სკანდალის ექო - როგორ გაიტანა გოლი მოედნიდან გასულმა ეხვაიამ?

AutoSharing Option
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცოპერაციამ საფეხბურთო სამყაროს ნაწილობრივი "ლუსტრირება" მოახდინა, როდესაც ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე მაქინატორებთან გარიგებული ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დააკავეს.

ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები: გარიგებაში ფეხბურთელთა მონაწილეობა არავის გაგვკვირვებია. ისედაც ყველასთვის ცხადი იყო, რომ საქართველოს ჩემპიონატი დიდი გარიგებების ბუდედ იყო ქცეული. ისიც ითქვა, რომ მსგავსი და უარესი მაქინაციები ხდება ბევრ სხვა ქვეყანაში. იტალიაში ლამის ყველა გრანდი დაზარალდა 2006 წელს კალჩოპოლის სკანდალის შედეგად. მასში გარეული აღმოჩნდნენ სერია A-ს და სერია B-ს გუნდები. 2006 წლის მაისში იტალიის პოლიციამ ფარულ გარიგებებსა და ჩემპიონატის
თამაშებზე სასურველი მსაჯების დანიშვნაში ამხილა იტალიური კლუბები, მათ შორის მოქმედი ჩემპიონი "იუვენტუსი", "მილანი", "ფიორენტინა", "ლაციო" და "რეჯინა". "მილანს" სერია B-ში დაქვეითება და ლიგის გათამაშების გამოტოვება ელოდა. საბოლოოდ სეზონი 8 ქულის დაკლებით დაიწყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება შეუნარჩუნდა. "იუვენტუსი" კი სერია B-ში დააქვეითეს.

ცნობილია სხვა არაერთი ქვეყნის სკანდალური გამოძიების შედეგებიც - "ლივერპულის" მეკარე გრობელაარი აზიურ ტოტალიზატორებთან კავშირში ამხილეს, მარსელის "ოლიმპიკმა" ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ცსკა-სთან მოგებული შეხვედრა (6:1) იყიდა, მისი პრეზიდენტი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. როდესაც უეფას თასს დაეუფლა, პეტერბურგის "ზენიტს" 50 მილიონ ევროდ მიუნხენის "ბაიერნის" მოსყიდვა ბრალდებოდა და სხვა მრავალის გახსენება შეიძლება.

რა მოხდა საქართველოში, ეს ბოლომდე არავინ იცის. ლაპარაკობენ აზიურ ტოტალიზატორებში ქართული გუნდების თამაშებზე მიღებულ ფსონებზე, მაგრამ გვიმტკიცებენ, აუტებზე ფსონებს არსად იღებენო და ეს მართლა არ გვსმენია. საინტერესოოა ისიც, რომ უეფას წერილი 20 თებერვალს გამოაგზავნეს და მას შემდეგ ინახებოდა. რას ელოდებოდა ფეხბურთის ფედერაცია?

მხილებისა და მედია-კვლევების პროცესი კი დაიწყო, მაგრამ მისი ერთი მსხვერპლი ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელი ირაკლი ეხვაიაც გახდა. ცხადია, შეცდომა წინასწარგანზრახული არ იყო, მაგრამ ფაქტია: ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტში თქვეს, თბილისის "დინამოსთან" სკანდალური შეხვედრის მე-14 წუთზე მოედანი ტრავმის მომიზეზებით "ბაიას" თავდამსხმელმა ეხვაიამ დატოვაო, რაც წინასწარი შეთანხმების ნაწილად მონათლეს. არადა, ეხვაიამ 48-ე წუთზე გოლი გაიტანა, მოედნიდან კი მაკარ აქუბარდია გავიდა, რომელიც, ისევე, როგორც როინ ონიანი, ლევან ვართაგავა და დავით ქირია, გუნდს ჩამოაშორეს, ეხვაიას მიმართ კი "ბაიაში" პრეტენზია არ აქვთ, ემადლიერებიან და მისი გარიგებებში მოანწილეობა ეჭვადაც არავის მოსვლია.

ცხადია, კუდ-ის გამოძიების შემდეგ ჩვენს ჩემპიონატს ისედაც გატეხილი სახელი კიდევ უფრო გაუტყდა, ჟურნალისტების ბუნებრივი სურვილი, გავერკვეთ ვითარებაში, ცილისწამებაში არ უნდა გადაიზარდოს და ამ საქმეში მეტი სიფრთხილე გვმართებს. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთში წესიერი ადამიანებიც არიან და ყველას ჩირქი არ უნდა მოვცხოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული