თავის მოტყუება და რეგლამენტის უზენაესობა

AutoSharing Option
ამ სეზონში უკვე მეორე შემთხვევაა, ტრადიციულ რუბრიკაზე ("ტურის მიმოხილვა") უარს შეგნებულად რომ ვამბობ; რაღა თქმა უნდა, ასევე ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებსაც" არ შემოგთავაზებთ და არც განვლილი ტურის განსაკუთრებულ თუ დასამახსოვრებელ ფაქტებზე ვისაუბრებთ.

არადა, მსგავსი პრეცედენტი სულ ახლახან გვქონდა - კერძოდ, XXXII ტურის შემდეგ; თუმცა, მაშინ, სულ სხვა მიზეზის გამო გადავწყვიტეთ, რომ უარი გვეთქვა ტურის მიმოხილვასა თუ სიმბოლურ ნაკრებზე. შეგახსენებთ, რომ სწორედ XXXII ტურის მატჩებიდან (30 აპრილს რომ ჩატარდა) ორი დღის მერე შევიტყვეთ ყველამ, ჩვენ ჩემპიონატში ფეხბურთელთა გარკვეული ჯგუფი გარკვეულ მანიპულირებას
რომ ახდენდა და "შესაბამისი ანაზღაურების" სანაცვლოდ პენალტებს, აუტებს, ჯარიმებსა თუ ვინ მოთვლის კიდევ რამდენ რამეს... მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად "ასრულებდა".

ჰოდა, თავის მოტყუება რომ არ გამოგვსლოდა, სწორედ ამიტომაც ვთქვი უარი ტრადიციულ რუბრიკაზე, - ალბათ, "მცირე მასშტაბის", მაგრამ მაინც ერთგვარი ბოიკოტივით იყო; ჰო, მაშინაც აღვნიშნე, რომ თურმე მთელი სეზონი თავს ვიტყუებდით, როცა 14 აგვისტოდან (ანუ, ჩემპიონატის სტარტიდან) მოყოლოებული, მუდამ ერთსა და იმავეს გავიძახოდით: რომ არნახულად დამაინტრიგებელი და საინტერესო ჩემპიონატი გვაქვს, რომ საპრიზო სამეულის მსგავსად ასევე არნახულად დაძაბულად მიმდინარეობს ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების მონაწილეობით ჩატარებული მატჩებიც, რომ ეს ჩემპიონატი განსაკუთრებულად გამორჩეულია სწორედაც რომ დაძაბულობის ხარისხით და ასე შემდეგ.

თუმცა, აღმოჩნდა რომ მწარედ ვცდებოდით, მაგრამ ქართველი ფეხბურთელებისა და დღემდე "დაუდგენელი" იმ უცხოური ტოტალიზატორების ურთიერთობით ეს, მართლაც გამორჩეულად "უცნაური" სეზონი არ დამთავრებულა; უფრო ზუსტად, ორი დღისწინანდელმა "ნოვაციამ", ლამის არის, ზემოთნახსენები სკანდალური თემაც "გადაწონოს": საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა ზვიად სიჭინავამ ისეთი პროექტი წარმოადგინა, ფაქტობრივად, ჩემპიონატის ფინიშს... აზრი რომ დაეკარგა!!!


არშემდგარი ნოვაცია
ამ პროექტის არსი რაშიც მდგომარეობს, ფეხბურთის გულშემატკივრებმა გუშინ შეიტყვეს; თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი ეს ხდება ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის დღეს, როცა, ხუთიდან, სულ მცირე, სამ მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა (მხედველობაში გვაქვს "კოლხეთის", "სიონისა" და "სპარტაკის" მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრები). მაგრამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მოფიქრებულმა პროექტმა იმ სამივე მატჩსაც ყოველგვარი ინტრიგა თუ ინტერესი დაუკარგა და საერთოდაც, დარჩენილ ორივე ტურსაც!

ანუ, აქამდე ყველამ ვიცოდით, რომ არსებობდა საქართველოს 2010-2011 წლების XXII ეროვნული ჩემპიონატის რეგლამენტი, კერძოდ, პუნქტი 3 (ჩემპიონატის ჩატარების სისტემა), სადაც "გარკვევით" წერია: უმაღლეს ლიგაში IX და X ადგილზე გასული გუნდები 2011-2012 წლების XXIII ჩემპიონატში გადაყვანილი იქნება I ლიგაში. ხოლო მე-8 ადგილზე გასული გუნდი უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ითამაშებს ფლეიოფის თამაშს I ლიგაში III ადგილზე გასულ გუნდთან. მატჩი გაიმართება ნეიტრალურ მოედანზე (I შეხვედრა). თამაშის ფრედ დამთავრების შემთხვევაში დაინიშნება ორი 15-წუთიანი ტაიმი. თუ დამატებით ტაიმებში არ გამოვლინდა გამარჯვებული ფიფას წესების შესაბამისად დაინიშნება 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმები" (სტილი დაცულია - რედ).

დიახ, ასე ვიცოდით ყველამ სეზონის დაწყებიდან დღემდე (უფრო ზუსტად, 18 მაისამდე), მაგრამ, თურმე, "მწარედ ვცდებოდით": ახალი პროექტის თანახმად VIII ადგილოსანსაც მშვიდად ყოფნა შეეძლებოდა (ანუ, "კოლხეთსა" და "სიონს" სანერვიულო არაფერი ექნებოდათ), ჯერ კიდევ წინა ტურის შედეგების მიხედვით პირველ ლიგაში "გადაგზავნილ" სამტრედიასაც" მშვენიერი შანსი ეძლეოდა უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის და აღარაფერს ვამბობთ "სპარტაკზე", დებულების თანახმად, აი, ამ ტურის შემდეგ ასევე პირველ ლიგაში დაქვეითებულად რომ უნდა გამოგვეცხადებინა.

არა, პლეი-ოფს ვნახავდით, თანაც, ერთის ნაცვლად... ორს: ახალი და მართლაც ნოვატორული პროექტის თანახმად, უმაღლეს ლიგაში IX ადგილზე გასული გუნდი ერთმატჩიან პლეი-ოფში შეხვდებოდა პირველ ლიგაში IV ადგილზე გასულ გუნდს, ხოლო უმაღლესში X ადგილზე გასული გუნდი ასევე ერთმატჩიან ფლეიფში პირველი ლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდებოდა.

რაც შეეხება პირველ ლიგაში პირველ და მეორე ადგილებზე გასულ გუნდებს, ისინი ავტომატურად გადმოვლენ უმაღლესში; ეს კი იმას მოასწავებს, რომ მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდებოდა და 12-გუნდიანი ჩემპიონატიც გვექნებოდა!

კი, ბატონო, ყველა ის სიახლე, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებას უნდა წაადგეს, მისასალმებელია და ვინ იცის, იქნებ მომავალი სეზონის ახლებურად ჩატარებამაც ხელი შეუწყოს საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებას. ისე, მომავალი სეზონის პროექტი ურიგო არ უნდა იყოს. პირველ ეტაპზე უმაღლესი ლიგის 12 გუნდი ორ წრედ ითამაშებს; ამავე პერიოდში უნდა დასრულდეს პირველი ლიგის ჩემპიონატის პირველი ეტაპიც - იქაც ორწრიანი ტურნირი იქნება, ოღონდ, 16 გუნდის მონაწილეობით.

აი, მეორე ეტაპი კი, დღევანდელი "გადმოსახედიდან" მართლაც გარკვეულ ინტრიგას გვპირდება: უმაღლეს ლიგაში პირველი ეტაპის მიხედვით, I-VIII ადგილზე გუნდები ორ წრედ, ოღონდ განახევრებული ქულებით გააგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონობისათვის თუ ევროპის ლიგის საგზურებისათვის; უმაღლეს ლიგაში პირველი ეტაპის მიხედვით IX-XII ადგილზე გასულ ოთხ გუნდს დაემატება პირველი ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი და "ახალი" ტურნირიც დაიწყება. პირობითად "გასავარდნი პლეი-ოფი" რომ შეიძლება დავარქვათ. ანუ, რვა გუნდი ორ წრედ ითამაშებს და ამათგან 4 საუკეთესო უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, ხოლო V-VIII ადგილზე გასული გუნდები კი პირველ ლიგაში გადავლენ. სხვათა შორის, "გასავარდნ პლეი-ოფში" მოასპარეზე გუნდები ტურნირს არა განახევრებული ქულებით, არამედ... ნულით დაიწყებენ!


რეგლამენტის უზენაესობა და ახალი ნოვაციის მოლოდინი
საქართველოს ჩემპიონატისთვის არც 12-გუნდიანი პირველობაა "უცხო" და არც ორეტაპიანი და განახევრებულქულებიანი გათამაშებაც; უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობაც არაერთხელ შეცვლილა და, რაც მთავარია - რეგლამენტიც! ანუ, როცა ვიცოდით, რომ ამა თუ იმ სეზონში უმაღლეს ლიგაში, ვთქვათ, 12 გუნდს უნდა ეასპარეზა, სხვადასხვა (უფრო ხშირად, პოლიტიკური) პრინციპების გათვალისწინებით, რაოდენობა ოთხით გაზრდილა!

ისეთი ფაქტებიც არაერთხელ ყოფილა, როცა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა შემცირებულა, ოღონდ, ამ შემთხვევაში ამა თუ იმ გუნდის ფინანსური პრობლემების გამო (ლიცენზირების პირობებს ვერ აკმაყოფილებდნენ, ან ფინანსურ გარანტიებს ვერ წარმოადგენდნენ) ხდებოდა ყველაფერი. თუმცა, ყველა ის ცვლილება ხდებოდა უშუალოდ ახალი სეზონის დაწყების წინ (გნებავთ, რომელიმე სეზონის დასრულებიდან თვე-თვენახევარში); ანუ, დღემდე, უფრო ზუსტად, 2011 წლის 18 მაისამდე არასდროს მომხდარა, რომ საქართველოს ჩემპიონატის რეგლამენტის უმთავრესზე-უმთავრესი პუნქტი ("ჩემპიონატის ჩატარების სისტემა") - უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას დარღვეულიყოს! ამით ხომ, ფაქტობრივად, ყველანაირი სპორტული პრინციპი ირღვეოდა: ჩემპიონატის მსვლელობისას, გადამწყვეტი ტური რომ გვეგონა, სწორედ იმ დღეს, დიდი შანსი იყო, რეგლამენტი შეცვლილიყო!

ისე, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ერთი ტურია დარჩენილი და ვინ იცის, კიდევ რა სიურპრიზს გვპირდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა? ყოველ შემთხვევაში, "ზესტაფონის", "დინამოსა" და "ოლიმპის" გულშემატკივრები, გარკვეულწილად, "ყველაფრისთვის" მზად უნდა იყვნენ; ანუ, ხომ შეიძლებდა, რომ ვინმეს მორიგი "ნოვატორული" იდეა მოუვიდეს და საფეხბურთო საზოგადოებას "ახალი და ჯერარნახული" პროექტი შესთავაზოს: მაგალითად, საქართველოს ჩემპიონობა მეოთხე ან მეხუთე ადგილზე გასულმა გუნდებმა ერთმატჩიან "პლეი-ოფში" გაითამაშონ, ხოლო ევროპის ლიგაზე კი "დინამოსა" და "ოლიმპის" ნაცვლად, VI და VII ადგილზე გასულმა გუნდებმა იასპარეზონ;

ეგ კი არა, თასის ფინალი რომ არის დანიშნული 26 მაისს და "ტორპედო"-"გაგრა"-ს შეხვედრას რომ მართლაც დიდი ინტერესით ველოდებით, შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც რაღაც "სიახლე" შემოგვთავაზონ! ანუ, არავის გაუკვირდეს, რომ საქართველოს თასის ფინალში "ტორპედოსა" და "გაგრას" ნაცვლად სხვა გუნდებმა იასპარეზონ!..

საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში რეგლამენტი არაერთხელ შეცვლილა და, რაც ყველაზე საწყენია, ასევე არაერთხელ... დარღვეულა! მაგრამ, უშუალოდ სეზონის მსვლელობისას, ზედ გადამწყვეტი ტურის დღეს რომ ყველაფერს "თავდაყირა" დააყენებ, აი, მსგავსი კი, მართლაც არასდროს მომხდარა! საბედნიეროდ, ქართულ ფეხბურთში, კერძოდ რამდენიმე კლუბში მართლაც არიან ისეთი ადამიანები, "ზემოდან" წამოსულ ნებისმიერ პროექტსა თუ "ნოვაციას" მაშინათვე "ორი ხელის აწევით" რომ არ მიესალმებიან და ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი პოზიციაც გააჩნიათ.

მოკლედ, ის პროექტი კლუბების ხელმძღვანელთა ნაწილმა არ მოიწონა და დღევანდელ აღმასკომზეც ამ საკითხზე არ იმსჯელებენ. სამაგიეროდ, სხვა რამეს მივეჩვიეთ და ბეჭდური მედიის სხვა წარმომადგენლებიც ნურაფერს გავიკვირვებთ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ უკვე მერამდენედ მოახდინა ჩვენი სრული იგნორირება! ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციაა, "წერეთ და იკითხეთო", - ირიბად თუ დიპლომატიურად კი არა, პირდაპირ გვეუბნებიან! ჩვენც კიდევ, წინა წლის აგვისტოდან მოყოლებული, თურმე კი არა, მართლაც თავს ვიტყუებდით, - "არნახულად დამაინტრიგებელ ჩემპიონატს" რომ "ვაპიარებდით" და "არნახულ მოტივაციასა თუ დაძაბულობის ხარისხზე" რომ ვსაუბრობდით...

P.S. ისე, მართლაც საინტერესოა: ბოლოს და ბოლოს, იქნებ აგვიხსნას ვინმემ, ბოლო ტურში "კოლხეთსა" და "სიონს" სატურნირო მოტივაცია უნდა ჰქონდეთ, თუ - არა?
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა რატომ აძლევდით ხმას ასეთ იდეატორს
Dato
17:36 20-05-2011
0
კარგა ხანია ქართულ ფეხბურთში წერე-იკითხეს პრინციპი მოქმედებს. 12 გუნდი კი არა 10 გუნდიდან 5 მთელი სეზონის მანძილზე უხელფასობაზე, შიმშილზე და გზის ფულის არ ქონაზე წუწუნებდა. ისე 12 გუნდიანი ჩემპიონატი თუ დამტკიცდა წლევანდელი ჩემპიონატი ბარემ დასრულებულად გამოაცხადონ, მაინც ყველაფერი გარკვეულია და...
sport-fun
11:34 20-05-2011
0

სიახლეები პოპულარული