ჯერ საქმე და მერე რეგლამენტი

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, რომელიც ბოლო დროს საინტერესო მატჩების ნაცვლად, საინტერესო საორგანიზაციო შეხვედრებს უფრო მასპინძლობს, გუშინ კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები შეიკრიბნენ.

სხდომაზე, რომელსაც აღმასკომის თავმჯდომარე, ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა უძღვებოდა, გადაწყდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის XX საანგარიშო ყრილობა 25 ივნისს გაიმართება და დღის წესრიგში იქნება:

პრეზიდენტის მოხსენება; სფფ-ს წევრის სტატუსის შეჩერება; სფფ-ს XX ყრილობის ოქმის დამტკიცება; წინა ყრილობიდან სფფ-ს აღმასკომის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში; აუდიტის დასკვნის დამტკიცება; ფინანსური ანგარიშის დამტკიცება; ბიუჯეტის დამტკიცება; საწევრო გადასახადის დამტკიცება; დამოუკიდებელი
აუდიტის დანიშვნა; სფფ-ს წესდებაში ცვლილებების შეტანის წინადადებების განხილვა; სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის არჩევა; სხვადასხვა.

აღმასკომის წევრებს სიჭინავამ ეროვნული ჩემპიონატის ახალი პროექტის განხილვაც შესთავაზა. ფედერაციის პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ პროექტი სტადიონებისა და მოედნების განახლების იმედად წარადგინა. მისივე თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ სახელმწიფოს დახმარებით 2011 წელს საფარი სამ სტადიონზე შეიცვლება, 2012 წელს კიდევ ორზე, ორ მოედანს "სოკარი" გააკეთებს, უეფას დახმარებით განახლდება "მიხეილ მესხი", ამოქმედდა "ვიტ ჯორჯიას" მცხეთის სტადიონი, სულ კი 17 განახლებული სტადიონი გვექნებაო.

განცხადება დამაიმედებელია, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელმა პროექტის დახვეწა მოითხოვა, რადგან 17 მოედანი ჯერ დაპირებაა, ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩენილ მცირე დროში (ორ თვეში) კი ამხელა სამუშაოების დასრსულება წარმოუდგენელია.

"ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას თქმით, სწორედ ამის გამო შეიკავა თავი პროექტის მხარდაჭერაზე, ჯერ საქმე გვაჩვენეთ და რეგლამენტი მერე შევცვალოთო.

აღმასკომზე 2010-2011 და 2011-2012 წლების ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურის შეცვლაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს: ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არევლაძე, ორი ვიცე-პრეზიდენტი (ალექსანდრე ჩივაძე, გია ფირცხალავა) და საპატიო ვიცე-პრეზიდენტი (მურთაზ ხურცილავა), გენერალური სამდივნოს, საშეჯიბრო კომიტეტის წარმომადგენლები და ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელები 2011-2012 წლების ეროვნული ჩემპიონატის ახალ ფორმატს უახლოეს სამ დღეში განიხილავენ. მათი პასუხი ცნობილი გახდება სამშაბათს და უმაღლესი და პირველ ლიგის კლუბების წარმომადგენლებს, როგორც ითქვა, დახვეწილ პროექტს გააცნობენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო დომენტი: ჯერ გადახტით და ოპლა მერე დაიძახეთ...
uzlevi
01:59 22-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული