ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელი ტურის მიმოხილვაზეც უარი ვთქვით და ასევე ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებზეც"; სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავთ, ალბათ, თავის მოტყუება გამოგვივიდოდა, მაგრამ, მოდი ამ საკითხს "მეორე მხრიდანაც" შევხედოთ: რამდენიმე მართლაც უმსგავსო ფეხბურთელის მხოლოდ არასპორტული კი არა, საერთოდ, არავაჟკაცური საქციელის გამო სხვა დანარჩენების დამსახურება რატომ არ უნდა აღნიშნულიყო?
ჰო, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთაგან ყველა ხომ არ იგონებდა ტრავმებს, ყველა ხომ არ
რა თქმა უნდა, არავის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის მტკიცებას ჩვენ ვერ დავიწყებთ, მაგრამ ფეხბურთში სულ ოდნავ ჩახედული ადამიანიც მიხვდება, რომ იმ გარიგებულ თამაშებსა თუ კონკრეტული ეპიზოდების მანიპულირებაში აშკარად ხუთზე მეტი ქართველი მოთამაშე მონაწილეობდა. ალბათ, ასამდეც (!), მაგრამ, საბედნიეროდ, ამათზე ბევრად უფრო მეტი ფეხბურთელი საკუთარ ამბიციასა თუ შესაძლებლობას პატიოსნად და ჭეშმარიტად სპორტული პრინციპების დაცვით ავლენდა. ჰოდა, გარჯა რატომ უნდა დავუკარგოთ? ან, იმ მწვრთნელების მუშაობა რატომ არ უნდა დაფასდეს, რომელთა გაწვრთნილი გუნდის ფეხბურთელებს გასულ თვეში არანაირ მანიპულაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ...
მწვრთნელ(ებ)ი: გია გეგუჩაძე (ზესტაფონი) გია გიგატაძე (ტორპედო)
ისე როგორც თებერვალსა და მარტში, უმაღლესი ლიგის გუნდებს აპრილშიც სხვადასხვა რაოდენობის მატჩების ჩატარებამ მოუწიათ. მართალია, გასულ თვეში ყველაზე მეტი ქულა თბილისის "დინამომ" მოაგროვა, პროცენტული მაჩვენებლით საუკეთესო შედეგი ორ გუნდს, "ზესტაფონსა" და "ტორპედოს" ჰქონდა. ჰოდა, აქედან გამომდინარე, "თვის მწვრთნელ(ებ)ის" ნომინანტებად სწორედ ამ ორი იმერული კლუბის თავკაცები, გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი") და გია გიგატაძე ("ტორპედო") დავასახელეთ.
ალბათ, მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი რომ ვერ გახდეს - გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი ამ ტიტულს, უდავოდ, იმსახურებს და ეს მოსალოდნელი ფაქტი, რაღა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ.
როგორც ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს შეეფერებოდა, სწორედ ისე იასპარეზა "ზესტაფონმა" წინა თვეში; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გასული წლის 6 ნოემბრის მერე გუნდს ჩემპიონატში თამაში არ წაუგია! თუმცა, ისევ გასულ თვეს დავუბრუნდეთ, როცა "ზესტაფონს" ერთი-მეორეზე ურთულესი მატჩები ჰქონდა, მაგრამ საკუთარი სიძლიერე თითქმის ყველა პრინციპულ შეხვედრაში დაამტკიცა. რაც მთავარია, "ზესტაფონმა" ორი უმთავრესი მატჩი მოიგო უშუალო კონკურენტებთან: 10 აპრილს "დინამო" დაამარცხა, 23 აპრილს კი სტუმრად "ოლიმპთან" გაიმარჯვა!
სხვათა შორის, მთელი სეზონის განმავლობაში არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ უმაღლეს ლიგაში ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა სწორედ "ზესტაფონს" ჰყავდა; თუმცა, რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც არცთუ ურიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ხეირიანი შედეგისათვის ვერ მიუღწევია. მოკლედ, მწვრთნელის ფაქტორს ვგულისხმობთ და გეგუჩაძის როლი ამ შემთხვევაშიც უმნიშვნელოვანესია: შემადგენლობის გონივრული როტაციისა თუ კონკრეტულ მეტოქესთან კონკრეტული (ანუ, წარმატების მომტანი) ტაქტიკის არჩევის წყალობით "ზესტაფონი" ძალიან ახლოს არის საჩემპიონო ტრიუმფთან.
გასული თვე ასევე წარმატებული იყო ქუთაისის "ტორპედოსთვისაც": გია გიგატაძის გუნდმა აპრილის თვეში ჩატარებულ ჩემპიონატის ექვს მატჩში წაუგებლად იასპარეზა; თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "ტორპედოს" ეს ექვსივე მატჩი ისეთ მეტოქეებთან ჰქონდა, რომელთათვისაც თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თავად განსაჯეთ: ქუთათურებმა ზედიზედ სამი შეხვედრა ჩაატარეს ჩემპიონობის პრეტენდენტებთან ("დინამოსთან", "ზესტაფონთან", "ოლიმპთან"), შემდეგ კი არანაკლებ რთული სამი შეხვედრა ჰქონდათ ასევე არანაკლებ მოტივირებულ "ბაიასთან", "კოლხეთთან" და "სამტრედიასთან".
მოგეხსენებათ, რომ სამივე ეს გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება, "ტორპედოს" მთავარი მიზანი კი იმავე აპრილის თვეში საქართველოს თასზე წარმატებული ასპარეზობა უნდა ყოფილიყო. მოკლედ, ბევრს ეგონა, რომ გია გიგატაძის შეგირდები ჩემპიონატის შეხვედრებს ნაკლებად მოტივირებულნი შეხვდებოდნენ და შესაძლო წარუმატებლობის შემთხვევაში ვერც ვერავინ გაამტყუნებდათ, - ბოლოს და ბოლოს, ევროტურნირების საგზურს ხომ მხოლოდ და მხოლოდ თასზე წარმატებული თამაშით თუ მოიპოვებდნენ.
თუმცა, "ტორპედომ" გასულ თვეში "სამართლიანი თამაშის პრინციპებს" ბოლომდე უერთგულა და როგორც ლიდერებთან, ასევე აუტსაიდერებთან ჩატარებულ ყველა შეხვედრაში უაღრესად მოტივირებულ მეტოქეებს, როგორც იტყვიან, ბოლომდე ებრძოლა! თანაც, საქმე მხოლოდ "ფეირ პლეის" პრინციპების დაცვაშიც არ იყო - ბოლოს და ბოლოს, საკუთარი პრესტიჟიც ხომ არსებობს და "ტორპედოს" ასეთი ასპარეზობა, ალბათ დანარჩენი ჩვენი გუნდებისათვისაც მისაბაძი (გნებავთ, "გადამდები") უნდა იყოს...
გამორჩეული ფაქტები
"თვის მწვრთნელ(ებ)ის" გამორჩევისა არ იყოს, ამ შემთხვევაშიც ბევრი ვიფიქრეთ, - იმდენი მართლაც "ნამაიმუნარი" მატჩის პირობებში, რამდენად ადეკვატური იქნებოდა აპრილის გამორჩეული ფაქტების გახსენებაც. თუმცა, აქაც არ გვინდა იმ კონკრეტულ ფეხბურთელებს გარჯა დავუკარგოთ, გასულ თვეში საუკეთესო კუთხით რომ წარმოჩინდნენ.
უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ის ფეხბურთელები უნდა ვახსენოთ, თვის სიმბოლურ ნაკრებში რომ მოხვდნენ; აბა, როგორ შეიძლება გვერდი ავუაროთ "ტორპედოს" 26 წლის მეკარის ომარ მიგინეიშვილის საიმედო თამაშს? ისე როგორც მისი თანაგუნდელებისა და თანატოლების, გიორგი სეთურიძისა და თეიმურაზ ფარულავას სტაბილურ ასპარეზობას. ისე, რახან აპრილის სიმბოლური ნაკრები ვახსენეთ, შეამჩნევდით, რომ ყველაზე მეტი (5) ფეხბურთელი "ზესტაფონიდან" არის და ეს არც არავის უნდა გაუკვირდეს; მით უმეტეს, რომ 27 წლის გიორგი ონიანმა, 24 წლის შოთა გრიგალაშვილმა, 23 წლის ირაკლი ძარიამ, 21 წლის ბუბა დაუშვილმა და 25 წლის ნიკოლოზ გელაშვილმა აპრილში მართლაც ჩინებულად იასპარეზეს.
იმავეს თქმა შეიძლება თბილისის "დინამოს" ორ გამოცდილ ფეხბურთელზეც: 26 წლის ლევან ხმალაძესა და 29 წლის ალექსანდრე კოშკაძეზე (სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა აპრილში 4 გოლი გაიტანა, რაც უმაღლეს ლიგაში საუკეთესო შედეგია).
"თვის დებიუტის" ნომინაცია რომ გვქონდეს, უკონკურენტო იქნებოდა "დინამოს" ახალწვეული, 21 წლის ვახტანგ ფანცხავა: ჯანიანმა და ათლეტურმა ფორვარდმა სულ მოკლე დროში ძირითადში დამკვიდრებაც შეძლო და ორი ეფექტური გოლითაც დაგვამახსოვრა თავი.
სხვა ფეხბურთელებიდან, უპირველეს ყოვლისა, ფოთის "კოლხეთის" ახალწვეულის, 28 წლის ლევან მდივნიშვილის შედეგიანი თამაში (3 გოლი) გვინდა აღვნიშნოთ. ამას გარდა, რამდენიმე კონკრეტული მოთამაშეც უნდა დავასახელოთ, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები რომ გაიტანეს: 19 წლის გიორგი ჭანკოტაძე ("ზესტაფონი"), 21 წლის გიორგი გავაშელიშვილი ("კოლხეთი"), 20 წლის რევაზ ღანიშვილი ("ვიტ ჯორჯია"), 18 წლის ზვიად სიხარულია ("ბაია"), 22 წლის გიორგი მურველაშვილი ("ოლიმპი").
დაბოლოს, სამი ფეხბურთელიც გამოვარჩიოთ, გარკვეული პაუზის მერე რომ დაბრუნდნენ საქართველოს ჩემპიონატში და აქ დაბრუნება გოლებით სწორედ წინა თვეში რომ აღნიშნეს: 27 წლის დიმიტრი ტატანაშვილი ("დინამო"), 30 წლის ლაშა ჯაკობია ("სპარტაკი") და 26 წლის კობა შალამბერიძე ("სიონი").
აპრილის ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო 8 5 2 1 14-7 17
2. ზესტაფონი 6 4 3 0 9-2 15
3. ტორპედო 6 3 3 0 7-3 12
4. სიონი 6 3 1 2 8-5 10
5. კოლხეთი 6 2 3 1 5-5 9
6. ვიტ ჯორჯია 7 2 2 3 6-5 8
7. ოლიმპი 6 2 0 4 5-7 6
8. სამტრედია 6 1 2 3 4-8 5
9. ბაია 7 1 0 6 3-13 3
10. სპარტაკი 6 0 3 3 2-8 3