- აზრთა სხვადასხვაობას წინასწარ ველოდი, რადგან კლუბები კატასტროფულ მდგომარეობაშია. აღმასკომზე საკითხის განხილვა გადაიდო, პროექტი დაიხვეწება და კლუბების წარმომადგენლებთან ერთად კვლავ განვიხილავთ. მოწინააღმდეგები უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდას პრინციპულად არც ეწინააღმდეგებიან, თუ მოედნები გაკეთდება, სიამოვნებით დაგთანხმდებითო. ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კი ითქვა, რომ მოედნებისთვის თანხა გამოიყოფა.
რაც შეეხება თავად პროექტს, მიამჩნია, რომ ახალი ფორმატი ჩვენს ჩემპიონატს მეტ პრესტიჟს შესძენს და საფეხბურთო ქალაქების გეოგრაფიასაც გაზრდის. ფაქტია, რომ რაიონებში მეტი მაყურებელია, ვიდრე თბილისში
ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელების დასაქმებაც. საბჭოთა საქართველოში 25 ათასი ბავშვი ვარჯიშობდა, ახლა 17 ათასი, ანუ 8 ათასი დავკარგეთ, ბავშვები კი გუნდების სიმცირის გამო თამაშს თავს ანებებენ. ეს პრობლემაც გახდა ახალი პროექტის საფუძველი, რათა მეტმა ითამაშოს და მეტი გაიზარდოს.
იკითხეს, 44 შეხვედრა თუ ჩატარდა, ფეხბურთელები ძალების აღდგენას როდის მოასწრებენო. როდის ასწრებენ ინგლისში, გერმანიაში? წამყვან გუნდებს 50-მდე მატჩის გამართვა მოუწევს, ფეხბურთელი ყველაზე კარგად თამაშებით იზრდება.
- ბრძანეთ, რომ ოთხი კომპანია მზად არის, ეროვნულ ჩემპიონატში ფული ჩადოს. რომელ კომპანიებს გულისხმობდით?
- ეს საკითხი 99,9 პროცენტით გადაწყვეტილია, ლაპარაკია მილიონლარიან საპრიზო ფონდზე, მაგრამ ჯერ მათ ვერ დავაკონკრეტებ. ამას გარდა, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ ფედერაციამ საკუთარ თავზე აიღოს კლუბების ტრანსპორტირების ხარჯების ნაწილი და ისინი დიზელის საწვავით მოამარაგოს. ამას გარდა, ვეძებთ სასტუმროებს, რომლებიც უმაღლესი ლიგის მატჩებამდე გუნდებს შედარებით იაფად მოემსახურებიან.
- რეგლამენტის დარღვევას არც ადრე მოუტანია შედეგი. არ ჯობდა სეზონის დასრულების მერე წარგედგინათ? სახელმწიფოს კარნახი ხომ არ იყო ასეთი სიჩქარის მიზეზი?
- სახელმწიფო არაფერ შუაშია, უბრალოდ, საფეხბურთო მეორნეობას ბევრ ქალაქში მიხედეს. მაგალითად, გორში ახლა კიდევ სამ მოედანს და სტადიონს აკეთებენ, "სოკარი" ორ მოედანს მოაწყობს, გარემონტდება "ლოკომოტივის" სტადიონი. ამ მოედნებს ვინ მოუვლის, გუნდები თუ არ იქნება? ახლა ვეღარ განმეორდება ის, რაც ამ ჩემპიონატში ხდებოდა, პირველი წრის შემდეგ გუნდები უფულოდ რომ რჩებოდნენ. მაგრამ ჯერ არც ვიცით, მიიღებს თუ არა აღმასკომი ამ პროექტს. თუნდაც ლიცენზირების კომიტეტი ყველა გუნდს მისცემს ლიცენზიას? ამიტომ გვაინტერესებდა კლუბების პოზიციების მოსმენა.
- სულ რამდენი ლიცენზირებულია კლუბია?
- ძალიან ცოტა, ბევრს ეროვნული ლიცენზიის მიღებაც უჭირს, მაგრამ მდგომარეობა რადიკალურად უნდა შეიცვალოს.
- ახლა რომელ სტადიონზე კეთილმოეწყობა მოედნები?
- სამტრედიაში, ფოთში, ქობულეთში, გორში. ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგაში თუ არ გადმოვა, ეს არ ნიშნავს, რომ აჭარაში ფეხბურთის განვითარებაზე არ ვიზრუნოთ.
- რატომ გადაწყდა ჩემპიონატის ჩატარების სისტემის შეცვლა, სახელმწიფოსგან დაფინასების მყარი გარანტია მიიღეთ?
- უცებ არ მოგვიგონია, ამ პროექტზე ექვს თვეზე მეტია ვმუშაობთ. სახელმწიფო ფეხბურთში დიდ თანხას ხარჯავს და ჩვენი სურვილია, ეს ფული იქ გადანაწილდეს, სადაც საქმე კეთდება. სახელმწიფოს რაც შეეხება, ფეხბურთის განვითარებაზე პრეზიდენტმა ილაპარაკა.
ბოლოს, ბეჭდვითი მედიის წარმომადგენელმა ჩვენი საერთო საფიქრალი გააჟღერა:
- ჩემპიონატის სისტემის შეცვალსთან დაკავშირებით განცხადებას რომ აპირებდით, მხოლოდ ტელევიზიები გააფრთხილეთ. ჩვენი მოწოდება იქნება, ნუ გამოტოვებთ ბეჭდვით მედიას, რადგან ქართული ფეხბურთისთვის არავისზე ნაკლებ არ ვზრუნავთ.
- აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ კითხვა მე არ მეხება, ამის თაობაზე ჩვენს პრესსამსახურს მიმართეთ.