ფილიას იარაღი - სწრაფი კონტრშეტევები

AutoSharing Option

14.05. რუსთავი. "ფოლადი". 500 მაყურებელი
"ოლიმპი"-"კოლხეთი" 0:1
გოლი: 0:1 მდივნიშვილი (71. დათუნაიშვილის პასით).

ოლიმპი კოლხეთი
4-4-1-1 4-1-4-1
ბათიაშვილი ძაგანია
ჯაფარიძე ცხვიტარია
მურველაშვილი მახვილაძე
ქემოკლიძე ინწკირველი
დობროვოლსკი მეგრელიშვილი
ტყემალაძე პ. დათუნაიშვილი
ქავთარაძე ლემონჯავა
აბურჯანია ჯანაშია
დ. ბოლქვაძე კვერენჩხილაძე
ი. მაისურაძე
გვალია
პავლიაშვილი მდივნიშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
არმაზ ჯელაძე სოსო ფილია

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (15), ლემონჯავა (68).
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ოლიმპი:
69. ქავთარაძე - იაშვილი.
სათადარიგოები: ბედიაშვილი, ლ. სეთურიძე, თ. ბახტაძე, ქოჩლაძე, უგულავა, კანდელაკი.

კოლხეთი:
78. ჯანაშია - სამადაშვილი
89. კვერენჩხილაძე - გელაჭეიშვილი.
84. გვალია - სიჭინავა.
სათადარიგოები: ლობჟანიძე, გულუა, გავაშელიშვილი, წიქარიშვილი.

ახლა ყველა ჩაწყობილ მატჩებზე ლაპარაკობს და სენსაციურ შედეგს უმალ გარიგებულად ასაღებენ. ცხადია, საქართველოს ჩემპიონ "ოლიმპის" აუტსაიდერ ფოთის "კოლხეთთან" შინ დამარცხებაც სენსაცია იყო, სტუმართა გამარჯვებას ტოტალიზატორები 10,5 კოეფიციენტით აფასებდნენ და უმალ გაჩნდა მორიგი ვარაუდები.

თუმცა ეს ყველაფერი მეტისმეტია, ჩვენ კი ისტერიკას ვერ ავყვებით და მოგითხრობთ მხოლოდ იმას, რაც საკუთარი თვალით ვიხილეთ. ფაქტია, რომ მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ წამყვანი ფეხბურთელის (გიორგი რეხვიაშვილი, ლექსო კვახაძე, ლუკა რაზმაძე, რევაზ გეწაძე, ირაკლი მოდებაძე) დისკვალიფიკაციის გამო, სანდრო იაშვილი კი მოედანს თევნახევრიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

საკადრო პრობლემების გამო რუსთაველთა სამწვრთნელ შტაბმა დაცვის ცენტრში მარჯვენა მცველი გიორგი მურველაშვილი დააყენა, ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე კი - 16 წლის (?!) გიორგი აბურჯანია. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში (წინა ტურში "ბაიასთან" შეცვლაზე შევიდა) და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

დანაკლისის მიუხედავად, რუსთაველებმა თამაში თავდაჯერებულად დაიწყეს, მაგრამ მათ საქმეს ურთულებდა სტუმართა პრესინგი, დაცვის საიმედო მოქმედება და ნახევარდაცვის სწრაფი და აქტიური თამაში. კოლხები დროულად ახერხებდნენ შეტევის მასპინძელთა კართან გადატანას. გუნდს აშკარად ეტყობოდა მწვრთნელის ხელი, ყველა ფეხბურთელი იყო იქ, სადაც საჭიროება მოითხოვდა.

მე-20 წუთზე დავით მეგრელიშვილმა და ზამირ ჯანაშიამ სწრაფი, ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და დასარტყმელ პოზიციაზე ლევან მდივნიშვილი გაიყვანეს - "ოლიმპი" ხარიხამ იხსნა.

"ოლიმპს" ანგარიშის გახნა 27-ე წუთზე შეეძლო, როდესაც კარის წინ ხელსაყრელ პოზიციაში დენის დობროვოლსკი აღმოჩნდა, მაგრამ ეს შეტევა უშედეგოდ დასრულდა.

32-ე წუთზე ირაკლი მაისურაძის კარგი პასით აბურჯანიას თავის გამოჩენის შანსი მიეცა, მაგრამ მეკარე ლაშა ძაგანიას ვერ აჯობა.

36-ე წუთზე "კოლხეთმა" რეალური საგოლე მომენტი შექმნა: მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა მდივნიშვილმა მეკარესთან პირისპირ გიგა კვერენჩხილაძე გაიყვანა, მაგრამ "ოლიმპი" ზურაბ ბათიაშვილმა გადაარჩინა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა უფრო მონდომებით შეუტიეს: მშვენიერი მომენტი ჰქონდა მურველაშვილს, მაგრამ მის მიერ ქუსლით დარტყმული ბურთი ძაგანიამ მოიგერია.

შეტევით გართულმა მასპინძლებმა დაცვა მოაშიშვლეს, რამაც კონტრშეტევებზე მოთამაშე კოლხებს ხელ-ფეხი გაუხსნა. ნიჭიერი მოზარდების დაწინაურებით ცნობილმა ფილიამ სამი 19-20 წლის ფეხბურთელი ათამაშა - დავით მეგრელიშვილი (მარცხენა მცველი), გიორგი ლემონჯავა და ლაშა გვალია (ორივე ცენტრალური ნახევარმცველია), ვფიქრობ, ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელები ამ სამეულით თუ დაინტერესდებიან, არ ინანებენ. სამივემ საკმაოდ კარგი შთაბეჭდიელბა დატოვა, განსაკუთრებით 19 წლის ლაშა გვალიამ, რომელიც სტუმართა შეტევებს უნარიანად წარმართავდა. მერწმუნეთ, უმაღლეს ლიგაში ასეთი ნათელი გონების ნახევარმცველი ბევრი არ გვეგულება - გვალია დროულად ცვლიდა შეტევის მიამრთულებას, არც ბურთს აყოვნებდა და არც შეტევას, მწვავე, დროული გადაცემებით ამარაგებდა ფლანგელებსა და თავდამსხმელებს.

71-ე წუთზე მან შეტევა ცენტრიდან მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა, პაატა დათუნაიშვილმა კი საჯარიმოში სწრაფად მოძებნა მდივნიშვილი, რომელმა მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა - 0:1.

ეს შეხვედრის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. "ოლიმპმა" მთელი ძალებით შეუტია, მაგრამ მასპინძლებს თვენახევრიანი პაუზის შემდეგ მოედანზე ტრავმამოშუშებული სანდრო იაშვილის დაბრუნებამაც ვერ უშველა. სანდრომ ორჯერ სცადა შეტევის გამწვავება, მაგრამ უშედეგოდ, სტუმრებს კი სხვაობის გაზრდის საშუალება მოეცათ, როდესაც გურამ სამადაშვილმა საჯარიმოში მახვილი კუთხიდან კარში ძლიერად დაარტყა - მასპინძლები ბათიაშვილმა იხსნა.

მოკლედ, ვერ გეტყვით, ვინ ვის როდის გაურიგდა, მაგრამ ამ შეხვედრაში "კოლხების" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ თამაში რომ კარგად წარმართა, "ოლიმპს" კი ლიდერთა არყოფნა აშკარად დაეტყო, ვფიქრობთ, სწორედ ეს იყო სენსაციური, თუმცა ლოგიკური შედეგის მიზეზი - "კოლხეთმა" კი, ფაქტობრივად, უმაღლეს ლიგაში დარჩენა გაიფორმა. დარჩენილ ორ ტურში კოლხებს ორი ქულაც ჰყოფნით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული