არ გვინდა საეჭვო მატჩებიც დაემატოს.

საბედნიეროდ, დღემდე (ანუ, 30 აპრილამდე) ამ სეზონში ჯერჯერობით არც ერთი ისეთი შეხვედრა არ ყოფილა, გარკვეული ეჭვები რომ გაეჩინა. ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, მთლად "აბსოლუტურ სისუფთავეზეც" თავს ვერ დავდებთ, - ყოველ შემთხვევაში, კულუარებში კაცი ყურს იმასაც მოკრავდა, თითქოსდა, ჩვენს ჩემპიონატში მაინც ყოფილიყო ორგუნდიანი "კოალიციები", ანუ, ამა თუ იმ გუნდს თავის "სტრატეგიულ პარტნიორთან" გარკვეული ვალდებულებაც ჰქონია (რაღა თქმა უნდა, ქულების "ჩახუტებაზეა" ლაპარაკი), სამაგიეროდ იმ "სტრატეგიულ პარტნიორსაც" ექნებოდა "კონკრეტული დავალება" და ასე შემდეგ; თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, ეს მხოლოდ კულუარებში გამოთქმული მოსაზრებებია და საერთოდაც, აბა, გაიხსენეთ, თუ როდის დაისაჯნენ ჩვენი კლუბები გარიგებულ თამაშში მონაწილეობისათვის?..

ასეთი შესავალი კი, გვერწმუნეთ, შემთხვევით არ გაგვიკეთებია და მოდი, მართლაც ვისურვოთ, რომ სეზონის დარჩენილი მატჩების უმრავლესობა "ფეირ პლეის" პრინციპების დაცვით ჩატარდეს. თორემ, ხომ იცით, არსად არაფერი იმალება და გულშემატკივარიც არ მოტყუვდება; ჰოდა, თუ გვინდა, რომ ზესტაფონის, ქუთაისისა და სამტრედიის გარდა სხვა ქალაქების სტადიონებზეც სავსე იყოს ტრიბუნები, ყველამ უნდა ვიზრუნოთ და მოსალოდნელი მანიპულაციები თავიდან ავიცილოთ. ბოლოს და ბოლოს, გულშემატკივარი სტადიონზე რომ მივა და საინტერესო მატჩის ნაცვლად უნიჭოდ დადგმულ საფეხბურთო სპექტაკლს ნახავს, როგორ გინდა ამ შეურაცხყოფილ გულშემატკივარს მეორედაც მოსთხოვო სტადიონზე მისვლა?..


ვიტ ჯორჯია-სიონი
ახალი მწვრთნელის, ზურაბ ბერიძის ხელმძღვანელობით "ვეტერინარებმა" დროებითი კრიზისი დაძლიეს და ბოლო ორ შეხვედრაში მოპოვებული ოთხი ქულაც მხოლოდ სატურნირო თვალსაზრისით არ იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, "ვიტ ჯორჯიას" ახალგაზრდულ გუნდს საკუთარი ძალებისადმი რწმენა დაუბრუნდა და ყოველივე ეს ნათლად გამოჩნდა "დინამოსთან" შეხვედრაშიც. იმ მატჩის რეპორტაჟის დროსაც აღვნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ, რომ მართლაც საამო საცქერი იყო "ვეტერინართა" აშკარად შეტევაზე ორიენტირებული თამაში;

შესაძლოა, ვინმეს გადამეტებულადაც მოეჩვენოს, მაგრამ, ჩვენი აზრით, "ვიტ ჯორჯიას" კიდევ აქვს შანსი, რომ თასის ფინალში გავიდეს. თუმცა, სათასო დაპირისპირებამდე დღევანდელი მატჩია, რომლის სავარაუდო შედეგის გამოცნობაც ბევრს გაუჭირდება. ისე, სატურნირო თვალსაზრისით, სტუმრები ბევრად უფრო მოტივირებულნი უნდა იყვნენ: ხვიჩა ქასრაშვილის გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენა ჯერ საბოლოოდ არ "გაუფორმებია".

ამას გარდა, "სიონს" ჩემპიონატის ბოლოს სამი ურთულესი მატჩიც ("დინამოსთან", "ზესტაფონთან", "ოლიმპთან") ელოდება და აქედან გამომდინარე, ბოლნისელები ალბათ, დღეიდანვე იზრუნებენ საკმარისი ქულათა მარაგის შესაქმნელად. სხვათა შორის, უკვე ოთხი წელიწადია, "სიონი" ვერაფრით რომ ახერხებს "ვიტ ჯორჯიას" დამარცხებას...


ზესტაფონი-ბაია
უკვე 8 წელი გავიდა იმის მერე, ჩვენთან კონკრეტულმა გუნდმა "დუბლი" რომ შეასრულა (ჩემპიონობა და თასი ერთ სეზონში უკანასკნელად 2003 წელს "დინამომ" მოიპოვა); და აი, "ზესტაფონს" ამ მიღწევის ჩინებული შანსი აქვს: გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონატსაც დამსახურებულად ლიდერობს და არც თასის აღებაზე იტყვის უარს. ოღონდ, მანამდე "ტორპედოს" ძლევაა საჭირო ნახევარფინალში და ვინაიდან განმეორებითი ნახევარფინალი ოთხ დღეში უნდა ჩატარდეს, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ "ზესტაფონი" ამ ტურის მატჩს ნაკლები სერიოზულობით შეხვდება.

თუმცა, ეს ვერსია აბსურდულს უფრო წააგავს: გუნდი ხომ ასე ახლოა ისტორიაში პირველ საჩემპიონო ტიტულთან და უშუალო კონკურენტების ("დინამო", "ოლიმპი") დამარცხების შემდეგ ქულების დაკარგვას რაღა შედარებით სუსტ მეტოქეებთან დაიწყებს? სხვათა შორის, არავინ თქვას, რომ "ბაია" ამ შეხვედრას უმოტივაციოდ შეხვდებაო - ელგუჯა ქომეთიანის გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილი შენარჩუნებული ჯერ არ აქვს.


სპარტაკი-ოლიმპი
დღევანდელი მეტოქეები ამ დაპირისპირებას აშკარად უარყოფითი განწყობით ხვდებიან: "სპარტაკს" უკვე ორი თვეა არ გაუმარჯვია და ამ ცხრამატჩიანი მოუგებელი სერიის გამოც არის, ბადრი კვარაცხელიას გუნდს უმაღლესში ადგილის შენარჩუნება ძალიან რომ უნდა გაუჭირდეს. თანაც, მასპინძლებს სერიოზული საკადრო პრობლემებიც აქვთ: წამყვანი მცველები, ბოიომო ფრიდოლინი და ნუკრი მანჩხავა დისკვალიფიცირებულნი არიან, "სპარტაკის" შეტევების ორგანიზატორი და ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა ვალერი ბოლქვაძე კი კვლავაც მკურნალობას აგრძელებს.

ქვეყნის ჩემპიონიც ვერ დაიტრაბახებს ბოლო დროს სასურველი შედეგებით: ზედიზედ სამმა წაგებამ "ოლიმპი", ფაქტობრივად, ჩამოაშორა კიდეც საჩემპიონო რბოლას. თანაც, ნამდვილად არ იქნება ადვილი სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებული გუნდის ლიდერების, ალექსანდრე კვახაძისა და ლუკა რაზმაძის სრულფასოვანი შემცველების მოძებნა.


ტორპედო-სამტრედია
აი, ამ შემთხვევაში კი, ჰაერში "თასის სურნელი" იტრიალებს: განმეორებითი ნახევარფინალის წინ "ტორპედომ" ძალები რომ დაზოგოს, არც არავის უნდა გაუკვირდეს. თუმცა, ვეჭვობთ, რომ ქუთათურთა გუნდი მორიგ "იმერულ დერბის" ნაკლები სერიოზულობით მიუდგეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უმაღლეს ლიგაში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებული "ტორპედოსთვის", ალბათ, სულ ერთი არ უნდა იყოს, სატურნირო ცხრილში რომელ ადგილს დაიკავებს.

აი, "სამტრედიას" კი, თითქოს სხვა პრობლემა არ ეყოფოდაო, ძლიერ მეტოქესთან მატჩში დისკვალიფიცირებულ მეკარეს კახა ჯინჭარაძეს მოისაკლისებს. აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა პირველი არხის ეთერით იქნება შესაძლებელი.


დინამო-კოლხეთი
კალენდრის მიხედვით, ტურის ყველა მატჩი დღეს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებაში "დინამოს" მართლაც "არანორმალური" აპრილის გრაფიკი გაითვალისწინეს და "კოლხეთთან" მატჩი ხვალ ჩატარდება. არადა, მართლაც ვერ იქნებოდა ადვილი, როცა გუნდი 25 დღეში შვიდ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებდა.

"დინამოს" ერთგულ ქომაგთა სამწუხაროდ, ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა აპრილში ქულათა მაქსიმუმის მოგროვება ვერ მოახერხა და კახა კაჭარავას გუნდი ახლა მხოლოდ იმის იმედად არის, რომ დარჩენილ შეხვედრებში "ზესტაფონმა" სადმე გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგოს. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ მოვლენების მსგავსი განვითარების, ცოტა არიყოს, ნაკლებად გვჯერა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული