გია ფირცხალავა: გამოძიება დაადგენს, მონაწილეობდნენ თუ არა გუნდები გარიგებებში

AutoSharing Option
გია ფირცხალავა პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტად ახალი არჩეული იყო, როდესაც უმაღლეს ლიგაში გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა წამოიწყო. ასე იყო ადრეც, როდესაც მერაბ ჟორდანიას დროინდელი ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად მუშაობდა და ლევან ყიფიანთან ერთად რამდენიმე გარიგებული მატჩი ღიად დაასახელა.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჯერაც არსებული პროფლიგის პრეზიდენტი ფირცხალავა ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში დატრიალებულ სკანდალურ მოვლენებზე არანაკლებ დამაინტრიგებელ განცხადებებს აკეთებს - არ არის გამორიცხული, გამოძიების დასრულების შემდეგ უმაღლესი ლიგიდან რამდენიმე გუნდი მოკვეთონ.

- მატჩების ჩაწყობაზე ადრეც ლაპარაკობდით, მაგრამ ფაქტები არ გაგაჩნდათ. ახლა კუდ-მა ბევრი
რამ გამოამზეურა და არსებობს მოსაზრება, რომ ამ საქმეში უმაღლესი ლიგის ბევრი კლუბია გარეული.
- რაც ხდება ძალიან სამწუხაროა. ჩვენ სამართალდამცავი სტრუქტურა არ ვართ და ამიტომ, ფეხბურთელების თვალთვალი და მათი დაკავება არ შეგვიძლია. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის მთავარი ამოცანაა, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ეროვნული ჩემპიონატი მოვაწესრიგოთ. ყველას იდეალური ჩემპიონატი გვსურს და, რა თქმა უნდა, ასეთი რამ წარმოუდგენელია, მაგრამ ყოველთვის შევეცდებით ჩვენი ბერკეტებით წესრიგის დამყარებას, ჩვენს ფეხბურთში გარიგებები ასე ფართოდ რომ არ გავრცელდეს. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, გადაწყვეტილებებს მოხსენებითი ბარათების საფუძველზე ვიღებთ.

- ტოტალიზატორი ჩვენს ფეხბურთს მეტასტაზივით მოედო. თქვენი აზრით, ეს სენი რომელ სტადიაშია?
- ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან, ეს რომ ვიცოდე, თავად უნდა ვიყო გარიგებების მონაწილე. მხოლოდ მიახლოებით ვიცოდით, რომ ჩვენს ჩემპიონატში რაღაც ხდებოდა, მაგრამ ამ მასშტაბის გარიგებებს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით.

სურათი ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა კომბინაციები თამაშდებოდა. სამწუხაროდ, ეს მსოფლიო ფეხბურთის სენია და მხოლოდ საქართველოს არ აწუხებს, მაგრამ სახიფათო ტენდენცია რამენაირად უნდა აღვკვეთოთ. სამართალდამცავმა ორგანოებმა უდიდესი სამსახური გაუწიეს ქართულ ფეხბურთს, კლუბებს და თავად ფეხბურთელებს, რადგან ბევრს რამეს ნათელი მოჰფინეს.

- მთავარია, რა მოხდება, რა იქნება ამ სკანდალის შემდეგ.
- გარიგებული მატჩების გამოვლენა ქართულ ფეხბურთს ყველანაირად წაადგება, ცდუნებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელები დაოკდებიან, გაიწმინდებიან გუნდები, რასაც ეროვნულ ჩემპიონატში ვითარების გაჯანსაღება და დონის ამაღლება უნდა მოჰყვეს. საბოლოოდ კი, მჯერა, ჩვენი ჩემპიონატისკენ ბიზნესიც გამოიხედავს. იდეალური ვითარება არსად არასდროს იქნება, მაგრამ უკეთსობაში დარწმუნებული ვარ. თუმცა, ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ.

- ამ საქმეთა გახმაურების მერე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ გარიგების მონაწილეები დაისჯებოდნენ, თუმცა ჯერ ვერდიქტი არ გამოუტანიათ.
- გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ბოლომდე არ ვიცით, რა მასშტაბის დანაშაულთან გვაქვს საქმე. თუმცა კლუბებმა, საკუთარი გადაწყვეტილებით, ხუთივე ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესს ჩამოაშორეს.

- პირადად თქვენ როგორ სასჯელს ემხრობით?
- არ მინდა, ავჩქარდე, თუმცა მაგრამ ალექსანდრე ჩივაძემ ზუსტად აღნიშნა - მათ საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანეს. მეც ასე ვფიქრობ.

- და ბოლოს, რა ბედი ელის პროფლიგას, მკვდარია თუ ჯერ კიდვე ცოცხლობს?
- პროფლიგას ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულების ვადა მაისის ბოლოს უმთავრდება. ახლა გარკვეული დრო დაგვრჩა საიმისოდ, რათა გაირკვეს, ვინ ჩაატარებს ჩემპიონატს, როგორ და რა ფორმატით გაგრძელდება...

- ფედერაციამ ლიგას სპონსორები მისაზიდად ვადა მაისის ბოლომდე მისცა.
- რა თქმა უნდა, ძალიან რთული მდგომარეობაა, მაგრამ იმედი მაინც არ გადაგვიწურავს. მთავარია, პოტენციურ პარტნიორებს, ბიზნესს როგორი ფეხბურთის, რა დონის პირველობის დასპონსორებას შევთავაზებთ.

- უმაღლესი ლიგის ზოგ აუტსაიდერს სჯერა, რომ ლიგის წევრთა რაოდენობა 14 გუნდამდე გაიზრდება. ეს ხმები სარწმუნოა?
- ამ ეტაპზე გუნდების გაზრდაზე ლაპარაკი არ არის. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ ისიც არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.

- ანუ უმაღლესიდან გუნდების გარიცხვასაც არ გამორიცხავთ?
- არ ვიცი, ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და სრული სურათი გვექნება გარიგებებში მარტო ფეხბურთელები მონაწილეობდნენ თუ გუნდებიც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული