აი, ჩემპიონატში კი მართლაც გამორჩეულად საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი მერვე ადგილის დასაკავებლად. შეგახსენებთ, რომ მეტ-ნაკლებად "გადამრჩენელ" მერვე ადგილზე გასული გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლე-ოფის მატჩს ჩაატარებს პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან. ამის "პერსპექტივა" კი თეორიულად სამ
ისე, იმის ალბათობაც არის, რომ ორივე გუნდმა სეზონი ქულათა ერთნაირი რაოდენობით დაამთავროს და უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭება, ვისაც უფრო მეტი მოგება ექნება. თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი იქნება, მაშინ ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით უპირატესობა "სიონის" მხარეს იქნება. თუმცა, ამდენ ვარაუდს, სჯობს მოახლოებულ ტურზე ვისაუბროთ და წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ ხუთივე შეხვედრა ერთსა და იმავე დრო, 17 საათზე დაიწყება.
სიონი-ზესტაფონი
სტუმრები ქვემო ქართლს ჩემპიონის რანგში ესტუმრებიან და ეს ფაქტი მასპინძელთათვის დამატებით სტიმულად უნდა იქცეს. თუმცა, "სიონს" მოტივირება არც სჭირდება: ხვიჩა ქასრაშვილის გუნდს მართლაც ურთულესი ფინიში ელოდება და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება თუ უნდა, დღესაც და კვირასაც მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.
სათქმელად, რა თქმა უნდა, ადვილია, ისე კი, როგორი საქმეა ჯერ ახალ ჩემპიონთან, შემდეგ კი წინა სეზონის გამარჯვებულთან ("ოლიმპთან") ორი უმნიშვნელოვანესი თამაშის წარმატებით დამთავრება; შესაძლოა, ბევრმა იფიქროს, რომ საჩემპიონო ტრიუმფისა და სადღესასწაულო-საზეიმო განწყობით "გადაღლილი" "ზესტაფონი" სეზონის დარჩენილ მატჩებს ნაკლებად მოტივირებული შეხვდება. ბოლნისური გუნდის ქომაგებს, ალბათ, იმის იმედიც ექნებათ, რომ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ბოლო ტურებში თავის გამოჩენის საშუალებას იმ ფეხბურთელებს მისცემს, ძირითადში თამაში ნაკლებად რომ უწევდათ...
უკვე ექვსი წელია, "სიონი" ვერაფრით ახერხებს "ზესტაფონის" დამარცხებას; ეგ კი არა, სეზონის განმავლობაში ბოლნისელები ერთ ქულასაც რომ აიღებდნენ ხოლმე იმერულ კლუბთან, ესეც მიღწევა იყო. სხვათა შორის, "სიონის" ამჟამინდელი თავკაცი ხვიჩა ქასრაშვილი ამ სეზონში ერთხელ უკვე დაუპირისპირდა "ზესტაფონს" და მესამე წრის იმ შეხვედრაში ბოლნისელებმა სენსაცია მოახდინეს და სტუმრად ქულა მოიპოვეს.
კოლხეთი-ბაია
ამ ტურის კიდევ ერთი დიდად მოტივირებული მატჩი: "მეგრული დერბი" ისედაც დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ ამჟამად განსაკუთრებული სიტუაციაა. მასპინძლებს, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ, გამარჯვება ესაჭიროებათ. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ სოსო ფილიას გუნდს ბოლო ტურში არანაკლებ რთული გასვლითი მატჩი ელოდება "სპარტაკთან".
თავის მხრივ, ზუგდიდურ გუნდსაც არა აქვს გარანტირებული უმაღლეს ლიგაში დარჩენა, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ელგუჯა ქომეთიანის გუნდი ამ პრობლემას ბოლო ტურში გადაჭრის, როცა საკუთარ მოედანზე ყოვლად უმოტივაციო და უკვე პირველ ლიგაში გავარდნილ "სამტრედიას" უმასპინძლებს. ფაქტობრივად ისეთი სიტუაციაა, რომ ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში სწორედ "მეგრული დერბი" უნდა მივიჩნიოთ ცენტრალურ დაპირისპირებად, თუმცა, ამ შემთხვევაში "გავკადნიერდებით" და ვიტყვით, რომ წყვილში ფავორიტად (თანაც, აშკარა) მაინც მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ. მით უფრო, რომ "კოლხეთი" ამაღლებულ განწყობაზე ხვდება სეზონის ფინიშს - ფოთელებმა წინა ტურში სტუმრად ხომ ქვეყნის აწ უკვე ექს-ჩემპიონი "ოლიმპი" დაამარცხეს!
სამტრედია-ოლიმპი
"სამტრედიამ" წინა ტურში ოფიციალურად გაიფორმა პირველი ლიგის საგზური, თუმცა ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა: ფაქტობრივად, სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, ამ გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ყოველივე ეს საბოლოო შედეგზეც რომ აისახებოდა, ამას რა ბევრი მტკიცება სჭირდება. აი, ასე: ორწლიანი ყოფნის მერე "სამტრედია" უმაღლეს ლიგას ემშვიდობება და უკვე მერამდენედ გვინდა გავახმოვანოთ ჩვენი სურვილი, რომ ეს დიდი ტრადიციის მქონე გუნდი რაც შეიძლება უმოკლეს დროში დაუბრუნდეს უმაღლეს ლიგას.
აი, "ოლიმპზე" კი რა უნდა ვთქვათ - ბოლო რვა შეხვედრაში ექვსი წაგება, ალბათ, მართლაც, მეტისმეტია ამბიციური გუნდისათვის...
ტორპედო-სპარტაკი
ერთი შეხედვით, მასპინძლებისთვის ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს; მით უფრო, რომ "ტორპედოს" მწვრთნელ-ფეხბურთელები, ალბათ უკვე თასის ფინალზე ფიქრობენ - თავიანთთვის სეზონის უმთავრეს მატჩზე! მაგრამ მეორე მხრივ, მასპინძლები იმ მართლაც შესანიშნავი სერიის გაგრძელებასაც შეეცდებიან: უკანასკნელი ოფიციალური მატჩი "ტორპედომ" ორი თვის წინათ წააგო!
არადა, რომ არა სეზონის დასაწყისში დაკარგული ქულები, "ტორპედოს" მართლაც რეალურად შეეძლო... საჩემპიონო დავაშიც ჩარეულიყო; თუმცა, კლუბის ფეხბურთელთა 90 პროცენტი ახალწვეული იყო და ერთმანეთში შეთამაშებამ დრო ხომ წაიღო, სამწუხაროდ, ყოველივე ეს ქუთათურთა გუნდის შედეგზეც უარყოფითად აისახა. თუმცა, ამჯერად აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა და დღესდღეობით თუ რომელიმე გუნდის ქების სიტყვებით მოხსენიება შეიძლება, ერთ-ერთი სწორედ გია გიგატაძის კრებულია.
"სპარტაკი" კი მართლაც უმძიმეს მდგომარეობაშია: შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ბადრი კვარაცხელიას გუნდს ქუთაისში გამარჯვებაც არ ეყოს უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად...
ვიტ ჯორჯია-დინამო
ძველი და პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევდა; ამ სეზონში ჩატარებული სამივე პაექრობაც არ იყო ურიგო სანახავი; მაგრამ, აი, იმას კი ვერაფრით ვიხსენებთ, თუ როდის იყო "ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოს" მატჩი სატურნირო თვალსაზრისით ყოვლად უინტრიგო! ჰო, ძველ მოწინააღმდეგეებს ჩემპიონატში მოტივაცია ხომ აღარ დარჩათ და დღევანდელ შეხვედრაში, უპირველესად, ალბათ, საკუთარი პრესტიჟისთვის იბრძოლებენ. თუმცა, ამის გამო, დიდი შანსია, რომ მატჩი სანახაობრივად ლამაზი გამოდგეს - ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს ხომ ყოველგვარი სატურნირო თუ ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი ექნებათ; ამას გარდა, არც "ვიტ ჯორჯიას" და არც "დინამოს" ერთმანეთის წინააღმდეგ... მოტივაცია არ სჭირდებათ!..
სატურნირო მდგომარეობა:
თ მ ფ წ ბ ქ
ზესტაფონი 34 23 6 5 68 18 75
დინამო 34 20 9 5 52 20 69
ოლიმპი 34 18 6 10 46 30 60
ტორპედო 34 12 13 9 28 21 49
ვიტ ჯორჯია 34 14 6 14 35 35 48
ბაია 34 12 5 17 31 48 41
სიონი 34 9 9 16 25 43 36
კოლხეთი 34 9 9 16 23 46 36
სპარტაკი 34 7 10 17 32 41 31
სამტრედია 34 6 7 21 26 64 25