შეგახსენებთ, რომ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისათვის ხუთ ქართველ ფეხბურთელს (როინ ონიანს, ლევან ვართაგავას, სპარტაკ გოგიას, კახაბერ კირთაძეს, გიგა ბეჭვიას) აღმასკომმა უმკაცრესი, მაგრამ სამართლიანი განაჩენი გამოუტანა და სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
ფეხბურთის გულშემატკივრთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობაც მიიჩნევს, რომ კონკრეტული შეხვედრების მანიპულებაში მხილებული ფეხბურთელები სამართლიანად და, რაც მთავარია, სამაგალითოდ დაისაჯნენ; ანუ, წესითა და რიგით, სხვას არავის უნდა გაუჩნდეს იმის სურვილი, რომ მსგავს მანიპულაციებში მიიღოს მონაწილეობა, -
ჰო, მართლაც ბევრია იმ აზრის, რომ კონკრეტული მატჩის "ჩაწყობაში" ზემოთნახსენებ ხუთ ფეხბურთელს აუცილებლად ეყოლებოდა "მეკავშირეები" (გნებავთ, თანამოაზრენი), თანაც, არა მხოლოდ თანაგუნდელებს შორის, არამედ - მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შორისაც. თუმცა, გუშინაც ვთქვით და დღესაც გავიმეორებთ, რომ მაქსიმალურად ბევრი ფეხბურთელის (შესაძლოა, რამდენიმე გუნდისაც) გამოაშკარავება და, მერე მათი უმკაცრესად (ოღონდ, სამართლიანადაც) დასჯა არამხოლოდ ჩვენი ჩემპიონატის, არამედ, საერთოდ, ქართული ფეხბურთის პრესტიჟს შელახავდა. ჰოდა, "გაირკვა", რომ ამ სეზონში ჩვენ ჩემპიონატში თუკი რაიმე უმსგავსოება მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ ონიანს, ვართაგავას, გოგიას, კირთაძესა და ბეჭვაიას ჩაუდენიათ...
XXII ჩემპიონატს ვატარებთ და უმაღლეს ლიგაში მსგავსი სიმკაცრით ვინმე დასჯილიყო (თანაც, ერთდროულად ხუთი ფეხბურთელი), ვერ გაგვიხსენებია. კი, სხვადასხვა დროს (თანაც, უმეტესწილად, დაბალ ლიგებში) რამდენიმე ფეხბურთელისათვის ხანგრძლივი (ზოგს - სამუდამოც) დისკვალიფიკაცია მიუციათ, მაგრამ, უფრო ხშირად, ეს ვერდიქტი მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის გამოჰქონდათ. საერთოდ კი, პირველი ჩემპონატიდან მოყოლებული, მართლაც უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა ამა თუ იმ სეზონში სკანდალი აგორდებოდა ხოლმე; თუმცა, ფაქტობრივად, უმეტეს შემთხვევაში, ყველაფერი გუნდების დასჯით მთავრდებოდა და არა - კონკრეტული ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისა.
ეჭვი და ქულები
როგორ ფიქრობთ, ამ 21 წლის განმავლობაში არ ყოფილა, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო მატჩები? რამდენიც გნებავთ, მაგრამ ერთი-ორი შემთხვევა თუ გვახსენდება, გუნდებისთვის ქულები სწორედ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისათვის რომ დაუკლიათ. ოღონდ, ასეთმა საეჭვო მატჩებმა XXI საუკუნის დასაწყისისათვის მოიმატა, თორემ მანამდე გუნდებს ქულები ბევრად უფრო "საფეხბურთო მიზეზების" გამო აკლებდნენ (ან, წაგებას უთვლიდნენ). ასე მაგალითად, პირველ, მეორე და მესამე ჩემპიონატში ამა თუ იმ გუნდს წაგებას იმიტომ უთვლიდნენ, მატჩი მართლაც არანორმალურ ვითარებაში რომ მიმდინარეობდა: ტრიბუნიდანაც და მოედანზეც მსაჯისა თუ მეტოქე გუნდის მიმართ არნახული ზეწოლა ხორციელდებოდა, მერე შეხვედრა შეწყდებოდა და დამნაშავე გუნდსაც წაგებას მიარტყავდნენ ხოლმე.
ხშირი იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა გუნდებს წაგებას მატჩზე გამოუცხადებლობის გამო მიუსჯიდნენ (ხვდებით, ალბათ, თუ რომელ წლებზეა საუბარი); ისეთი ფაქტებიც ყოფილა, როცა მასპინძელ გუნდს წაგება იმის გამო ჩაუთვალეს, რომ სათამაშო მოედანი ვერ უზრუნველყო და ასე შემდეგ. მერე, ქულების ჩამოკლებაც "წამოვიდა": მაგალითად, 1997-98 წლების სეზონში "დინამოსა" და "სიონს" ხუთ-ხუთი, ხოლო -"მერანი-91"-ს კი შვიდი ქულა ჩამოაკლეს, მაგრამ ყოველივე ეს არც ერთი ამ გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე არ ასახულა. რასაც ვერ ვეტყვით ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სასჯელზე, ჩვენ ჩემპიონატში რაც მომხდარა: 2003-04 წლების სეზონის ბოლოს ჩატარებული "ოქროს მატჩი" დიდი სკანდალით დამთავრდა და ამის გამო "სიონს" მეორე ეტაპზე მოპოვებული ყველა ქულა ჩამოერთვა! ანუ, ბოლნისურ კლუბს ის არ ეყოფოდა, რომ "ოქროს მატჩი" წააგეს, მეორე ადგილიც "წაართვეს" და ამით ყველაზე ძალიან "თბილისმა" იხეირა, "სიონის" ნაცვლად ევროტურნირების საგზური რომ მოიპოვა.
ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ჩემპიონატის დაწყების წინ საწევრო თანხის არქონის გამო გუნდებისთვის ქულები ჩამოუკლიათ; ეგ კი არა, ფინანსური გარანტიების ვერწარმოდგენის გამო სხვადახვა დროს რამდენიმე გუნდი ("რუსთავი", "კოლხეთი", "ტორპედო", "ჭიათურა") უმაღლესი ლიგიდან მოუკვეთავთ.
რა თქმა უნდა, ისეთი მატჩებიც გვახსენდება, ორივე გუნდს წაგება რომ ჩათვლია: ტრიბუნებზე თუ უშუალოდ მოედანზე მომხდარი უწესრიგობების გამო. ერთ-ერთი ასეთი მართლაც ხმაურიანი შეხვედრა 2004-05 წლების სეზონის მიწურულს იყო, როცა "ტორპედოსა" და "თბილისის" მატჩი დიდი ჩხუბის გამო ჩაიშალა; არანაკლები სკანდალური გამოდგა წინა სეზონში "ზესტაფონისა" და "ოლიმპის" დაპირისპირება, როცა 1:1-ზე მოედანზე მეორე ბურთი "შემოვარდა", რასაც სერიოზული ჩხუბი მოყვა (ისე, ამ ბურთის "შემომგდები" დღესაც ვერ დაუდგენიათ, თუ ვინ იყო, - არადა, "ოლიმპის" სათადარიგოთა სკამიდან რომ ისროლეს, ფაქტია)...
გარიგება და კურიოზები
სამი წლის წინათ ისეთი მატჩის მომსწრენიც გავხდით, როცა ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელმა, თავისი გუნდი მოედნიდან გაიყვანა: მიზეზი კი თავის გუნდის კარში დანიშნული პენალტი და ორწუთიანი მონაკვეთში თავისი გუნდის ორი ფეხბურთელის გაძევება იყო; რაღა თქმა უნდა, ამ გუნდსაც 0:3 წაგება ჩაეთვალა; ისე, როგორც იმავე სეზონში მოასპარეზე კიდევ ერთ გუნდს, შესვენების შემდეგ მოედანზე რომ არ გამოვიდა (ფეხბურთელებმა ასე გამოხატეს პროტესტი ხელფასების გადაუხდელობის გამო).
მოკლედ, არაერთი მსგავსი შემთხვევის გახსენება შეიძლება, ისე როგორც ისეთი მატჩებისა, ჯერ "გარიგებულად" რომ უცვნიათ და ორივე გუნდისათვის სასჯელი გამოუტანიათ, თუმცა სულ მალე სრული რეაბილიტაციაც რომ მომხდარა (შარშანდელი "სიონი"-"სპარტაკის" მატჩს ვგულისხმობთ, "უემოციოდ" რომ შეფასდა). აღარაფერს ვამბობთ იმ მართლაც ყბადაღებულ ტერმინზე, "პრიორიტეტების არჩევა" რომ ეწოდა: ერთი გუნდი მეორეს თასის ფინალისკენ "გზას დაულოცავდა", სამაგიეროდ, ჩემპიონატში უბრძოლველი და გარანტირებული 3 (შესაძლოა, მეტიც) ქულა ელოდა იმავე მეტოქისაგან. მაგრამ, ასეთ რამეებზე რეაქცია არავის ჰქონდა: აბა, მიდი და დაამტკიცე, მატჩი გარიგებული იყოო!
2000-01 წლების სეზონში იყო მხოლოდ, გარიგებულ მატჩში მონაწილეობის გამო ორივე გუნდს წაგება რომ ჩაეთვალა: ფოთის "კოლხეთსა" და თბილისის "მერანი-91"-ს; აი, სხვა დროს კი ჩაწყობილ თამაშში მონაწილეობისათვის ჩვენთან არავინ დაუსჯიათ. ერთადერთი, ამ საკითხთან ოდნავ "მიახლოებული" ვერდიქტი 1995 წლის 31 მაისს ჩატარებული ორი მატჩის გამო იყო გამოტანილი.; VI ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ ყველაფერი გარკვეული იყო, გარდა იმისა, თუ ვინ გახდებობა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: "ტორპედოს" თავდამსხმელს მამუკა ხუნდაძეს 25 გოლი ჰქონდა გატანილი, ხოლო ფოთის "კოლხეთის" ნახევარმცველს (!) გიორგი დარასელიას - ერთით მეტი. ბოლო ტურში კი ორივე პრეტენდენტს უმოტივაციო მეტოქეები ჰყავდა და ამიტომაც ყველანი ვფიქრობდით, რომ ხუნდაძესა და დარასელიას სამ-სამი ან ოთხ-ოთხი გოლის გატანა არ უნდა გასჭირვებოდათ. თუმცა, ორივე მატჩი ისეთი ანგარიშით დასრულდა და ორივე კონკურენტმა ისე მოინდომა, მაშინათვე ბუნებრივი ეჭვი გაჩნდა: "ტორპედომ" მეტოქე "საპოვნელა" 11:4 დამარცხა, ხოლო "კოლხეთმა" უფრო "მოკრძალებული" სხვაობით აჯობა "სამგურალს" - 10:5! თანაც, რაც მთავარია, ხუნდაძემაც და დარასელიამაც მეტოქეთა კარში ცხრა-ცხრა (!) გოლი გაიტანეს, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცი-უფროსის გადაწყვეტილებით ორივე მატჩის შედეგი გაუქმდა, ოთხივე გუნდს 0:3 წაგება ჩაეთვალა...
დაბოლოს, ერთი-ორ კურიოზულ მატჩზეც; საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ისეთი მატჩებიც ყოფილა, როცა მასპინძელ გუნდს წაგება თამაშზე გამოუცხადელობის გამო ჩათვლია; ისეთი შეხვედრაც ყოფილა, მასპინძელთა განაცხადში 9 ფეხბურთელი რომ იმყოფებოდა და, სხვათა შორის, ის მატჩი ფრიად "საინტერესო" ანგარიშითაც დამთავრებულა - 3:4; თანაც, სტუმართა კარში სამივე გოლი ერთსა და იმავე ფეხბურთელს გაუტანია!
თუმცა, ყველაზე კურიოზული მაინც V ჩემპიონატში მომხდარი ფაქტი იყო: გურჯაანის "ალაზანმა" რუსთავის "გორდას" 2:1 მოუგო, მაგრამ მაინც წაგება ჩაუთვალეს. წაგების მიზეზი კი ის იყო, რომ მასპინძელთა ერთ-ერთი ფეხბურთელი (თანაც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი) მსაჯმა მოედნიდან გააძევა, მაგრამ ამ გაძევებულმა ფეხბურთელმა ის მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა! ისე, კიდევ კარგი, 1993 წელს მსოფლიოს წამყვანი ტოტალიზატორები საქართველოს ჩემპიონატით არ ინტერესდებოდნენ, თორემ "ალაზანისა" და "გორდას" მატჩში მომხდარ მართლაც კურიოზულ ფაქტს, წარმოიდგინეთ, რა გაგრძელება მოჰყვებოდა...