რას მოვუხერხოთ ლიცენზიას?

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ახალი რეგლამენტის პროექტის წარდგენის შემდეგ, ბუნებრივად გაჩნდა კითხვა - უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ყველა მსურველი დააკმაყოფილებს თუნდაც ეროვნული ლიცენზირების მოთხოვნას?

სწორედ ამ მოთხოვნების გათვალისწინებით შარშან დაიწყო ლიცენზირების ახალი ეტაპი, რომელის შედეგადაც 2009/10 წლების სალიცენზიო სეზონის შედეგები შეჯამდა.

საბოლოოდ, ლიცენზია თერთმეტმა კლუბმა მიიღო: უეფას ლიცენზია მიაკუთვნეს თბილისის "ვიტ ჯორჯიას", თბილისის "დინამოს", რუსთავის "ოლიმპს", "ზესტაფონს", "გაგრას", ცხინვალის "სპარტაკს", ეროვნული ლიცენზია კი - ქუთაისის "ტორპედოს", ბოლნისის "სიონს", ზუგდიდის "ბაიას", ფოთის "კოლხეთს" და თბილისის "ლოკომოტივს".

უმაღლესლიგელებიდან ეროვნულ ლიცენზიაზე უარი
მხოლოდ "სამტრედიას" ეთქვა, რადგან კლუბს "ა" ლიცენზიის მწვრთნელი არ ჰყავდა და ვერც ფინანსურ გარანტიებს აკმაყოფილებდა.

საქართველოში უეფას მატჩების მასპინძლობის უფლების მქონე სტადიონების ჩამონათვალსაც მხოლოდ ქუთაისის განხლებული სტადიონი შეემატა. ახლა ასეთი სულ ხუთია - ეროვნული, "მიხეილ მესხი", რუსთავის, ქუთაისის და ზესტაფონის სტადიონები.

სეზონის დაწყებამდე, უეფას ლიცენზიის მაძიებელთა რიცხვში არ იყო გორის "დილა", მაგრამ სერთიფიკატის მიღებასთან ახლოს იყვნენ მარტვილის "მერანი", ბათუმის "დინამო" და საჩხერეს "ჩიხურა", დანარჩენებს პრობლემები ჰქონდათ.

ძალიან კარგი, ახალ სეზონამდე თუ გუნდები ლიცენზირების პირობებს შეასრულებენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. მართალია თემურ ქეცბაია, რომ ამბობს: მეტი თამაშები რომ იქნება, ეს ფეხბურთელის გასაზრდელად საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ უეფას მოთხოვნებს რა მოვუხერხოთ?

რამდენიმე დღის წინ, "ლელოსთან" ინტერვიუში გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა რაინერ მილკორაიტმა ახსნა, როგორ მოახერხეს გერმანელებმა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის დროს კლუბების გაკოტრების თავიდან აცილება.

"საქმე ძალიან მარტივად არის - ლიცენზირების სისტემა ყველა პრობლემას აგვარებს. კლუბებს უმკაცრეს მოთხოვნებს ვუყენებთ, მესამე ბუნდესლიგის კლუბებსაც იმავე პირობების შესრულება უწევთ, როგორიც ბუნდესლიგელებს. ლიცენზირებისას კლუბმა უნდა წარადგინოს გარანტია, რომ სეზონს ფინანსურად არ ჩააგდებს, აჩვენოს, საიდან აქვს ფული, რამდენია მისი შემოსავალი და ხარჯი. თუ ეს ვერ დაასაბუთა, ლიგაში თამაშის უფლებას არ მივცემთ.

გარდა ამისა, ჩვენი პრინციპული პოზიციაა - არც ერთ კომპანიას თუ ბიზნესმენს არ აქვს უფლება, იყოს კლუბის 100-პროცენტიანი მფლობელი. ეს ისევ კლუბების ინტერესებისთვის გადაწყდა. როდესაც ერთი მეპატრონეა, დიდი შანსია, მისი გაკოტრებით კლუბიც დაიშალოს" - გვითხრა მილკორაიტმა.

მთავარია, სხვისი გამოცდილება მაინც შევისმინოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული