მეგრული ტემპი ფილიასგან - აზროვნება მოქმედებას უნდა ასწრებდეს

AutoSharing Option
თემურ ბარქაიამ ფოთის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგას დაუბრუნა, მაგრამ მოჭარბებულ პრობლემებს მარტო ვერ გასწვდა და გუნდში ახალი მეპატრონეები მივიდნენ. მათ მთავარ მწვრთნელად სოსო ფილია დანიშნეს, უმაღლეს ლიგაში ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც ადრეც ბევრი მოთამაშე აღმოუჩენია (დავით კვირკველიასა და გიორგი გახოკიძის მაგალითებიც იკმარებს) და ახლაც საინტერესო ახალგაზრდებს ზრდის.

მისი დანიშვნის შემდეგ (ცხადია, ეს ფინანსური გაჯანსაღების შედეგიც არის) "კოლხეთმა" რამდენიმე სენსაცია შემოგვთავაზა: სტუმრად არ დათმო "ზესტაფონთან" (0:0), ფოთში "ოლიმპთან" (0:0), სტუმრადვე "ვიტ ჯორჯიას" 1:0 მოუგო, ბოლო ტურში კი საქართველოს ჩემპიონი "ოლიმპი"
რუსთავში დაამარცხა (1:0). წაგების მიუხედავად, კოლხებს ურიგო შთაბეჭდილება არც "დინამოსთან" დაუტოვებიათ (2:4). ერთი სიტყვით, გუნდს მწვრთნელის ხელი დაეტყო და შედეგებიც ლოგიკურია.

- "კოლხეთი" საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებს. არადა, ფინანსური პრობლემების გამო მოთამაშეების მიწვევა და შემდეგ მათი მობილიზება ძნელი იყო.
- მწვრთნელთა ახალი შტაბის მთავარი მიზანი ფეხბურთელთა ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოყვანა იყო - მათ საკუთარი ძალების რწმენა ჰქონდათ დაკარგული. ვფიქრობ, დავარწმუნეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან ბრძოლა და უმაღლეს ლიგაში დარჩენა შესაძლებელი იყო.

- ნებისმიერ გუნდთან ბრძოლა შეიძლებაო, თქვით. ასე თქვენი მოთამაშეების პოტენციალი გაიმედებდათ თუ ჩვენი ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე ამბობდით?
- ორივე ფაქტორს ვითვალისწინებდი. ნიჭიერი ბიჭები მართლაც გვყავს და მათი მჯერა. რაც შეეხება დონეს, "კოლხეთში" 10 წელი მიმუშავია და იმ პერიოდთან შედარებით დღეს უფრო დაბალი დონის პირველობა გვაქვს. არავის ეწყინოს, მაშინდელი "კოლხეთი" დღეს თავისუფლად გახდებოდა ჩემპიონები.

- მოცდენა ფეხბურთელსაც და მწვრთნელსაც ფორმას უკარგავს. უცნაურია, თქვენ ხუთი წლის უმუშევრობა ნაკლებად გეტყობათ.
- მსაჯთა და დამკვირვებელთა კომიტეტში ვმუშაობდი, ტენდენციებს ვაკვირდებოდი და ჩემს თავზეც ვმუშაობდი. სხვათა შორის, თამაშებზე დასწრებაც დამეხმარა, რადგან ყველა გუნდის შესაძლებლობა და სათამაშო სტრატეგია ვიცოდი. მიუხედავად ამისა, "ფორმიდან ამოვარდნას" მაინც ვერ ავცდი, პრაქტიკა ხომ ყველაფერია, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ.

- "კოლხეთს" სწრაფი კონტრშეტევები სჩვევია, ასე სწრაფად საქართველოში ბევრი გუნდი ვერ თამაშობს.
- ჩვენი კოზირი სათამაშო დისციპლინაა. დასამალი არ არის, მოწინააღმდეგეს სრულფასოვნად ვსწავლობთ და თამაშს მისი კოზირების განეიტრალებაზე ვაგებთ, მერე კი ჩვენს შანსს ველოდებით. მატჩის დროს მეტოქე 2-3 მომენტს მაინც მოგცემს. მერე შენზეა დამოკიდებული, ამ შანსს გამოიყენებ თუ არა.

სწრაფ კონტრშეტევებზე სანაკრებო შესვენებისას, ურეკში ათდღიან შეკრებაზე ნაყოფიერად ვიმუშავეთ. თეორიულ მეცადინეობებს ყოველდღე საათს მაინც ვუთმობდით, ზოგჯერ დღეში ორჯერაც და ფეხბურთელები ჩვენს მოთხოვნებში გავარკვიეთ. "მეორე ნომრად" თამაშს აზრი არ აქვს, თუ სწრაფად მოაზროვნე და მოთამაშე ფეხბურთელები არ გყავს - აზროვნება კი მოქმედებას უნდა ასწრებდეს.

- ამას ჩვენს მოედნებზე ითხოვთ?
- დიახ, ეს ძნელია, მაგრამ საჭიროა. ბიჭებმა დავალება კარგად შეასრულეს "ვიტ ჯორჯიასთან", "ზესტაფონთან", "დინამოსთან" და "ოლიმპთან" რუსთავში, რადგან კარგ მოედნებზე ვითამაშეთ.

- თუმცა ჯერ თავი ქუდში არ გაქვთ.
- ყველაფერი ბოლო ორ შეხვედრაში გადაწყდება. ურთულესი შეხვედრები გველის გასვლაზე "ბაიასთან" და ფოთში "სპარტაკთან", მაგრამ იმედიანად ვართ.

- 15-კაციანი დირექტორატის შექმნით "კოლხეთის" ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა?
- რა თქმა უნდა. დირექტორატი ფოთელმა ბიზნესმენებმა შექმნეს, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქალაქის საკრებულოს წევრი თენგიზ სარიშვილი და ბიზნესმენი დავით ბაბილუა. დირექტორატის წევრები საკუთარი ხარჯებით გუნდს სეზონის ბოლომდე უზრუნველყოფენ. მათ მოთამაშეთა დავალიანება ნაწილობრივ გაისტუმრეს და, ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ნაწყენი არავინ დაგვრჩება.

- ფოთის პორტი გუნდის პატრონობას არ აპირებს?
- ფოთის პორტს მფლობელი შეეცვალა და გამორიცხული არ არის, ახალის სეზონიდან "კოლხეთის" მფლობელი გახდეს, ისევე, როგორც კომპანია "ავერსი".

- არცთუ დიდი ხნის წინ ლაპარაკი იყო ფოთში ახალი სტადიონის მშენებლობაზე.
- ფეხბურთის ფედერაციიდან გვესტუმრნენ, სტადიონის პარამეტრები შეადგინეს, დეტალები დააზუსტეს და, როგორც გვითხრეს, მალე მშენებლობას დაიწყებენ. ეს იყო დროული გადაწყვეტილება, რადგან ფოთში სტადიონი სამარცხვინო მდგომარეობაშია, ეს კი არც ფოთს ეკადრება და არც საქართველოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული