გია ჭანტურია: რამდენჯერ უნდა მოვუგო "ზესტაფონს" დავა?

AutoSharing Option
"ლელოში" დაბეჭდილ "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიასთან ინტერვიუს გამოეხმაურა გია ჭანტურია, რომელიც კლუბს კონტრაქტის გაწყვეტის გამო მესამე წელია, ედავება.

საფეხბურთო არბიტრაჟმა ჭანტურია გაამართლა და "ზესტაფონს" მისი ყოფილი მეკარის სასარგებლოდ 29 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თუმცა კოკაია ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებულ საფეხბურთო არბიტრაჟს დამოუკიდებელ ორგანოდ არ აღიარებს და არც მის გადაწყვეტილებას სცნობს.

"როდესაც კლუბის წინააღმდეგ სარჩელი სპორტულ არბიტრაჟში შევიტანე, კოკაია მაშინაც არ გამოცხადდა. მიზეზი არ გაინტერესებთ? ეს არბიტრაჟი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებული არ არის და ფედერაციასთან შეთანხმებაც არ აქვს, აქედან გამომდინარე, მას არ ვცნობო.

ამის შემდეგ დაფუძნდა საფეხბურთო არბიტრაჟი და იქაც ამის გამო არ გამოცხადდა, არ ვცნობო. "ზესტაფონთან" გამამართლა ფეხბურთის ფედერაციის სატრანსფერო და მოთამაშეთა სტატუსის კომიტეტმა, ახლა საფეხბურთო არბიტრაჟმა და, ბოლოს და ბოლოს, როდის და რამდენჯერ უნდა მოვიგო საქმე, რათა ჩემი კუთვნილი თანხა გადაიხადოს?

როგორც ვამჩნევ, ფიფაში წერილის გაგზავნა მომიწევს, მაგრამ მე ის მადარდებს, "ზესტაფონი" და მასთან ერთად ფეხბურთის ფედერაციაც არ დააჯარიმონ. თუ არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არ აღასრულებენ, კლუბს ჯერ ქულებს დააკლებენ, რაც ჩემპიონობაში ხელს შეუშლის, შემდეგ ტრანსფერებს შეუჩერებენ - ფეხბურთელებს ვერც იყიდის და ვერც გაყიდის, მესამე ეტაპი დაბალ ლიგაში დაქვეითებაა, მეოთხე კი - კლუბისთვის ლიცენზიის შეჩერება, რის გამოც ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს არც მე მსურს და, ცხადია, არც თავად კლუბს და ფედერაციას.

ვფიქრობ, ამ დავიდარაბას 29 ათასის გადახდა აჯობებს. მე კი მგონია, დიდი ფულის პატრონმა პრინციპულად ვერ აიტანა, რიგითმა ფეხბურთელმა რომ მოუგო საქმე, თორემ კოკაია ძუნწი არ არის. ეს სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის უფლებებისა და საფეხბურთო კანონმდებლობის დარღვევა", - ამბობს გია ჭანტურია.

როგორც ჩანს, ეს დავა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და, შესაძლოა, მალე ლათინოამერიკულ სერიალს დაემსგავსოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული