"ტორპედო" "სამტრედიასთანაც" "ზესტაფონზე" ფიქრობს

AutoSharing Option
ორდღიანი სააღდგომო პაუზის შემდეგ, 26 აპრილს ქუთაისის "ტორპედო" შეიკრიბა და "სამტრედიასთან" თამაშისათვის ვარჯიში დაიწყო, რომელსაც ეროვნული თასის სამზადისად განიხილავს.

ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" შეხვედრის შემდეგ ჩემპიონატის ცხრილის მეოთხე საფეხურიდან მეხუთეზე დაქვეითებული ტორპედოელები იმედოვნებენ, რომ ეს დროებითი ამბავია და მალე კვლავ დაწინაურდებიან.

"ბუნებრივია, ყურადღება უფრო თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩისკენაა მიპყრობილი, მაგრამ, ამის მიუხედავად, გია გიგატაძე 30 აპრილს ჩემპიონატის მატჩზე ფეხბურთელთა დასვენებას არ აპირებს" - იუწყება "ტორპედოს" ვებგვერდი.

"სამტრედიასთან" შეხვედრას ქუთაისელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რაც "ტორპედოს" მეკარეთა
მწვრთნელის, დავით გვარამაძის კომენტარიდანაც ჩანს:"სამტრედიასთან" შეხვედრა თასის გათამაშების განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრამდე ბოლო რეპეტიციაა და ბიჭები საბრძოლველად მობილიზებულნი არიან".

"რა თქმა უნდა, "სამტრედიასთან" მოგებას ვგეგმავთ, მაგრამ, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, მეტოქე მაინც იბრძოლებს. გამარჯვებას სწრაფი გოლი გაგვიადვილებს. კალენდარი მეოთხე ადგილზე დაბრუნებაში ხელს გვიწყობს, თუმცა ეს მხოლოდ პრესტიჟის საქმეა. გუნდი კი "ზესტაფონთან" 4 მაისის სათასო განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაზეა ორიენტირებული.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი დაცვაზე და "ზესტაფონს" კვლავ ისეთ თამაშს შევთავაზებთ, როგორიც პირველ შეხვედრაში დავუპირისპირეთ" - თქვა "ტორპედოს" ვებგვერდთან ინტერვიუში მცველმა თენგიზ ჩიკვილაძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული