სასწრაფოს მოსვლამდე...

AutoSharing Option
სამტრედიაში "დინამოს" სტუმრობას ყოველთვის დიდი ინტერესით ელიან და ახლაც ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ "სამტრედია" ცალი ფეხით უკვე პირველ ლიგაშია, ამ ქალაქში ფეხბურთისადმი ინტერესი არ განელებულა. ავდრის მიუხედავად, სტადიონზე საკმაოდ ბევრი მაყურებელი შეიკრიბა.

თამაში 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი სტადიონზე სასწრაფო მანქანის არყოფნა იყო... ხალხი ხუმრობდა, თამაშის დაგვიანებით დაწყებაზე აზიურ ტოტალიზატორებში 8.0 კუში ყოფილა და სასწრაფოც მოუსყიდათო...

პირველ ტაიმში მასპინძლებმა პირწმინდად დაჩაგრეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მაგრამ მეორეში დაღლა დაეტყოთ, კახა კაჭარავამ შეცვლები გამოიცნო და საბოლოოდ შეხვედრა "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა.

სამტრედიელთა პირველივე შეტევას გოლი მოჰყვა. მე-3 წუთზე მიქაბერიძემ ითამაშა კარგად, რამდენიმე მცველს გასცდა და ლომაშვილს უპასა, მან კი საჯარიმოს გარედან არცთუ ძლიერად დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ ძირს გაწოლილ ლორიას შეეხო ზურგზე და კარში აღმოჩნდა-1:0. მასპინძლები ამის შემდეგაც არ გაჩერებულან. ცენტრი მთლიანად მათი იყო და დროდარო სახიფათოდაც უტევდნენ.

მე-20 წუთზე ცხადაიას სახიფათო დარტყმას მცველები გადაეღობნენ. იქვე ლომაშვილი ოთხ მცველს შორის გაძვრა, მაგრამ დარტყმა ვეღარ მოახერხა. 32-ე წუთზე რუხაია კარგ პოზიციაში მყოფ ბურჯანაძეს აწვდიდა, მაგრამ მას ღონღაძემ ააცალა ბურთი. დინამოელებმა პირველი რეალური ხიფათი 36-ე წუთზე შექმნეს, როცა ჯუისის თავური დარტყმა ასცდა მიზანს. ტაიმის ბოლომდე რუხაიას და მიქაბერიძეს ჰქონდათ კარგი მომენტები, მაგრამ სიზუსტე დააკლდათ.

მეორე ტაიმში "სამტრედიამ" დაცვაზე და ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი. უპირატესობა დინამოელებმა მოიპოვეს, მაგრამ მათ რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. 55-ე წუთზე ფანცხავამ ითამაშა კარგად, რამდენიმე მცველი ჩამოიშორა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ერთ-ერთმა სამტრედიელმა კუთხურზე მოიგერია. მდგომარეობის გამოსასწორებლად კაჭარავამ შეცვლებს მიმართა. მოედანზე კვეკვესკირის შემდეგ ტატანაშვილი და კახელიშვილიც გამოჩნდნენ. დინამოელთა თავკაცს შეცვლებმა გაუმართლა. ამას სამტრედიელთა დაღლილობაც დაერთო და... 81-ე წუთზე კახელიშვილის ფლანგურ ჩაწოდებას ტატანაშვილის შედეგიანი თავური მოჰყვა-1:1.

ორი წუთიც არ იყო გასული, როცა კვლავ კახელიშვილმა გაიბრწყინა მარჯვენა ფლანგზე, მის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ფანცხავამ თავით შეუცვალა მიმართულება და შეტევაში ჩართულმა თომაშვილმა თავითვე დალაშქრა ჯინჭარაძის კარი-1:2. დარჩენილ დროში "დინამოს" ანგარიშის გაზრდაც შეეძლო. მატჩის დროს იყო ეპიზოდი, როცა სამტრედიელი გულშემატკივრები დინამოელთა სათადარიგოთა სკამს "შემოსწყრნენ", თუმცა ეს ფაქტი ბოლოდროინდელ გახმაურებულ ამბებთან ახლოსაც ვერ მივა. პოლიციელებმა ერთ-ერთი ამრევი დააკავეს და სიტუაციაც იქვე განიმუხტა.

სამტრედია-დინამო 1:2
სამტრედია. ე.მანჯგალაძე 1200 მაყურებელი
გოლები: 1:0 ლომაშვილი (3), 1:1 ტატანაშვილი (81.კახელიშვილის პასით), 1:2 თომაშვილი (83.ფანცხავას პასით)

სამტრედია დინამო
4-1-4-1 4-3-2-1
ჯინჭარაძე ლორია
ჩხიკვაძე ღონღაძე
ხუმარაშვილი თომაშვილი
დვალიშვილი ჰომოლა
ენდელაძე ხმალაძე
ცხადაია გ. კვარაცხელია
ბურჯანაძე არზიანი
გ. მიქაბერიძე თექთურმანიძე
ლომაშვილი რობერტინიო
ალავერდაშვილი ჯუისი
რუხაია ფანცხავა
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ლ.ანჯაფარიძე კ.კაჭარავა


60. ბურჯანაძე-ხვადაგიანი
81. ალავერდაშვილი-გოგიშვილი
87. რუხაია-ა.შენგელია

სათადარიგოები: ბანძავა, ხაჭაპურიძე, ახობაძე

46.თექთურმანიძე-კვეკვესკირი
60. ღონღაძე-ტატანაშვილი
67. ჯუისი-კახელიშვილი
სათადარიგოები: ზარქუა, ფირცხალავა, ელიჩი

გაფრთხილება: ენდელაძე (19), ხმალაძე (30), ღონღაძე (34), ლომაშვილი (47), კვარაცხელია (50)

არბიტრი: ლ.კვარაცხელია

დავით კოხრეიძე სამტრედიიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული