საინტერესო ფინიშის მოლოდინი

AutoSharing Option
პირველი ლიგის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი, თუმცა კენტგუნდიანი ჩემპიონატის პირობებში გუნდებს სხვადასხვა რაოდენობის მატჩები აქვთ ჩასატარებელი.

შეგახსენებთ, რომ დებულების თანახმად, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად გადადიან უმაღლეს ლიგაში, მესამე ადგილზე გასული გუნდი კი პლეი-ოფის მატჩს (ნეიტრალურ მოედანზე) ჩაატარებს უმაღლეს ლიგაში მერვე ადგილზე გასულ გუნდთან. ეს პაექრობა ერთმატჩიანი იქნება: თამაშის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ორი 15-წუთიანი ტაიმი დაინიშნება, ხოლო თუ დამატებით დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, მაშინ დაინიშნება პენალტების სერია.

სწორედ ამ საპლეიოფო, ანუ მესამე ადგილისთვის იქნება კიდეც სერიოზული კონკურენცია დარჩენილ
ტურებში - სულ მცირე, სამ გუნდს მშვენიერი შანსი აქვს, უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძოლოს. აი, რაც შეეხება პირველ და მეორე ადგილებს, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ყველაფერი გარკვეულია: უფრო ზუსტად, პირველი ლიგის ერთ-ერთი გამარჯვებული, ფაქტობრივად, ცნობილია: დარჩენილ შეხვედრებში "გაგრას" ოთხი ქულა სჭირდება უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. თანაც, არ დაგვავიწყდეს ის ფაქტორიც, რომ "გაგრას" თავის კონკურენტებისგან განსხვავებით ერთი მატჩით მეტი აქვს სათამაშო.

მოკლედ, გამოცდილ უკრაინელ მწვრთნელს ანატოლი პისკოვეცს მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა: "გაგრა" საქართველოს თასის ფინალში გაიყვანა და, რაც მთავარია, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეს საინტერესო გუნდი, ფაქტობრივად, ისევ უმაღლეს ლიგაში დააბრუნა! "გაგრა" მესამეადგილოსან "დილას" რვა ქულით უსწრებს და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი თამაშითაც ნაკლები აქვს ჩატარებული.

ისე, "გაგრას" ასეთი დამაჯერებელი ასპარეზობა არავის უნდა გაჰკვირვებოდა - წინა სეზონში, უმაღლესი ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, გუნდმა, ფაქტობრივად, 100 პროცენტით შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი; ეგ კი არა, უფრო გაძლიერდა კიდეც (აქაურობას გაშინაურებულ 29 წლის მიკოლა ნაკონეჩნის კიდევ ერთი უკრაინელი ლეგიონერი, 25 წლის ვლადიმირ ორდინსკი დაემატა) და გათამაშების დაწყებიდანვე პირველილიგის ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტადაც სრულიად დამსახურებულად მიიჩნეოდა. ისე როგორც მარტვილის "მერანი" - ამ გუნდმა პირველი სიურპრიზი წინა სეზონში შემოგვთავაზა, როცა საქართველოს თასის ისტორიაში პირველი გუნდი შეიქმნა, ნახევარფინალში პირველი ლიგის წარმომადგენლის სტატუსით რომ ასპარეზობდა.

"მერანი" წინა სეზონშიც აცხადებდა უმაღლესში დაბრუნებას, მაგრამ "ორივე ფრონტზე" ძალები არ ეყო და ეს მიზანი ერთი წლით გადადო. ახლა კი, მარტვილელები ძალიან ახლოს არიან უდიდეს მიღწევასთან: ამ ქალაქის გუნდს უმაღლეს ლიგაში ხომ არასდროს უასპარეზია! ამიტომაც, არავის უნდა უკვირდეს, როცა "მერანისა" და ხობის "კოლხეთის" მატჩს მარტვილში 1000 გულშემატკივარი დაესწრო. მართალია, "მერანს" ოფიციალურად არ გაუფორმებია უმაღლესი ლიგის საგზური, მაგრამ ახალგაზრდა სპეციალისტის, მალხაზ ჟვანიას გუნდს დარჩენილ ოთხ შეხვედრაში ოთხი ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. სხვათა შორის, უახლოეს ტურში მართლაც განსაკუთრებული მატჩი გველოდება: "გაგრა" - "მერანი"...

აი, რაც შეეხება მესამე, ანუ საპლეი-ოფო ადგილს, ამისათვის სამი გუნდი იბრძვის: გორის "დილა", საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო". დღესდღეობით "დილა" კონკურენტებს კი უსწრებს, მაგრამ "ჩიხურაზე" და "დინამოზე" ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. უკანასკნელ ტურში უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა საჩხერეში ჩატარებულ მატჩს, სადაც "ჩიხურა" გორის "დილას" მასპინძლობდა. შეგახსენებთ, რომ მასპინძელთა გუნდს გამოცდილი სპეციალისტი, სოსო ფრუიძე ხელმძღვანელობს და მეორე ეტაპის დაწყებამდე "ჩიხურას" ძირითად ბირთვს ადგილობრივი ფეხბურთელები შეადგენდნენ (ამის მერე გამოჩნდნენ უმაღლეს ლიგაში ნათამაშები, 25 წლის არჩილ ალავიძე და 24 წლის ტყუპი ძმები დავით და ლევან ჩაგელიშვილები); აი, "დილას" მთავარ მწვრთნელს გიორგი ცეცაძის განკარგულებაში კი არაერთი გამოცდილ ფეხბურთელია და სწორედ გამოცდილების ხარჯზე შეძლეს კიდეც გორელებმა ამ უპრინციპულესი მატჩის მოგება. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი "დილას" ცენტრალურმა მცველმა, 24 წლის გივი ქარქუზაშვილმა გაიტანა, უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა დროს ცხინვალის "სპარტაკში" , ახალციხის "მესხეთსა" და "ბორჯომში" რომ უთამაშია. თუმცა გამოცდილება "დილას" არც სხვა ფეხბურთელებს დაეწუნებათ: ბექა შეყრილაძეს, რომან ახალკაცს, ვლადიმერ ჯოჯუას, რომან გოგინაშვილს.

ისე, "ჩიხურამ" მეორე ეტაპი შთამბეჭდავად კი ჩაატარა, მაგრამ უშუალო კონკურენტებთან ვერც ერთი შეხვედრა ვერ მოიგო; ასევე არასტაბილურობის გამოა, ბათუმის "დინამო" დღესდღეობით V ადგილზე რომ იმყოფება. თუმცა, ამირან გოგიტიძის გუნდს დარჩენილი მატჩების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში იმის შანსიც ექნება, მესამე ადგილი რომ დაიკავოს; ოღონდ, ამისათვის "დილას"... წაფორხილების იმედადაც უნდა იყოს. მოკლედ, საინტერესო ფინალი გველოდება და დიდია იმის ალბათობაც, რომ მესამე ადგილის მფლობელის ვინაობა სწორედ ბოლო ტურში გარკვეს.

თ   მ  ფ  წ    ბ       ქ
გაგრა                   27 20 5 2 64-15   65
მარტვილი           28 19 7 2 52-12   64
გორი                   28 16 9 3 50-21   57
ჩიხურა                27 17 4 6 51-23   55
ბათუმი               27 15 8 4 57-14   53
გურია                  28 13 3 12 48-54 42
კოლხეთი (ხ)       27 11 9 7 27-28   42
მეშახტე               28 9 5 14 30-40   32
ჩხერიმელა          27 7 11 9 33 39   32
ნ/დინამოელი     27 9 3 15 34 51   30
მერცხალი           29 8 6 15 40-62   30
იმერეთი             27 8 4 15 27-36   28
სამგურალი         27 7 5 15 31-52   26
ლოკომოტივი     27 6 6 15 26-43   24
ადელი                27 7 2 18 31-50   23
ჭიათურა             27 6 5 16 23-61   23
სქური                  27 6 4 17 24-48   22
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული