ზესტაფონის ოქროს დღე

AutoSharing Option
სეზონის ბოლო მატჩი "ზესტაფონმა" საზეიმო ვითარებაში ჩაატარა - პატარა ქალაქს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა (პრეზიდენტის ჩათვლით) თითქმის სრული შემადგენლობით ესტუმრა და ქვეყნის ჩემპიონს თასი და მედლები გადასცა. თამაში გია გეგუჩაძის გუნდმა სწორედაც რომ საჩემპიონო აჩვენა - ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე "ზესტაფონმა" ერთგულ ქომაგებს კიდევ ერთხელ სცა პატივი, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა და არცთუ ხელწამოსაკრავ მეტოქეს შთამბეჭდავად სძლია.

შეხვედრისა და თავსხმა წვიმის დაწყება ერთი იყო, მაგრამ ავდარს საზეიმო განწყობა არ გაუფუჭებია - "დავით აბაშიძის" გაზონი იდეალურთან მიახლოებულ მდგომარეობაშია და უხვ ნალექს კვალი არ
დაუტყვია. მასპინძლებმა ტრადიციული შემტევი სტილით ითამაშეს და გამარჯვებულის ვინაობა 45 წუთში გაარკვიეს.

"ზესტაფონის" პირველივე სახიფათო შეტევა გოლით დასრულდა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ვიტელებმა უხეიროდ მოიგერიეს, დასარტყმელ პოზიციაზე თორნიკე გორგიაშვილი აღმოჩნდა და სტუმართა კარი საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური "ცხრიანით" დალაშქრა.

მე-17 წუთზე "ვიტ ჯორჯია" კაცნაკლული დარჩა: მიხეილ როსტიაშვილი კახა ალადაშვილს ეუხეშა, რასაც ტრიბუნების რეაქცია მოჰყვა. როსტიაშვილმა ნერვები ვერ მოთოკა და მაყურებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც არბიტრ ხორავას ლოგიკური გადაწყვეტილება მიაღებინა.

"ზესტაფონს" გამარჯვება უფრო სოლიდური ანგარიშითაც შეეძლო და რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტიც გაანიავა, თუმცა მათი აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ დანარჩენი გოლების აღწერაზე გადავალთ.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ნიკა გელაშვილმა თავი გუშინაც გამოიჩინა და საკუთარ აქტივს კიდევ ერთი ბურთი შეჰმატა. იგი ალადაშვილის ჩაწოდებას გამოეხმაურა და თბილისელთა კარი თავურით აიღო. გელაშვილს ამ ჩემპიონატში ყველა გოლი უპენალტოდ, "თამაშიდან" აქვს გატანილი. ანგარიში გამანადგურებელი მამუკა კობახიძემ გახადა. ფეროელთა ახალგაზრდა მცველმა თორნიკე გორგიაშვილის გადაცემა დააგვირგვინა.

მეორე ტაიმში ათკაციან "ვიტ ჯორჯიას" ბევრი ვერაფერი გამოუვიდა, ვეტერინარებისთვის ისიც ნორმალური შედეგი იყო, რომ შესვენების შემდეგ ერთ გოლზე მეტი არ გაუშვიათ. ავტოგოლის ავტორ ღანიაშვილს შეცდომა ალადაშვილის ჩაწოდებამ დააშვებინა.

მოკლედ, ზესტაფონში მოულოდნელი და რეალობასთან შეუსაბამო არაფერი მომხდარა: ჩემპიონმა სეზონი ახალი სტატუსის შესაფერისად დაასრულა, ევროზონის მიღმა დარჩენილი "ვიტ ჯორჯია" კი საზაფხულო არდადეგებზე უკეთესი მომავლის იმედით წავიდა.

22.05. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 500 მაყურებელი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 4:0
გოლები: 1:0 გორგიაშვილი (3), 2:0 გელაშვილი (28, ალადაშვილის პასით), 3:0 მ. კობახიძე (32, გორგიაშვილის პასით), 4:0 ღანიაშვილი (55. ს.კ.)

ზესტაფონი ვიტ ჯორჯია
4-4-2 4-2-3-1
რ. კვასხვაძე ა. მიქაბერიძე
ალადაშვილი ხურცილავა
გ. ონიანი ადამაძე
მ. კობახიძე კასრაძე
გ. ფოფხაძე ღანიაშვილი
დაუშვილი კორიფაძე
ძარია ვასაძე
გორგიაშვილი გურამ გურეშიძე
აფციაური ჯანელიძე
დვალი ჩიმაკაძე
გელაშვილი როსტიაშვილი
მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
გ. გეგუჩაძე ზ. ბერიძე

ზესტაფონი
73. დაუშვილი - ბენაშვილი
73. ძარია - როსტომ გეწაძე
73. დვალი - ს. ლომია
სათადარიგოები: მამალაძე, ხიდეშელი, ბაბუნაშვილი, წინამძღვრიშვილი

ვიტ ჯორჯია
58. ჯანელიძე - ზაქრაძე
58. კორიფაძე - გიორგი გურეშიძე
70. ჩიმაკაძე - გაბრიჭიძე
სათადარიგოები: ძაძამია, ჭანკვეტაძე, გოგიაშვილი, ჯუღელი

გაფრთხილება: დვალი (38)

არბიტრი: ჯ. ხორავა

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
ზესტაფონი        36 24 6 6 72:19 78
დინამო              36 21 9 6 55:22 72
ოლიმპი              36 20 6 10 52:31 66
ტორპედო           36 14 13 9 31:22 55
ვიტ ჯორჯია       36 14 6 16 35:41 48
ბაია                     36 13 5 18 36:51 44
კოლხეთი            36 10 10 16 25:47 40
სიონი                  36 10 9 17 27:45 39
სპარტაკი             36 7 11 18 32:42 32
სამტრედია          36 6 7 23 27:72 25

ნიკა გვათუა
სკ ზესტაფონის პრესსამსახურის ფოტო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული