სეზონი დამთავრდა... გრძელდება

AutoSharing Option
ჩემპიონატი "ოფიციალურად" კვირას დამთავრდა, 26 მაისს საქართველოს თასის ფინალსაც ჩავატარებთ და, წესით და რიგით, სეზონიც დამთავრებულად უნდა გამოვაცხადოთ.

თუმცა, გასარკვევი კიდევ ბევრია: ბოლოს და ბოლოს, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ერთი პლეი-ოფი (დებულების თანახმად) იქნება თუ ორი; ანუ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "სპარტაკი" და "სამტრედია" ჩაატარებენ პლეი-ოფის მატჩებს პირველ ლიგაში III და IV ადგილზე გასულ გუნდებთან და აქედან გამომდინარე, სეზონის სრულად დასრულებამდე სამი ოფიციალური მატჩი გველოდება. ჩვენი ინფორმაციით, უკვე დღეს ყველაფერი უნდა გაირკვეს; იმედი დავიტოვოთ, რომ უახლოეს მომავალში ნათელი
მოეფინება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს - მომავალ სეზონში ჩემპიონატის ფორმატის შეცვლას ვგულისხმობთ. თუმცა "სამარჩიელო" აქაც არაფერია: თითქმის 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატში 12 გუნდი იასპარეზებს!

ჩემპიონატის ახალ ფორმატსა და საერთოდ, გათამაშების სტრუქტურულ ცვლილებებზე კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ; მანამდე კი, XXII ჩემპიონატის დასკვნითი ტურის განსაკუთრებული ფაქტები თუ მოვლენები ვახსენოთ.


ოქროს ფინიში
საქართველოს ახალმა ჩემპიონმა სეზონი მართლაც ამაღლებული განწყობით დაამთავრა, თუმცა "სხვანაირად" ვერც იქნებოდა: "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის შემდეგ "ზესტაფონის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს საჩემპიონო თასი და ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა! ანუ, კვირასაც ზეიმი იყო ზესტაფონში, ისე როგორც 14 მაისს, როცა გია გეგუჩაძის გუნდმა თავის ხანმოკლე ისტორიაში პირველად შეძლო ჩემპიონობის მოპოვება.

უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ და ახლაც სიამოვნებით გავიმეორებთ, რომ საქართველოს მართლაც ღირსეული და დამსახურებული ჩემპიონი ჰყავს; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სეზონის ბოლოსკენ "ზესტაფონი" მართლაც ჩინებული მაჩვენებლით მოვიდა - 22-მატჩიანი წაუგებელი სერია "სახუმარო" საქმე ნამდვილად არ არის. აღარაფერს ვამბობთ "ჩვეულებრივ" ფაქტებზე: უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი "ზესტაფონმა" მოიგო, საკუთარ კარში ყველაზე ნაკლები ბურთი გაუშვა და მეტოქეთა კარში ყველაზე მეტი გაიტანა.

ისე, ბოლო ტურში "ზესტაფონმა" მეტად და მეტად "აუცილებელი" 4 გოლი გაიტანა; ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გუნდმა სეზონი ჩინებული მაჩვენებლით დაამთავრა: 36 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა, ანუ, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2 ბურთი! ისე როგორც მთელმა გუნდმა, სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა ნიკოლოზ გელაშვილმაც - 25 წლის ფორვარდი 18 გოლით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სხვათა შორის, ბოლო სამ წელიწადში გელაშვილი მეორედ გახდა საუკეთესო ბომბარდირი და აქვე, ბარემ იმ ფეხბურთელებსაც შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში მსგავსი მიღწევა რომ ჰქონიათ: ოთარ კორღალიძე, მერაბ მეგრელაძე, ზურაბ იონანიძე, სულიკო დავითაშვილი.


მშვენიერი სტიმული
ბოლო ტურამდე "დინამო" იყო ერთადერთი გუნდი, საკუთარ მოედანზე წაგება რომ არ ჰქონდა; და აი, XXII ჩემპიონატის დაკვნით შეხვედრაში ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე დინამოელები "ტორპედოსთან" დამარცხდნენ (1:2). სხვათა შორის, "დინამოს" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას წინა ორი ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაშიც გადახალისებულ-გაახალგაზრდავებული შემადგენლობა გამოჰყავდა, მაგრამ 2009 და 2010 წლებისგან განსხვავებით, თბილისელებს ამჯერად ბევრად უფრო ძლიერი მეტოქე ჰყავდათ.

ისე, "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემაც სანახევროდ ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა და თასის ფინალის წინ ასეთ ძლიერ მეტოქესთან გამარჯვება ქუთათურთა გუნდისათვის მშვენიერი სტიმულიც უნდა იყოს. ამ შეხვედრაში რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა: უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა მასპინძელთა 18 წლის ნახევარმცველმა ჯამბულ ჯიღაურმა, ხოლო "ტორპედოს" შემადგენლობაში თავი გამოიჩინა გუნდის ახალწვეულმა, 19 წლის ლუკა გუგუჩიამ. თუმცა, გუგუჩიამდე "დინამოს" დამწუხრება "ტორპედოს" გამოცდილმა ფორვარდმა, 30 წლის რევაზ გოცირიძემ მოახერხა, რომელმაც ამ თვეში უკვე 4 გოლი გაიტანა.


დებიუტანტების დღე
ჯიღაურის გარდა, "დინამოს" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 19 წლის ლევან კუხალეიშვილს და საერთოდაც, ეს მატჩი იმითაც იყო "განსაკუთრებული", რომ მასპინძელთა შორის არც ერთ ლეგიონერს არ უასპარეზია!

საერთოდაც, ჩემპიონატის დასკვნითი ტურის თითქმის ყველა მატჩში არაერთი დებიუტანტი გამოჩნდა: "ზესტაფონის" შემადგენლობაში 19 წლის როსტომ გეწაძე ვიხილეთ, ბოლო მატჩებში რუსთაველთა გუნდის სამწვრთნელო შტაბი თამამად ენდობოდა 15-16 წლის ბიჭებს: გიორგი აბურჯანიასა და ლაშა ქოჩლაძის მსგავსად უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა ილია კერძევაძეს, რომელიც... 1996 წელს არის დაბადებული! 15 წლის გახლავთ "ბაიას" ნახევარმცველი ნიკოლოზ ახვლედიანი, რომელმაც ასევე სადებიუტო მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში;

აი, რაც შეეხება ბოლო ტურში "ბაიას" მეტოქეს "სამტრედიას", ეს გუნდი ზუგდიდში, ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობით იყო ჩასული და ახალგაზრდა ფეხბურთელთაგან ერთ-ერთმა, 18 წლის შოთა კერძევაძემ სულაც სადებიუტო გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში. ისე, "ბაია" ვახსენეთ და ამ გუნდის სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც უნდა ვთქვათ: 22 წლის ირაკლი ეხვაიამ სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა, 19 წლის მცველმა ნიკა აფაქიძემ - მესამე, ასევე 19 წლის ირაკლი ქობალიამ კი "დუბლი" შეასრულა და 7 გოლით "ბაიას" საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

ს.კ."ზესტაფონის" პრესსამსახურის ფოტო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული