ეროვნული ჩემპიონატი მეორე ტურით იწყება

AutoSharing Option
გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა ჩატარდა. აღმასკომმა 7 საკითხი განიხილა. გაირკვა, რომ 22-ე ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ახალ სეზონში ახალი სადისციპლინო კოდექსი ამოქმედდება. მაგალითისთვის, თუ აქამდე მცირედი დარღვევისთვის მინიმალური სასჯელი 50 ლარი იყო, ამიერიდან დამრღვევს ორმაგი თანხის, 100 ლარის გადახდა მოუწევს. მაქსიმალური საჯარიმო სანქცია კი 50 ათასი ლარი გახდა.

ფედერაციის აღმასკომმა ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ახალი სეზონის რეგლამენტი, სადისციპლინო კოდექსი და კალენდარი. აქვე გაცნობებთ, რომ კალენდარში მცირედი ცვლილებაა - 22-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი
ტური 6-7 აგვისტოს ნაცვლად 15 სექტემბერს ჩატარდება? რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ჩემპიონატი მეორე ტურის მატჩებით, 14 აგვისტოს დაიწყება.

საქმე ისაა, რომ "ზესტაფონი" და თბილისის "დინამო" ევროპის ლიგაზე ასპარეზობას აგრძელებენ და საპასუხო მატჩები 5 აგვისტოს უწევთ. გარდა ამისა, 11 აგვისტოს ჩვენს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს, შესაბამისად მოლდოვასა და სომხეთში აქვთ ჩასატარებელი მატჩები. ფედერაციის აღმასკომმა ეს ფაქტორები გაითვალისწინა და ჩემპიონატის დაწყება გადადო. შპს "საგურამოს საფეხბურთო კომპლექსსში" ფედერაციამ ხელოვნურსაფარიანი მოედანი დააგო. მთლიანად ამ სამუშაოსთვის ფედერაციამ 400 ათასი დოლარი გაიღო. ეს გაღებული თანხა საგურამოს საფეხბურთო კომპლექსის საწესდებო კაპიტალში აღმასკომის გადაწყვეტილებით უკვე აისახა. შესაბამისად, ფედერაციის წილიც გაიზარდა.

აღსასკომმა განიხილა და დაამტკიცა სამსაჯო კომიტეტისა და სამსაჯო განყოფილების მიერ შეთავაზებული დებულება და კოდექსი.
სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების სისტემაში მომხდარი საკადრო ცვლილება აღმასკომმა დაადასტურა. საქმე ის არის, რომ ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების სააპელაციო ორგანო ბეჟან თურმანიძემ საკუთარი სურვილით, სხვა სამსახურში გადასვლის გამო დატოვა. მის შემცვლელს კი ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე შეარჩევს.

აღმასკომის სხდომაზე, ლიცენზირების კომიტეტის მიერ, გასულ სეზონში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს.
დაბოლოს, ქუთაისური კლუბის მესვეურებმა აღმასკომს ახალი წესდება, ლოგო და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი წარუდგინეს და კლუბისთვის ძველი სახელწოდების, "ტორპედოს" დაბრუნების თხოვნით მიმართეს. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა რიონისპირელთა საკითხი დადებითად გადაწყვიტა. შესაბამისად, ახალ სეზონში უმაღლეს ლიგაში უკვე ქუთაისის "ტორპედო" იასპარეზებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული