"დინამო" ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით შეხვდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" სეზონი დაასრულა და, როგორც ჩანს, ახალს სრულიად განახლებული შემადგენლობით დაიწყებს, რადგან გუნდის ხელმძღვანელობას დასრულებულ სეზონში არც შედეგი აკმაყოფილებდა და არც ფეხბურთელთა კლასი.

"დინამოდან" ყველა ლეგიონერის გაშვება სურდათ - ახალი ხელმძღვანელობის მოთხოვნებს ვერც ერთი აკმაყოფილებს. თუმცა ბევრს ხანგრძლივი კონტრაქტები აქვს და ვერ უშვებენ. მაგალითად, ჩეხ მცველ ირჟი ჰომოლას და სერბ ნახევარმცველ სემირ ჰაჯიბულიჩს. კონტრაქტის ვადამდე დარღვევისთვის "დინამოს" ფიფა ფინანსურად დასჯის და, ცხადია, კომპენსაციის გა
დახდა ხელს არ აძლევდა.

ასე რომ, ჰომოლა და ჰაჯიბულიჩი გუნდში რჩებიან და შეკრებაზეც წაიყვანენ. თუ გაამართლეს და ითამაშეს, ხომ კარგი, თუ არა, ნაკლებად ამბიციურ კლუბში გაშვებას უპირებენ.

თუმცა ანალოგიური პრობლემები არ შექმნილა ბოსნიელ თავდამსხმელ პეტარ იელიჩისა და სერბ მცველ მარკო მაროვიჩის შემთხვევაში. კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, სეზონის ბოლოს მხარეებს ხელახლა უნდა დაელაპარაკათ, თბილისელებმა კი ხელშეკრულების გაგრძელება არ ისურვეს - ამ ლეგიონერებმა გუნდი უკვე დატოვეს.

სავარაუდოდ, მათ კვალს გაჰყვება გვინეელ-პორტუგალიელი პედრო ედნილსონი, გადასაწყვეტია ბრაზილიელი რობერტინიოს საკითხი. უცხოელთაგან მეტ-ნაკლებად დონალდ ჯუსის დარჩენას მიიჩნევენ მისაღებად, რომელიც, თუ ხასიათზეა, თამაშობს ხოლმე.

"დინამოდან" არა მხოლოდ უცხოელების, ბევრი ადგილობრივის გაშვებასაც აპირებენ. გუნდს საკუთარი სურვილით ტოვებს მცველი გიორგი ციმაკურიძე, რომელიც დღემდე სლოვაკურ "ჟილინას" ეკუთვნის და, როგორც გვითხრა, კარიერას ისევ ამ ქვეყანაში გააგრძელებს.

გაშვებულთა ნაცვლად, 5-6 ახლის მიწვევა სურთ. ერთი მათგანი ესპანეთის პრიმერადივიზიონში თამაშობს და მოლაპარაკებას ფინანსურ საკითხებზე აწარმოებენ. "დინამო" ორი ცენტრალურ მცველზე ფიქრობს - ლისაბონის "ბენფიკას" დუბლების წევრ ბაქარ მირცხულავასა და რუსთავის "ოლიმპის" ერთ-ერთ ლიდერ გიორგი რეხვიაშვილზე - ორივეს კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, მაგრამ ჯერ არც ერთის საკითხი არ გადაწყვეტილა. რეხვიაშვილს "ზესტაფონიც" იწვევს და დარჩენას "ოლიმპიც" სთავაზობს, მირცხულავასაც აქვს არჩევანი ევროპაში.

საერთოდ, თბილისელები დილემის წინაშე დგანან - საქართველოში გამორჩეული ყველა ფეხბურთელი კონტრაქტით არის დაკავებული, "დინამოს" კი მხოლოდ გამორჩეულთა მიწვევა სურს.

ორი ფეხბურთელი გუნდში უკვე ისინჯება - "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელები, სანდრო იაშვილი და ლადო ახალაია. ეს უკანასკნელი მონდომებით ვარჯიშობს და სერიოზულ დონეზე თამაში უნდა.

იაშვილს კი "დინამო" შანსს აძლევს, ფორმა აღიდგინოს და პოტენციალი ახლა მაინც გამოავლინოს. მასთან ექვსთვიანი კონტრაქტი გაფორმდება და ხელშეკრულებას ყოველ ნახევარ წელიწადში გადახედავენ - ეს იმიტომ, რომ ბოლო წლებში არასტაბილურად თამაშობდა.

ამას გარდა, გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თანაშემწედ უეფას მედია ოფიცერი მამუკა კვარაცხელია დაინიშნა. კურიოზული ფაქტია: უეფაში მიღებული კაცი საქართველოში არავის სჭირდებოდა, სანამ "დინამოში" ახალი ხელმძღვანელობა არ მივიდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
როდის იქნება ცნობილი ,,დინამოს'' ახალი შემადგენლობის სია?
ნანა შამუგია
21:07 27-12-2013
0
Burton - იაშვილის ნიჭიერებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ რამდენიმე წელია ვერცერთ გუნდში ვერ მოიკიდა ფეხი არ ვარ აღფრთოვანებული ამ ტრანსფერით... moida giji zuraba - ბავშვობიდან არ მიყვარდა გვარით რომ მომმართავდნენ:) მე კარგად წავიკითხე, არამარტო ეს არამედ ბატონი მერაბის სხვა სტატიებიც და აქედან გამომდინარე გავაკეთე კომენტარი ავტორის დამოკიდებულებაზე - უცხოელ ფეხბურთელებზე ისე საუბრობს თითქოს პროფესიონალი ფეხბურთელები კი არა ცხვბრები იყვნენ... სხვებს თუ არაფერი და ადამიანურ ფაქტორს არ მივაქცევთ ყურადღებას, რობერტინიოს, ჯუსისა და ედნილსონს ნამდვილად აქვთ იმდენი გაკეთებული დინამოსთვის, რომ მათზე ოდნავი პატივისცემით ვისაუბროთ...
ალექსანდრე გედევანიშვილი
12:55 24-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული