ცხოვრება ეჭვით
ხვდებით, ალბათ, ქართულ ფეხბურთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ვგულისხმობთ: სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, ჩემპიონატის "არნახულ" ინტრიგაზე რომ ვსაუბრობდით და თითოეული ტურის თითოეულ მატჩს უდიდეს ყურადღებას ვუთმობდით, თურმე... თავს ვიტყუებდით! არადა, ახლა მწარედ გვეცინება, როცა მთელი სეზონის განმავლობაში, თურმე, გაქანებულ აღებ-მიცემობას ვაპიარებდით! არა, რაღაც ეჭვები როგორ არ გვქონდა, რამდენიმე მატჩზე გარკვეული "მინიშნებაც" გაგვიკეთებია, მაგრამ იმას
...ეჭვი მართლაც ცუდი რამეა; კიდევ ვიმეორებთ, იყო რამდენიმე ისეთი მატჩი, რომლის მიმდინარეობამ, გნებავთ, საბოლოო შედეგმა, გარკვეული ეჭვი რომ დაბადა, მაგრამ, ეს ეჭვი თუ გარკვეული კითხვები, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტული მატჩის შედეგიდან იყო გამომდინარე; ოღონდ, როგორც წესი, ჟურნალისტი (მით უფრო, ჩვენთან) ვერასდროს ვერაფერს დაამტკიცებს: გინდა თუ არა, ესა თუ ის მატჩი ჩაწყობილი იყოო. კი ბატონო, ერთი-ორჯერ მინიშნებითა თუ სარკაზმულად დავაფიქსირეთ საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ მატჩის მიმდინარეობისა თუ საბოლოო შედეგის მიმართ, მაგრამ, ამით რა უნდა შეცვლილიყო? ან, რა, მხოლოდ ამ სეზონში გვქონდა გარკვეული ეჭვები?
ძალიან შორს წასვლა საჭირო არ არის და წინა სამი ჩემპიონატი გავიხსენოთ: "უემოციო მატჩებიც" კარგად გვახსოვს და გაძევებული ფეხბურთელისათვის... წითელი ბარათის გაუქმება (ანუ, ოქმში არშეტანა), თასსა და ჩემპიონატს შორის "პრიორიტეტების არჩევაც" (ერთი გუნდი მეორეს თასზე "გაატარებდა", სამაგიეროდ ჩემპიონატში გარანტირებული ქულები ჰქონდა) ყოფილა და ერთი რეგიონის გუნდებს შორის გარკვეული "ვალდებულებებიც", არაოფიციალური "ფარმ-კლუბებთან" დამყარებული "მრავალქულიან" დამოკიდებულებაზეც ხმა აგვიმაღლებია და სეზონის ბოლოსკენ მომრავლებულ საეჭვო მატჩებზეც.
ჰო, ისე როგორც ახლა, მაშინაც ჭაობში იყო ქართული საკლუბო ფეხბურთი; თუმცა, მხოლოდ საკლუბო? ან რა, მხოლოდ XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო უმსგავსოებანი ქართულ ფეხბურთში? ადრეც იყო, როგორ არ იყო, - ბოლოს და ბოლოს, პირველი ეროვნული ჩემპიონატის დამთავრებისთანავე... დაირღვა რეგლამენტი, როცა უმაღლესი ლიგიდან არც ერთი გუნდი არ გააგდეს. ჰოდა, დაიწყო და რა დაიწყო: ხან პოლიტიკური ნიშნებითო, ხან - გეოგრაფიულიო, ჩემპიონატის რეგლამენტს, როგორც და ვისაც უნდოდა, ისე ცვლიდა. მერე, ზაფხული რომ მოვიდოდა, ჩვენი კლუბები ევროტურნირებზე გავიდოდნენ და ისეთ "საინტერესო" ანგარიშებს შემოგვთავაზებდნენ ხოლმე, მხოლოდ იმას ვწუხდით, რომ ჯერჯერობით საერთაშორისო დონემდე ბევრი გვიკლიაო.
არადა, კაცმა რომ "მოიცალოს" და მეხსიერებაში აღიდგინოს სხვადასხვა დროს ევროტურნირებზე რამდენიმე ჩვენი გუნდის ჩატარებული თამაშები, მართლაც მწარედ გაეცინება. ჰო, არ დავმალავთ: ეჭვები მაშინაც იყო, როცა ჩვენი გუნდები ძალიან "უცნაურ" მეტოქეებთან არანაკლებ "უცნაურად" აგებდნენ, მაგრამ ვინმეს რამეს დაუმტკიცებდი?..
თავის მოტყუება
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა სამი ისეთი მატჩი ამხილა, სადაც ფეხბურთელთა ნაწილი გარკვეულ მანიპულირებას ამხელდა: "დინამო"-"ბაია", "ვიტ ჯორჯია"-"სიონი", "სიონი-"სამტრედია"; ამას გაგრძელებაც მოჰყვა და ახლა უკვე უეფა-მ მიიჩნია კიდევ სამი შეხვედრა საეჭვოდ: "კოლხეთი"-"სამტრედია", "ვიტ ჯორჯია"-"სპარტაკი" (ჩემპიონატში) და ამავე გუნდების პირველი მეოთხედფინალური მატჩი; ანუ, ჯერჯერობით მხოლოდ ეს ექვსი მატჩია საეჭვოდ ცნობილი და ფეხბურთელთა მცირე ჯგუფია (სულ, 7 კაცი) ჩამოცილებული თავიანთი გუნდის სავარჯიშო პროცესს.
მაგრამ, მოდი, გულახდილად ვთქვათ: ნეტავ, ვინმეს სჯერა, რომ როინ ონიანის, ლევან ვართაგავას, სპარტაკ გოგიას, კახა კირთაძისა და გიგა ბეჭვიას (ამათ მოგვიანებით, მაკარ აქუბარდია და გიორგი ქირია დაემატათ) გარდა სხვა ფეხბურთელები არ იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა მანიპულაციებში? ან, იქნებ, ის სჯერა ვინმეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ზემოთნახსენები ექვსი მატჩია საეჭვო (არადა, ნეტავ, მართლაც ასე იყოს)? მაგრამ, რა აზრი აქვს, - მაინც ვერავინ ვერაფერს დაამტკიცებს. თორემ, სეზონის დასაწყისიდან რომ მოვყვეთ, მართლაც უამრავი "უცნაური სცენარით" წარმართული მატჩის გახსენება შეიძლება.
აი, ვთქვათ, ფინანსურად და სპორტული თვალსაზრისითაც სუსტი გუნდი სტუმრად პირველ ტაიმში თავისზე ბევრად ძლიერ მეტოქეს ორბურთიანი უპირატესობით რომ დაამარცხებს, მაგრამ, მეორე ტაიმში საკუთარ კარში ოთხ გოლს გაუშვებს; ან, კიდევ, ერთი და იგივე ფეხბურთელი, ერთი და იგივე მეტოქესთან დაპირისპირებებში ან მატჩის დასაწყისში უნდა გააძევონ, ან - ავტოგოლი გაიფორმოს; ჰოდა, რა ვქნათ: ყოველი ასეთი მატჩების შემდეგ ყველაფერში ეჭვი შევიტანოთ?
კიდევ ვიმეორებთ, ჯერ მხოლოდ ამ სეზონში, ფაქტობრივად, ყოველ ტურში შეიძლება სულ მცირე, ერთი "უცნაურსცენარიანი" მატჩი "მოიძებნოს", მაგრამ, იმის დიდი ალბათობაც ხომ არის, რომ, საერთოდ, არაფერი ხდება და ჩვეულებრივი, ნაღდი თამაში მიმდინარეობს.
...წინა ტურის მიმოხილვაზე და ტურის სიმბოლურ ნაკრებზე შეგნებულად ვთქვით უარი; ისე, როგორც ამ ტურის წინათქმაზე, - უკვე აღარც ვიცით, რომელი თამაში მივიჩნიოთ ნამდვილად და რომელი - საეჭვოდ; კი, ბატონო, სეზონის ბოლოსკენ უმოტივაციო გუნდი რომ ბევრად მოტივირებულ მეტოქესთან თამაშს წააგებს, ამაზე "ერთი ამბავი" არ უნდა ავტეხოთ; მაგრამ, კონკრეტული შედეგის "დასმა" მართლაც არაფერია იმასთან, რასაც ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელი (მათ შორის, პირველი ლიგის გუნდებშიც) ახერხებს: ისევ და ისევ, ადრეულ შეცვლას, პირველ გაფრთხილებას, მეტ და ნაკლებ აუტს, "აუცილებელ" საჯარიმოსა თუ პენალტს და ასე შემდეგ.
თუმცა, აქვე ერთი კითხვაც იბადება: დავიჯეროთ, ამ ფეხბურთელის რომელიმე თანაგუნდელ(ებ)მა არ იცის არაფერი? ან, უფრო მეტიც: დავიჯეროთ, მეტოქე გუნდის არც ერთი ფეხბურთელი არ არის საქმის კურსში? მოკლედ, საქმე მხოლოდ ხუთ თუ შვიდ ფეხბურთელში არ არის და ვშიშობთ, საერთოდ, რამდენიმე გუნდი მთლიანად არ იყოს ჩართული ამ სიბინძურეში.
... ეს ამბავი ორშაბათს, 2 მაისს გახმაურდა. არ დავმალავთ: მაშინათვე გვინდოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ამ საკითხთან დაკავშირებით; თუმცა მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა, ახალ-ახალი ფაქტებიც ჩნდებოდა (ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი "მოყუჩებული" მატჩია), თუმცა ორშაბათიდან მოყოლებული არ გვტოვებდა ერთადერთი გრძნობა - თურმე, მთელი სეზონი... თავს ვიტყუებდით!
ჰო, ალბათ, მართლაც თავს ვიტყუებდით, როცა XXII ჩემპიონატის "არნახულ ინტრიგასა" თუ სატურნირო ცხრილის ზედა და ქვედა ნაწილში "არნახულ დაძაბულობაზე" ვსაუბრობდით; ამ დროს კი თურმე მასხარაობებს ვადევნებდით თვალს და, მართალია, გარკვეული ეჭვები კი გვქონდა, ხმამაღლა მაინც ვერაფერს ვამბობდით, ანდა, რა - რომც რაიმე გვეთქვა, ვის რას დავუმტკიცებდით...