აღმასკომისკენ მიმავალი ჩემპიონატის პროექტი გზაში გაიჩხირა

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთი სანახაობრივი არ არისო - რა სისულელეა! ბოლო დროს ქართულ ფეხბურთი ისეთ შოუს დაემსგავსა, ვერც ერთი მომღერლის თუ მსახიობის შოუ რეიტინგით ვერ გაუტოლდება.

ასე იყო გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრაზეც, სადაც ეროვნული ჩემპიონატის სისტემის შეცვლაზე კლუბების წარმომდგენლებმა იმსჯელეს.

სანამ უშუალოდ თემას შევეხებოდეთ: ბოლო დროს ბევრი ამბობს, ქართულ ფეხბურთში ყველა შეხვედრა ჩხუბით მთავრდებაო. ქართულ ფეხბურთს გულახდილი ლაპარაკი სჭირდება და არა ყველაფერზე თავის დაქნევა და მიგვაჩნია, რომ ეს მწვავე ლაპარაკი (და არა ჩხუბი) საჭიროც არის, რადგან საფეხბურთო სამყაროს რეალური
წარმოდგენები ექმნება პრობლემებზე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიმშვიდეს ამოფარებული ზღვა პრობლემები კარგად ყოფნას ნიშნავს, ძალიან ცდება.

...ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას განცხადებას ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. კლუბების წარმომადგენლებს თავის მოკატუნება არც უცდიათ.

შეხვედრა იმით დაიწყო, რომ სიჭინავამ დილით გაცნობილ კომენტარებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა: - დიახ, ჩვენ გვსურს ჩემპიონატის დებულების შეცვლა, მაგრამ ეს რეგლამენტის დარღვევა არ იქნება.

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გუნდების გაზრდის წინააღმდეგ გაილაშქრა:

- მე ფედერაციასთან ჩხუბი და ომი არ მჭირდება, მოვედი იმიტომ, რომ გულახდილად ვილაპარაკო და ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ გუნდების გაზრდა შეცდომა იქნება.

თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილმაც იგივე უფრო დიპლომატიურად თქვა: "ზოგადად გუნდების გაზრდა ურიგო იდეა არ არის, მაგრამ საამისოდ საკმარისი ინფრასტრუქტურა ბევრ გუნდს არ გააჩნია".

ზვიად სიჭინავა: "ეს ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ფეხბურთი უფრო მასობრივი და პოპულარული გახდეს. სანამ გუნდების რაოდენობა გაიზრდება, მანამდე ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდება".

ილია კოკაია: "მესმის, რომ გარკვეული იმედები არსებობს, მაგრამ ჯერ ეს დანაპირები შესრულდეს და მერე თუნდაც 20 გუნდით ვითამაშოთ, ვინ იქნება წინააღმდეგი?

ახლა კი საამისოდ პირობები არ არის. მაგალითად, აქ ხომ არის მარტვილის "მერანის" წარმომადგენელი, მაინტერესებს, თქვენ გაქვთ უმაღლესი ლიგის მატჩების სამასპინძლოდ შესაფერისი სტადიონი და მოედანი?"

"მერანის" წარმომადგენელი: "ამ საკითხზე ვმუშაობთ".

ილია კოკაია: "მუშაობა არ არის საკმარისი, ეს ყველაფერი უკვე უნდა გქონდეთ. მოდით, ჯერ გავაკეთოთ მოედნები, გასადელები, ტრიბუნები და მერე გამოვთქვათ უმაღლესში თამაშის სურვილი".

ზვიად სიჭინავა: "მოედნები გაკეთდება და თორმეტივე გუნდს სპონსორი ეყოლება".

ილია კოკაია: "ჯერ გამოჩდნენ და გადაწყვეწტილება მერე მივიღოთ. 12-გუნდიანი ჩემპიონატისთვის 12 ნორმალური სტადიონი და მოედანია საჭირო. თუ უზრუნველყოფილნი იქნებიან, თუნდაც 16-გუნდიანი ჩემპიონატი იყოს".

ზურაბ პოლოლიკაშვილი: "სასურველია, რომ ინფრასტრუქტურა გადაწყვეტილების მიღებამდე მოწესრიგდეს".

უჩა ნებიერიძე, თბილისის "ლოკომოტივის" დირექტორი: "საინტერესოა, ლიცენზიებს როგორ გასცემთ, როდესაც "ლოკომოტივს" საკუთარი ბაზაც აქვს, სპონსორიც ჰყავს და ეროვნული ლიცენზია სტადიონის არქონის გამო არ მოგვცეს. ტრადიციულად, "მიხეილ მესხს" ვქირაობდით და რატომღაც უარი გვითხრეს. ახლა იმათი მიკვირს, ვისაც არაფერი გააჩნია, მაგრამ უმაღლეს ლიგაზე პრეტენზია აქვს".

მალხაზ კაკაურიძე, "ვიტ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი: "იმიტომ არ მოგცეს ლიცენზია, რომ "ლოკომოტივს" უსაფრთხოების ლიცენზია არ გააჩნია".

ზვიად სიჭინავა: "დაგვიჯერეთ, სახელმწიფოსა და სპონსორების მხარდაჭერით მოედნებიც გაკეთდება და სტადიონებიც".

ილია კოკაია: "აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ვისმინოთ, როგორ ააყვავა ფედერაციამ ქართული ფეხბურთი?"

ზვიად სიჭინავა: "როგორც შენ მიიღე "ზესტაფონი", ისე მივიღე მე ფედერაცია და რაღაცებს ვაკეთებთ, ისეც არ არის საქმე".

ილია კოკაია: "ხმას ნუ უწევ. ეს შენი სახლი არ არის".

ზვიად სიჭინავა: "ეს სწორედ ჩემი სახლია და როგორც მინდა, ისე ავუწევ ხმას. აქ საქმეზე სალაპარაკოდ შვეიკრიბეთ და არა სხვა რამეზე... აქ 90 პროცენტი ტყუილებს ხართ მიჩვეული".

ილია კოკაია: "ვინ არის მიჩვეული?"

ზვიად სიჭინავა: "90 პროცენტი!"

ვითარება დაიძაბა და ტრადიციულ გამოსავალი მოიძებნა: დარბაზი მედიისთვის დაახურა. თუმცა გამჭირვალე და ნახევრად ღია კარიდან ჩანდა, რომ იყო ქართველი მამაკაცების მწვავე, მაგრამ გულღია მსჯელობა პრობლემებზე, რაც რამდენჯერმე ცხარე კამათში გადაიზრადა, მაგრამ არ ყოფილა სკანდალი.

საინტერესო იყო გაიოზ დარსაძის პოზიცია: "ჩვენ თუ ვუყურეთ მხოლოდ იმას, ვის აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ასე უმაღლეს ლიგაში ექვსი გუნდი არ დაგვრჩება. ბატონო ილია, მე მინდა, რომ თქვენ უკეთესი შევსება გაგეზარდოთ, ამისთვის კი მეტი კლუბია საჭირო. 10 გუნდით კარგად მომზადებული გუნდი როგორ გეყოლებათ, როდესაც ყოველ მეოთხე დღეს გიწევთ თამაში?"

საბოლოდ ცნობილი გახდა, რომ დღეს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ეროვნული ჩემპიონატის ახალ პროექტს აღარ განიხილავს. წინააღმდეგ ექვსი გუნდი წავიდა - უმაღლესი ლიგის ლიდერთა ოთხეული ("ზესტაფონი", "დინამო", "ოლიმპი", "ტორპედო") და ორი პირველლიგელი ("გაგრა" და "ლოკომოტივი").

აღმასკომს კი დაევალება, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დახვეწილ პროექტს უახლოეს დღეებში ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელთა მორიგ შეხვედრაზე წარადგენს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თავის ნებით ფულს ვინ ჩადებს ქართულ ფეხბურთში? უნდათ, რო დაავალონ სხვადასხვა დიდ კომპანიებს და ან იზამენ მაგას და ან, არა.
xavi
11:20 22-05-2011
0
და, იმას თუ აქცევთ ყურადღებას ხალხო სიჭინავას ~ენა რომ შეაჩვიეს~? საჯაროდ, ცოტა არ იყოს აგდებულად და უხეშად რომ ელაპარაკებიან ატყობთ. ამასწინათ ძოძუაშვილი, ახლა კოკაია... რისი ბრალი უნდა იყოს, ავტორიტეტი რომ არაა ქართულ ფეხბურთში მგონი ეგაა მიზეზი? ასე თუ გაგრძელდა ვინც მოულოდნელად მოიყვანა მგონი ის წაიყვანს მოულოდნელადვე ბატონ ზვიადს...
dachi
11:57 20-05-2011
0

სიახლეები პოპულარული