ისე, რაც მართალია, მართალია - ინტრიგა და დაძაბულობა ჩვენ ჩემპიონატს სეზონის სტარტიდან მოყოლებული არ მოკლებია; აი, ახლაც, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე, ერთი კვირით გა
არადა, იმის დიდი ალბათობაც იყო, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონი სწორედ გასულ ტურში გამოვლენილიყო; ამ ტიტულის უპირველეს და ურეალურეს კანდიდატ "ზესტაფონს" ტრიუმფისათვის მხოლოდ და მხოლოდ ათი წუთი აშორებდა, მაგრამ "დინამომ" მაინც შეძლო თავისი მატჩის "შემობრუნება" და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ მცირე ერთი კვირით მოცდა მოგვიწევს.
ამ შემთხვევაში კი "ზესტაფონი" საერთოდ არ იქნება დამოკიდებული სხვა მატჩების შედეგებზე: გია გეგუჩაძის გუნდი თავის შეხვედრის მოგების შემთხვევაში ერთადერთ კონკურენტ "დინამოსთვის" მიუღწეველი რჩება. სხვათა შორის, მართლაც საინტერესო სიტუაცია შეიქმნა: მომდევნო ტურში "ზესტაფონი"-"სამტრედიას" მატჩია და მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას იზეიმებენ, სტუმრები კი დამარცხების შემთხვევაში "ოფიციალურად" დაემშვიდობებიან უმაღლეს ლიგას...
იმერული სერიალები
"ზესტაფონისა" და "ტორპედოს" განმეორებით ნახევარფინალური მატჩი მართლაც ხმაურიანი გამოდგა, - თანაც, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც; ყველას კარგად მოეხსნება, რომ ორივე კლუბს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრათ, მაგრამ "ზესტაფონმაც" და "ტორპედომაც" იმ მართლაც მძიმე სათასო პაექრობიდან სამი დღის მერე ჩატარებულ ჩემპიონატის მატჩებში, ფაქტობრივად, სრული რეაბილიტაცია მოახდინეს.
"ზესტაფონზე" უკვე ვთქვით და მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ გია გეგუჩაძის საჩემპიონოდ "მომართულმა" გუნდმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. თანაც, არც ის იყო პატარა ამბავი, რომ "ზესტაფონის" მეტოქეც არანაკლებ მოტივირებული გახლდათ - "კოლხეთი" ჯერ კიდევ სახიფათო ზონაშია, მაგრამ ატალახებულ მოედანზეც კი ნათლად იგრძნობოდა მოწინააღმდეგეებს შორის კლასში სხვაობა.
"ზესტაფონის" წაუგებელი სერია კი კვლავაც გრძელდება - გასული წლის 5 ნოემბერს რუსთავში "ოლიმპთან" მარცხის მერე გუნდმა უკვე 19 შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად. ჰოდა, ვის და რატომ უნდა გაუკვირდეს ამ გუნდის საჩემპიონო ამბიცია? ამას გარდა, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც გვინდა აღვნიშნოთ: აქამდე გატანილი გოლებით თავიანთ ერთგულ ქომაგებს "ზესტაფონის" ფორვარდები ანებივრებდნენ, ახლა კი მცველებისა და ნახევარმცველების ჯერი დადგა. შეგახსენებთ, რომ "კოლხეთთან" მატჩში თავი გამოიჩინეს: 31 წლის თორნიკე აფციაურმა, 23 წლის თორნიკე გორგიაშვილმა, 22 წლის ბუბა დაუშვილმა (სამივე - ნახევარმცველია) და 18 წლის მამუკა კობახიძემ (მცველი). სხვათა შორის, კობახიძისთვის ეს გოლი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო იყო.
"ზესტაფონს" არც "ტორპედო" ჩამორჩა: გია გიგატაძის გუნდი წინა თვეში "აკრეფილ ტემპს" წარმატებით აგრძელებს და ჩემპიონატში უკვე მერვე შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად. თანაც, "ტორპედომ" ამ სეზონის საკლუბო რეკორდიც დაამყარა: აქამდე ჩატარებულ 32 მატჩში გუნდს ორზე მეტი გოლი არც ერთხელ გაუტანია, ახლა კი ერთდროულად ოთხი ბურთი გაიტანა! ჰო, მართლაც უცნაური ფაქტი მოხდა: აქამდე სტუმრად ჩატარებულ 16 შეხვედრაში გუნდს 10 გოლი ჰქონდა გატანილი, კვირას კი მართლაც ჩინებული შედეგიანობით ყველა გააოცა...
სარეკორდო და, ალბათ, არასაეჭვოც...
დარჩენილ სამ ტურში ერთი-მეორეზე საინტერესო მატჩები რომ ვნახოთ, ასევე ერთი-მეორეზე ეფექტური გოლები გავიდეს, ცალკეულმა მოთამაშეებმა გაიბრწყინონ თუ ლამაზი კომბინაციებითაც გაგვანებივრონ, მაინც... "ეჭვის ტყვეობაში" ვიქნებით; ჰო, ასე "ადვილად" ვერ გამოვალთ იმ შოკიდან, წინა კვირას რომ მივიღეთ: თურმე, ლამის ყოველ მეორე-მესამე მატჩში გარკვეული მანიპულაციები ხდებოდა!
თუმცა, ჩემპიონატი გრძელდება და მთლად "დაუნახაობაც" არ შეიძლება: გასულ ტურში ხომ სეზონის რეკორდი დამყარდა! შედეგიანობას ვგულისხმობთ: ხუთ შეხვედრაში 19 გოლი გავიდა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. სხვათა შორის, აქამდე სარეკორდო შედეგი წინა ტურში დაფიქსირდა (17 გოლი), ეს კი იმის მანიშნებელია, რომ სეზონის ბოლოსკენ ჩვენ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები "საგოლე მადაზე" მოვიდნენ.
რაც ყველაზე მთავარია, ასეთმა შედეგიანობამ, წესითა და რიგით, არავინ უნდა დააეჭვოს: არც ერთი შედეგი არ წააგავდა მანიპულირებულს და არც ცალკეულ ფეხბურთელს გაუტანია "საეჭვოდ ბევრი" გოლი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობის არც ერთ კანდიდატს გასულ ტურში გოლი არ გაუტანია...
მშვიდი ფინიში
თითქმის თვე-ნახევრიანი პაუზის მერე ჩემპიონატში "ჰეთ-თრიქიც" ვნახეთ: "ტორპედოს" 31 წლის თავდამსხმელმა რევაზ გოცირიძემ ყოფილი კლუბის კარში სამი გოლი გაიტანა! შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატში მსგავსი ფაქტი მხოლოდ ოთხჯერ დაფიქსირდა: მეტოქეთა კარში "ჰეთ-თრიქი" ნიკოლოზ გელაშვილმა (ორჯერ), ირაკლი მოდებაძემ და ზვიად მეტრეველმა შეასრულეს. თუმცა, გოცირიძის შემთხვევა "განსაკუთრებულია": სხვა "ჰეთ-თრიქებისგან" განსხვავებით, გოცირიძემ სამი გოლის გატანა სტუმრად შეძლო.
სხვათა შორის, გოცირიძე პირველ ეტაპზე "სიონში" თამაშობდა და 14 მატჩში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა; ზამთრის პაუზის შემდეგ ეს გამოცდილი ფორვარდი "ტორპედოში" გადავიდა, მაგრამ ვერც დიდი შედეგიანობითაც დაიკვეხნიდა და ძირითადშიც არ უწევდა ხშირად თამაში (აქამდე 6 მატჩში 1 გოლი ჰქონდა გატანილი); აი, ახლა კი, მართლაც ჩინებული შედეგი უჩვენა, ისე როგორც მისმა ახალგაზრდა კოლეგამ, "ბაიას" 21 წლის თავდამსხმელმა ირაკლი ეხვაიამ, აწ უკვე ექსჩემპიონის "ოლიმპის" კარში ორი გოლი რომ გაიტანა.
სხვათა შორის, ამ მატჩში ორივე გუნდს წამყვან ფეხბურთელთა ჯგუფი აკლდა, თუმცა ამით სულაც არ გვინდა მასპინძელთა წარმატების დაკნინება. მით უფრო, ამ გამარჯვებით ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა ნავსიც გატეხა და "ოლიმპს" პირველად მოუგო; თუმცა, ზუგდიდელთათვის უფრო მნიშვნელოვანი ის ფაქტი იქნებოდა, რომ ამ სამი ქულით "ბაიამ" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მშვიდზე-მშვიდი ფინიშიც გაინაღდა.
დაბოლოს, ის ფეხბურთელებიც გვინდა აღვნიშნოთ, სეზონში პირველი გოლი რომ გაიტანეს: 27 წლის შოთა ლომია ("ბაია"), 22 წლის გულვერდ თომაშვილი ("დინამო") და 23 წლის დავით ხურცილავა ("ვიტ ჯორჯია").