გუგუჩიას გაბრწყინებამ "დინამო" გააუფერულა

AutoSharing Option
ჩემპიონატის ბოლო ტურში ორივე მწვრთნელმა ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შექმნილა, უფრო მწვავედ ქუთაისელები თამაშობდნენ.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმა გიორგი სეთურიძემ შეასრულა, ცენტრალურმა მცველებმა და მეკარემ შეუთანხმებლად ითამაშეს, რითაც რევაზ გოცირიძემ ისარგებლა და თავით ზუსტად დაარტყა - 0:1.

მალე, სტუმართა შეტევის ჩაშლის მცდელობისას, გიორგი ციმაკურიძემ ბურთი კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა.

"დინამო" მეორე ტაიმში აშკარად გამოცოცხლდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ლევან ხმალაძე, გიორგი თექთურმანიძე, გიორგი კახელიშვილი.

54-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის დარტყმული ბურთი ქუთაისელთა მცველმა მოიგერია, დებიუტანტმა ჯამბულ ჯიღაურმა
კი დაუხანებლად, ძლიერად დაარტყა და "ცხრიანი" - 1:1.

"დინამოს" დაწინაურებაც შეეძლო, როდესაც თექთურმანიძემ მეკარესთან პირისპირ ირაკლი ლექვთაძე გაიყვანა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა საიმედოდ ითამაშა.
61-ე წუთზე გია გიგატაძემ "დინამოს" შესაჩერებლად თავდამსხმელი გოცირიძე შემტევი ნახევარმცველით, ლუკა გუგუჩიათი შეცვალა. როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩის ბედი სწორედ ამ 20 წლის ბიჭმა გადაწყვიტა. მან ბურთთან პირველივე შეხებისას სამი დინამოელი ეფექტურად ჩამოიტოვა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.

"დინამო" კვლავ უტევდა, გუგუჩიას ეპიზოდი თითქოს გამონაკლისად ჩათვალეს და მეორე გოლი მწიფდებოდა "ტორპედოს" კარში: ორი მშვენიერი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს დიმიტრი ტატანაშვილმა და ხმალაძემ.

ეტყობა, თავდაჯერებამ მასპინძლებს ცუდი სამსახური გაუწია: 77-ე წუთზე გუგუჩიამ ისევ გაიბრწყინა, მარცხენა ფლანგზე სამი დინამოელი ლამაზი მოძრაობებით ჩამოიცილა და ლამის კუთხურის ხაზიდან მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა - 1:2.

არ ვიცი, ვინ როგორ შეაფასებს ამ გოლს, მაგრამ ჩემპიონატში მსგავსი ეფექტური გოლი არ მახსენდება. გუგუჩია პირველ ეტაპზე "ბაიაშიც" კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ "ტორპედოში" იშვიათად ენდობოდნენ და ამის გამო ახალგაზრდულ ნაკრებშიც არ გამოუძახებიათ. არადა, ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.

დარჩენილ დროში დინამოელთა შეტევებს შედეგი არ გამოუღია და მათ სეზონი ძალიან უფერულად დაასრულეს, ქუთაისლებმა კი დამსახურებულად გაიმარჯვეს.

"დინამო", ბორის პაიჭაძე, 1000 მაყურებელი
"დინამო"- "ტორპედო" 1:2
გოლები: 0:1 გოცირიძე (41. სეთურიძის პასით), 1:1 ჯიღაური (55), 1:3 გუგუჩია (77)

დინამო ტორპედო
ლორია მიგინეიშვილი
ციმაკურიძე გიგაური
თომაშვილი მაჭავარიანი
კაკუბავა თოდუა
ხმალაძე გურული
კვეკვესკირი თარხნიშვილი
ჯიღაური ჩხეტიანი
კახელიშვილი დათუნაიშვილი
ლექვთაძე სეთურიძე
თექთურმანიძე კვარაცხელია
ტატანაშვილი გოცირიძე

დინამო:
83. ლექვთაძე - კუხალეიშვილი.
87. თექთურმანიძე - კვარაცხელია.
სათადარიგოები: ზარქუა, ღონღაძე, გველესიანი, ჩადუნელი, სიხარულიძე.

ტორპედო:
46. სეთურიძე - დოლიძე.
62. გოცირიძე - გუგუჩია.
77. გიგაური - ქებაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, საბანაძე, ბაკურაძე.

გაფრთხილება: გიგაური (53).
არბიტრი: ხ. გაგნიძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული