19 წლის ლაშა გვალიამ უამღლეს ლიგაში თამაშით ბევრს დაამახსოვრა თავი. თბილისის "დინამოსთან" და რუსთავის "ოლიმპთან" მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო - თბილისელებს ეროვნულ სტადიონზე ულამაზესი გოლი გაუტანა, ბოლო ტურში კი, რუსთავში ის საგოლე კომბინაცია წამოიწყო, რომლითაც ფოთელებმა
საერთოდაც, მკვირცხლი და სწრაფი ნახევარმცველი ასაკისთვის უჩვეულო გონიერებით და დახვეწილი ტექნიკით გამოირჩევა.
ლაშა 34-ე ტურის ერთ ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და ამიტომაც გავესაუბრეთ.
"თამაში ფოთში დავიწყე, ბოლო წლებში თბილისის "ოლიმპში" ვვარჯიშებდი და მერე "კოლხეთში" ამიყვანეს. 18 წლიდან ამ გუნდში ვარ. ჩემს ასაკში მწვრთნელი ფეხბურთელს ძირითადში იშვიათად აყენებს, მაგრამ მე გამიმართლა, ბესიკ შეროზიაც მენდობოდა და სოსო ფილიაც - წელს თითქმის ყველა შეხვედრა ჩავატარე და 3 გოლი გავიტანე. ვცდილობ, მწვრთნელები იმედები გავუმართლო" - ამბობს გვალია.
ის დარწმუნებულია, რომ "კოლხეთი" უმაღლესი ლიგიდან არ გავარდება:"კოლხეთი" ურიგო გუნდი არ არის, თავიდან კარგადაც დავიწყეთ და ოთხეულშიც ვიყავით. ხომ გახსოვთ, რუსთავის "ოლიმპს" 5:1 მოვუგეთ, ეს სენსაციად ჩათვალეს. ვერ ვიტყვი, რომ სენსაცია არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და დარწმუნებული ვარ, ხუთეულში მოხვედრასაც შევძლებდით, რომ არა ფინანსური გაჭირვება, რომელმაც პირველი ეტაპის ბოლოს კინაღამ დაგვშალა.
საბედნიეროდ, მეორე წრეში მდგომარეობა გამოსწორდა და გუნდიც უკეთ ათამაშდა. თუ ზამთარში გადათამაშებაში მოხვედრასაც სასურველად მივიჩნევდით, ახლა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პირდაპირ დარჩენის დიდი შანსი გვაქვს. რა თქმა უნდა, წინასწარ ამის მტკიცება ძნელი იქნება, რადგან ზუგდიდის "ბაიასთან" და ცხინვალის "სპარტაკთან" რთული შეხვედრები გველის. მაგრამ ჩვენი გუნდის პოტენციალი და ბოლო ტურების ნაჩვენები შედეგები მაიმედებს, რომ არ გავვარდებით. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული".
გვალია იმედოვნებს, რომ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებას დაიმსახურებს:
"იყო დრო, გელა შეყილაძე 19-წლამდელთა ნაკრებში მიწვევდა, ესპანეთთან და ბელარუსთან მათამაშა კიდეც, მაგრამ მერე ნაკრებში მიწვევა აღარ მიმიღია. თუმცა ახლა იმედი დამიბრუნდა, რადგან უმაღლეს ლიგაში თამაშმა ბევრი შემძინა, ხალხმა გამიცნო. იმედია, წლევანდელი გამოსვლით ყურადღებას დავიმსახურებთ. ვიიც, ნაკრებში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია და მოხვედრა ადვილი არ იქნება, მაგრამ საამისოდ ყველაფერს ვაკეთებ.
საერთოდ, ამბობენ, შემტევ ქართველ ნახევარმცველებს სიზარმაცე ახასიათებთო, მაგრამ არა მგონია, ეს ჩემზეც ითქმოდეს, რადგან რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ და ვარჯიში არ მეზარება. რაც უნდა კარგად ვითამაშო, კმაყოფილი არასოდეს ვარ. კარგ მწვრთნელთანაც ვვარჯიშობ. სოსო ფილია ისეთ წვრილმანებს მასწავლის, რაც ფეხბურთელს გახსნაში ეხმარება. "კოლხეთში" ამიტომაც გაიხსნა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი".