შელამაზებული ფინიში

AutoSharing Option
ზედიზედ ორი გამარჯვებით "ოლიმპმა", ცოტა არ იყოს, შეალამაზა ჩემპიონატის ფინიში; თანაც, რუსთაველებს საკუთარ მოედანზე ბოლოს ორი თვის წინ ჰქონდათ მოგებული და გუშინდელი გამარჯვება ამითაც იყო ფასეული. აღარაფერს ვამბობთ მეტოქის ფაქტორზეც: ამ სეზონში "სიონმა" ორჯერ შეძლო "ოლიმპის" დამარცხება და რუსთაველებს რევანშის სურვილიც ამოძრავებდათ.

დისკვალიფიცირებულ ალექსანდრე კვახაძესა და ლუკა რაზმაძეს თუ არ ჩათვლით, მასპინძლები ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდნენ მოედანზე. იგივეს თქმა შეიძლება "სიონზეც", თანაც სტუმართა მწვრთნელმა ხვიჩა ქასრაშვილმა ორფორვარდიანი ტაქტიკა აირჩია და რევაზ ჯიქიას შეტევის ხაზში კობა შალ
ამბერიძე შეუწყვილა. სწორედ შალამბერიძის აქტიურობით შეიქმნა ამ მატჩში პირველი სახიფათო მომენტი, მაგრამ ლევან ჩხეტიანის თავური დარტყმა გრიგოლ ბედიაშვილმა მოიგერია.

სამაგიეროდ, მომდევნო სახიფათო მომენტი უკვე გოლით დასრულდა, ოღონდ, ამჯერად მასპინძლებმა შეუტიეს და მოდებაძე-ჭელიძე-მოდებაძის ეფექტური კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დამთავრდა. სხვათა შორის, ირაკლი მოდებაძისთვის სეზონში მე-16 გოლი იყო, მაგრამ "ოლიმპის" ცენტრფორვარდი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მეორეობას დასჯერდა.

მასპინძელთა უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა: ირაკლი ჩირიკაშვილმა მოხდენილი პასით კობა შალამბერიძე დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა და პოლონეთიდან დაბრუნებულმა შემტევმა ანგარიში გაათანაბრა. "სიონს" მალე კიდევ ერთი გოლის გატანაც მართებდა, მაგრამ მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა ჩირიკაშვილმა ეს ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა. თუმცა, ამ ეპიზოდში ნურც გრიგოლ ბედიაშვილს დავუკარგავთ გარჯას: "ოლიმპის" მეკარემ თავგანწირვით ითამაშა, რაც ტრავმის ფასად დაუჯდა და მალე შეცვალეს კიდეც.

"ოლიმპმა" პირველ ტაიმში კიდევ ორი სახიფათო იერიში განახორციელა და აქედან ერთი შედეგიანი აღმოჩნდა: გიორგი ჭელიძემ "სტანდარტული" შეასრულა და დავით ბოლქვაძემ ტექნიკური თავური დარტყმით სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ბოლქვაძეს კიდევ ერთი შანსი ტაიმის ბოლო წუთზე ჰქონდა, როცა გიორგი ქავთარაძის პასის მერე კვლავაც თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირედით აცდა.

მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა, თუმცა ერთი-ორჯერ მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი ეპიზოდი მაინც ვნახეთ; ჯერ იყო და ირაკლი ჩირიკაშვილი კუთხურიდან ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ზურაბ ბათიაშვილი ამ ჩანაფიქრს მიუხვდა; მეორედ კი რევაზ ჯიქიას შორეული დარტყმა "ოლიმპის" კარის ხარიხას მოხვდა.

თავის მხრივ, მასპინძლებსაც შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ მოდებაძის დარტყმა ჩინებულ ნახტომში მინდია ბობღიაშვილმა მოიგერია.

დაბოლოს, ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზეც: "ოლიმპის" ახალწვეული ირაკლი მაისურაძე გუშინაც ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში და ამ ახალგაზრდა ნახევარმცველმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თემურ ქეცბაიას ნდობა სამართლიანად დაიმსახურა.

22.05. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი
ოლიმპი-სიონი 2:1
1:0 მოდებაძე (6, ჭელიძის პასით), 1:1 შალამბერიძე (11, ჩირიკაშვილის პასით), 2:1 დ. ბოლქვაძე (28, ჭელიძის პასით).

ოლიმპი სიონი
(4-2-3-1) (3-5-2)
ბედიაშვილი ბობღიაშვილი
ჯაფარიძე სვანიძე
მურველაშვილი დიდავა
რეხვიაშვილი ორბელაძე
დობროვოლსკი ნ. კვასხვაძე
ი. მაისურაძე გოგობერიშვილი
ტყემალაძე ნოზაძე
ქავთარაძე ჩირიკაშვილი
დ. ბოლქვაძე ლ. ჩხეტიანი
ჭელიძე შალამბერიძე
მოდებაძე ჯიქია
მწვრთნელი: ა. ჯელაძე მწვრთნელი: ხ. ქასრაშვილი
ოლიმპი
21. ბედიაშვილი-ბათიაშვილი
65. ქავთარაძე-პავლიაშვილი
87. ჭელიძე-კერძევაძე
სათადარიგოები: კანდელაკი, ბახტაძე, აბურჯანია, ლ. სეთურიძე
სიონი
46. ჩხეტიანი-ქუცურუა
78. ქუცურუა-მელქაძე
სათადარიგოები: ზუხბაია, გ. ოქროპირიძე, კობაური, ქორიძე, თარგამაძე
გაფრთხილება: მურველაშვილი (19), ჩხეტიანი (45), ქავთარაძე (53), შალამბერიძე (60), სვანიძე (72).
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი (თბილისი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული